in

ბაკურიანი „A“ კლასის მსოფლიო ტურნირების მასპინძელი ხდება

როცა მთელ მსოფლიოში ძალიან ბევრი ზამთრის ღონისძიება გაუქმდა პანდემიის გამო, საქართველოს ისტორიული კურორტი ბაკურიანი ორი „A“ კლასის ღონისძიების მოლოდინშია. ორ თვეზე მეტია, აქ მოსამზადებელი სამუშაოები წარმოებს. საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის წარმომადგენლების ჩართულობით, ტრასების ფინალურ ეტაპზე მშენებლობა მიმდინარეობს.

„ყველა ღონისძიება FIS-ის მიერ შემუშავებული COVID-19 პროტოკოლის, წესებისა და რეგულაციების მკაცრი დაცვით ტარდება. სამწუხაროდ, წლევანდელ მნიშვნელოვან და სანახაობრივ ეტაპებზე მაყურებელი დასწრებას ვერ შეძლებს, თუმცა, ყოველი დღის შეჯიბრების ტრანსლირება მოხდება სხვადასხვა არხით, მათ შორის „სილქუნივერსალის“ მეშვეობით“.

26, 27 და 28 თებერვალს ბაკურიანი „სკი-ქროსის“ მსოფლიო თასის ეტაპი ჩატარდება.  წლევანდელი შეჯიბრება განსაკუთრებული იქნება, რადგან ბაკურიანი შერეული ნაკრების გუნდურ შეჯიბრებას მსოფლიო თასის ფარგლებში პირველად მასპინძლობს. ამ დისციპლინაში მონაწილეობის მისაღებად, ბაკურიანში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 120-მდე სპორტსმენს ელოდებიან.

ბაკურიანისთვის 2021 წლის სეზონი საკმაოდ დატვირთული იქნება: 3,4 და 5 მარტს აქ ასევე  სნოუბორდ-ქროსის მსოფლიო თასის ეტაპები ჩატარდება.

პანდემიის გამო, ბევრი სირთულის წინაშე აღმოვჩნდით, ძირითადად, ლოჯისტიკური თვალსაზრისით. მოგეხსენებათ, რომ ფედერაცია, ყოველწლიურად ადგილობრივ ეტაპებს ატარებს საქართველოს ყველა სამთო კურორტზე და ახალგაზრდა ქართველი სპორტსმენებისთვის ამ ეტაპებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. წელს ამ ღონისძიებების გაუქმება მოგვიწია. ასევე, დასანანია, რომ ქართველმა სპორტსმენებმა წელს ვერ შეძლეს საზღვარგარეთ გამგზავრება და რეიტინგული ქულების დაგროვება. ბევრ ქვეყანაში შეჯიბრებები არც კი ჩატარებულა.– ამბობს საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ კოსტავა.

საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ კოსტავა

ბაკურიანსა და გუდაურში ბოლო სამი წლის განმავლობაში მსოფლიო თასის ეტაპები ტარდება და ყოველ ჯერზე საკმაოდ დადებით შეფასებას იმსახურებთ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის წარმომადგენლებისგან.  რა ტურნირებია ეს და როგორ ემზადება ფედერაცია 2023 წელს, ბაკურიანში სათხილამურო ფრისტაილის და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატისთვის?

2023 წლის ჩემპიონატამდე გვაქვს სხვადასხვა დისციპლინაში მსოფლიო თასის ეტაპების ჩატარების ვალდებულება. მიუხედავად პანდემიისა, წლევანდელი წელი არაა გამონაკლისი. უცხოელი კოლეგების მიერ სპეციალურად შედგენილი კოვიდ პროტოკოლის მიხედვით მაღალ დონეზე ვუმასპინძლებთ  26, 27 და 28 თებერვალს ბაკურიანში, „სკი-ქროსის“ მსოფლიო თასისთვის სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ სპორტსმენებს.  

2023 წლის ჩემპიონატისთვის განკუთვნილი ლოკაცია – ბაკურიანი – საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციამ, FIS-მა შეარჩია, თუმცა ჩვენ განაცხადი ბაკურიანსა და გუდაურზე გვქონდა გაკეთებული და ახლაც გამოვხატავთ სურვილს ჩვენი მხრიდან, რომ წინასწარ გაცხადებული კალენდრით, ჩემპიონატამდე, ეტაპები გუდაურშიც გაიმართოს, თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია FIS-ის საბოლოო გადაწყვეტილებაზე.

ბოლო წლებში ბაკურიანი საგრძნობლად განვითარდა და 2023 წლამდე კი უფრო მეტად დააკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნებს. ბაკურიანი, როგორც ახალი და მიმზიდველი ზამთრის კურორტი 2025 ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალსაც უმასპინძლებს. ამ ეტაპზე ბევრი დეტალი დასაზუსტებელია, თუმცა ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს საერთაშორისო ღონისძიებები კიდევ უფრო პოპულარულს გახდის ჩვენს ქვეყანას. ამ დონის  სპორტული ღონისძიებების ორგანიზება მნიშვნელოვანი იქნება საქართველოში ზამთრის სხვადასხვა სახეობის განვითარებისთვის, რადგან ის სტანდარტები, რომლის მიხედვითაც უნდა ჩატარდეს ტურნირები,  გამოადგება ქვეყანას, სპორტსმენებს, ადგილობრივ მოსახლეობას და იმ სპეციალისტებს, რომლებსაც მოუწევთ ტრასების ინფრასტრუქტურაზე მუშაობა.

 ჩვენი ქვეყანა და სამთო კურორტები თავისი მონაცემებით პრაქტიკულად  უტოლდება ავსტრიას, შვეიცარიას და ყველა იმ  ქვეყანას, სადაც უმაღლესი დონის ჩემპიონატები ტარდება. ის, რომ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაცია, მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული და ავტორიტეტული სუბიექტი, ნდობას უცხადებს ერთის მხრივ საქართველოს სახელმწიფოს და მეორეს მხრივ სათხილამურო ფედერაციას, უაღრესად საამაყოა და ამავე დროს უდიდეს პასუხისმგებლობას გვაკისრებს.

მოხარულები ვართ, რომ ჩვენს გენერალურ სპონსორთან,  „სილქნეტთან ერთად“, სამთო სათხილამურო ფედერაცია უკვე ამ მასშტაბის ღონისძიებებს ატარებს. ფედერაციისა და კერძო ბიზნესის მრავალწლიანმა ურთიერთობამ სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანა სპორტის ზამთრის სახეობა ჩვენს ქვეყანაში. ახლა უნდა ვაჩვენოთ მსოფლიოს ჩვენი მზადყოფნა, საქმისადმი სიყვარული, ჩვენი კურორტების უპირატესობა, ორგანიზატორების გუნდურობა და პროფესიონალიზმი, რომ მსოფლიოს სათხილამურო ოჯახის  წევრობის სტატუსი ღირსეულად ვატაროთ“.

 

[პარტნიორის კონტენტი]

Filmmaker.ge მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმებისთვის იდეების კონკურსს აცხადებს

მედიკამენტები სიმბოლურ ფასად – 1 ლარად