1
Apr
2019

როგორ დააკავშირა “ბაკურიანმა” წყლის ბიზნესი კოსმეტიკურ ინდუსტრიასთან?

1 Apr 2019

ქართულ კოსმეტიკურ ბაზარზე “ბაკურიანის” მინერალური წყლის სპრეი რამდენიმე დღეა, რაც გამოჩნდა. პროდუქტს გამაჯანსაღებელი და მატონიზებელი დანიშნულება აქვს. სპრეი იწარმოება ჩეხეთში,  კომპანია Czech Aerosol,  მიერ. პროდუქტის ვიზუალურ ნაწილზე,  კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს დიზაინერმა ანი ჭოღოშვილმა იმუშავა.  მინერალური წყლის სპრეი, “IDS ბორჯომის” ისტორიაში, პირველი განსხვავებული კონცეფციის პროდუქტია. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, პროდუქტი ჯერ დიდ სუპერმარკეტებში, შემდეგ კი, აფთიაქებში, თავის მოვლის საშუალებების განყოფილებაში, გაიყიდება. რას შეიძლება ნიშნავდეს კომპანიის კოსმეტიკური პროდუქტით დაინტერესება? მოსალოდნელია თუ არა, რომ წყლის ბრენდი კოსმეტიკურ ინდუსტრიაშიც ჩაერთოს? რამდენად პასუხობს მინერალური წყლის სპრეი ბაზრის მოთხოვნებს? ამ კითხვებით “ბაკურიანის” ბრენდ მენეჯერს, სალომე ბეჟიტაშვილს, მივმართეთ.

M: რას უკავშირდება მინერალური წყლის სპრეის გამოშვება? მაგალითად, წყლის ბიზნესიდან თავის მოვლის ინდუსტრიაში გადასვლას?

რა თქმა უნდა, ჩვენ ვრჩებით წყლის ინდუსტრიაში. ასევე, როგორც მინერალური წყლების ბაზრის უპირობო ლიდერი, ჩვენ მუდმივად ვთავაზობთ მომხმარებლებს სიახლეებს და ვცდილობთ ბაზრის განვითარებას. ახალი პროდუქტი სწორედ ამის დასტურია.

თავისი შემადგენლობით, „ბაკურიანი“ საუკეთესოა ორგანიზმში წყლის ბალანსის აღსადგენად. ის ბუნებრივი საშუალებაა სილამაზის  და ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად. აქედან გამომდინარეობს ჩვენი მთავარი საკომუნიკაციო გზავნილიც – „შენ გრძნობ, სხვები ამჩნევენ“.

„ბაკურიანის“ მინერალური წყლის სპრეის საშუალებით კი ჩვენი  მომხმარებელი, უკვე გარედანაც შეძლებს კანის დატენიანებას და გარეგნობაზე ზრუნვას.

M: რა საჭიროებამ განაპირობა ამ ახალი პროდუქტის შექმნა?

მინერალური წყლის სპრეის სახით გამოშვება მსოფლიოში აპრობირებული პრაქტიკაა და ძალიან გვინდოდა სიახლე ქართველი მომხმარებლისთვისაც შეგვეთავაზებინა. თავდაპირველად, წყაროს წყალი „ბაკურიანი“, გავაგზავნეთ ჩეხეთში, კომპანიაში რომელსაც ამ სფეროში მუშაობის 50 წლიანი გამოცდილება აქვს.  Eurofins CZ.s.r.o-მ ჩაატარა კვლევა და პროდუქტი Colipa – The European Cosmetic and Perfumery Association -ის გაიდლაინით შეაფასა, რის შემდეგაც, მივიღეთ დადებითი პასუხი და დავიწყეთ წარმოების პროცესი. „ბაკურიანი“ თავისი დაბალი მინერალიზაციით, საუკეთესოა სპრეისთვის. მისი გამოყენება შესაძლებელია დანიშნულების გარეშე და იდეალურია ნებისმიერი ტიპის კანისთვის.

M: პროდუქტი ლიმიტირებული სერიითაა გამოშვებული თუ მუდმივად იქნება ბაზარზე?

„ბაკურიანის“ მინერალური წყლის სპრეი ქართული ბაზრისთვის შექმნილი ახალი პროდუქტია, რომელიც უკვე გაყიდვაშია.  პირველ ეტაპზე „ბაკურიანის“ მინერალური წყლის სპრეი, წარმოდგენილი იქნება დიდ სუპერმარკეტებში, მოგვიანებით კი  აფთიაქებში, თავის მოვლის საშუალებებისთვის განკუთვნილ განყოფილებებში. ამ ეტაპზე წარმოდგენილია მხოლოდ 150 მლ-იან შეფუთვაში, სამომავლოდ იგეგმება 50 მლ-იანი შეფუთვის დამატებაც.

“ბაკურიანის” ახალი პროდუქტის გამოშვება შეაფასა ბიზნეს ექსპერტმა თენგო ლომიტაშვილმა:

თენგო ლომიტაშვილი

“ეს არის სპეციფიკური ბაზარი და არამასობრივი მოხმარების პროდუქტი. არ მგონია, რომ ქართული ბაზარი საკმარისად დიდი იყოს ამისთვის და კომპანიას ამის ილუზია ჰქონდეს. სხვა საკითხია, თუკი, საერთაშორისო კოსმეტიკურ ბაზარზეა გათვალისწინებული.

მაინც, ვთვლი, რომ მისასალმებელია ნებისმიერი ახალი ინოვაციური პროდუქტი, რომელსაც საფუძვლად უდევს უკვე არსებული საწარმოო ნედლეული, მაგრამ განსხვავებულ კატეგორიაშია. სპრეი წყლის კატეგორია არაა, თუმცა, ძირითადი ინგრედიენტი მაინც ის ნედლეულია, რასაც კომპანია უკვე იყენებს. რეალურად, კოსმეტიკური ბრენდის გამოშვება თავად ახალი პროდუქტის პოპულარიზაციას უფრო შეუწყობს ხელს, ვიდრე “აიდიეს ბორჯომის” ცნობადობის გაზრდას (თუმცა არც ავნებს).”

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

განხილვა