in

საქართველოს ისტორიაში პირველად ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს!

„საქვეყნო მნიშვნელობის მოვლენა”, „ახდენილი ოცნება”, „საერთაშორისო აღიარება” – ეს და სხვა მსგავსი აზრები ტრიალებს თავში მას შემდეგ, რაც ახალი ამბავი შევიტყვეთ –ქვეყნის ისტორიაში პირველად, მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება! 16 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით, სნოუბორდში, ფრისტაილსა და ფრისკის სახეობებში შეჯიბრს ბაკურიანი უმასპინძლებს.

საქვეყნო მნიშვნელობას მსოფლიო მასშტაბის ღონისძიება სძენს. ასეთი ჩემპიონატის მასპინძელი ხომ ჩვენი ქვეყანა არასდროს ყოფილა. საქართველოს გამორჩეული სამთო კურორტი 2023 წლის მსოფლიო სპორტულ კალენდარში შევა – ეს უკვე დიდი აღიარებაა. ახდენილი ოცნება იმსახურებს უფრო სიუჟეტურად მოყოლას და ამ ამბის ისტორიად გადაქცევას.

ბაკურიანი, როგორც სამთო-სათხილამუროდ მიმზიდველი ზონა

ბაკურიანი რომ ერთ-ერთი საუკეთესო სამთო-სათხილამურო კურორტი იყო, ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის დასაწყისში გამომჟღავნდა. იმ პერიოდის ევროპა სპორტის ამ სახეობით საკმაოდ იყო გატაცებული და მოგზაურობიდან დაბრუნებულმა საზოგადო მოღვაწემ და სპორტსმენმა, გიორგი ნიკოლაძემ, საქართველოში სათხილამურო სპორტის პოპულარიზაცია თავის ოცნებად აქცია. ის იყო პირველი, რომელმაც ბაკურიანში მოთხილამურეები ჩამოიყვანა და ზღვის დონიდან 1700 მეტრზე, პატარა დასახლების ფერდობები დალაშქრა.
ოფიციალურად, ბაკურიანი სათხილამურო ცენტრად 1935 წელს იქცა.

90-იანები და აღორძინება

90-იანები როგორი წლები იყო, ყველამ კარგად ვიცით და ამ ეპოქის სიდუხჭირე ბაკურიანზეც აისახა, თუმცა მისი უზარმაზარი პოტენციალიდან გამომდინარე, მან ეს პერიოდიც გადაიარა და ბოლო ათწლეულია, ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად კურორტად იქცა, განსაკუთრებით მაინც ზამთრის სეზონზე. თუმცა, 90-იანმა წლებმა თავისი მძიმე კვალი მაინც დატოვა. ქართულ სპორტს ნელ-ნელა ჩამოშორდა ზამთრის სახეობები, იყო თაობათა წყვეტა. დასანანი იქნებოდა, რომ ალპებზე მაღალი მთების პატრონ ქვეყანას თავისი მოთხილამურეები აღარ ჰყოლოდა. სათხილამურო ფედერაციამ დაარსების დღიდან მიზნად დაისახა ზამთრის სპორტის სახეობების აღორძინება. ბიზნესის მხარდაჭერამაც არ დააყოვნა. ამ სპორტის დიდი ქომაგი, სილქნეტის დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი, თავისი კომპანიით ბოლო ათ წელზე მეტია ყველა პატარა თუ დიდი შეჯიბრის, ევროპის და მსოფლიო დონის ასპარეზობის მთავარი მხარდამჭერია.

მსოფლიო ჩემპიონატი და მისი მნიშვნელობა

ყველაფერი 2018 წელს, საერთაშორისო კონგრესით დაიწყო, რომელიც საბერძნეთში გაიმართა. ამ დროს მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების ადგილი უნდა შერჩეულიყო. კონკურენტებიც მრავლად ჰყავდა ბაკურიანს. ხმათა უმრავლესობით საქართველომ გაიმარჯვა. ბაკურიანი უძველესი კურორტია, უნიკალური ლანდშაფტი აქვს და მისი რელიეფი იძლევა საშუალებას, რომ აქ ზამთრის ყველაზე ექსტრემალურ სახეობებში ჩატარდეს შეჯიბრი. ეს პოტენციალი კარგად დაინახეს სხვა ქვეყნების წარმომადგენლებმაც, ვინც საქართველოს მხარი დაუჭირა. საქართველოს სათხილამურო ფედერაციისა და მისი გენერალური სპონსორის სილქნეტის მიზანიც ეს იყო – 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატი აქ, საქართველოში, ისტორიულ ბაკურიანში გამართულიყო!

გამოცხადებული ნდობის შემდეგ უკვე დაიწყო მზადება. ერთი ტექსტით ალბათ ამ 5-წლიანი შრომის გადმოცემა ძალიან გაგვიჭირდება, თუმცა ვეცდებით და დანარჩენი თავად წარმოიდგინეთ: სახელმწიფოს თანადგომით, მთის ტრასების სააგენტოს ჩართულობით, აიგო 6 ახალი საშეჯიბრო ტრასა, 3 ახალი საბაგირო, წყლის რეზერვუარები ხელოვნური გათოვლიანებისთვის. მზადყოფნაშია სრული ინფრასტრუქტურა, რაც მსგავსი მასშტაბის ღონისძიების სრულფასოვნად ჩასატარებლადაა საჭირო.

 რას უნდა ველოდოთ ჩემპიონატზე?

ათწლეულის წინ ალბათ ვერავინ იფიქრებდა, რომ ბაკურიანი ამ დონის სპორტული ღონისძიების მასპინძელი გახდებოდა. ოცნება, რომელიც გიორგი ნიკოლაძემ ჩაიფიქრა, თითქმის ერთი საუკუნის მერე ახდება, რადგან ამ ჩანაფიქრს ენთუზიაზმი, შრომა, მხარდაჭერა დახვდა 21-ე საუკუნის საქართველოში.

ჩემპიონატი საზეიმოდ 18 თებერვალს გაიხსნება! შეგიძლიათ თვალი ადევნოთ მსოფლიო ჩემპიონატის კალენდარს და უგულშემატკივროთ პირველ მსოფლიო ჩემპიონატს საქართველოში! საგანგებოდ ამ მოვლენისთვის სილქნეტის მომსახურების ცენტრებში შეგიძლიათ შეიძინოთ მსოფლიო ჩემპიონატისადმი მიძღვნილი აქსესუარებია.

დიდველზე და კოხტა-მიტარბიზე კანადის, იტალიის, შვეიცარიის, საფრანგეთის, იაპონიის და 40-მდე სხვა ქვეყნის ტოპ გუნდები 7 სახეობაში რეიტინგებს გაიუმჯობესებენ. უკვე ცნობილია, რომ საქართველოდან 5 სპორტსმენი იასპარეზებს. საკმარისად ექსტრემალური და მაყურებლისთვის სანახაობრივი ასპარეზობები წლის ყველაზე დასამახსოვრებელი სპორტული მოვლენა იქნება.

დამონტაჟებულ ეკრანებზე, ასევე ფინიშთან, საგანგებოდ მოწყობილ ზონებში, მაყურებელს შეეძლება კომფორტულად ადევნოს თვალი ჩემპიონატის მსვლელობას. მსოფლიო კი საერთაშორისო არხზე, „ევროსპორტი“, პირდაპირი ტრანსლაციით ნახავს ფრისკის, ფრისტაილის, სნოუბორდის ყველა მნიშვნელოვან შეჯიბრს. უცხოურმა მედიამ უკვე გაიარა აკრედიტაცია და ბაკურიანი 2023-ის გაშუქება არა მარტო სპორტის გულშემატკივრების ინტერესს გამოიწვევს, არამედ საქართველოს ბრენდირებას შეუწყობს ხელს მთელ მსოფლიოში.

შესაძლოა არ თვლიდეთ თავს სპორტის გულშემატკივრად, ან მხოლოდ ფეხბურთი და რაგბი იქცევდეს თქვენს ყურადღებას, მაგრამ 2023 წელი საქართველოს ისტორიაში შევა და ამ ისტორიის ნაწილი ყველა გავხდებით.

ნახეთ მოკლე ფილმი, რომელიც ქრონოლოგიურად გვიყვება, თუ როგორ გახდა საქართველო და ბაკურიანი ამ ღონისძიების მასპინძელი.

[R]

შესაძლოა, სავაჭრო ნიშნებთან დაკავშირებული დავები ტვინის სკანირებით გადაწყვიტონ

#სადანროგორ გავერთოთ 10-12 თებერვალს — ღონისძიებების კალენდარი