in

როგორ შევქმნათ ბალანსი ჩვენს პირად და და პროფესიულ მიზნებს შორის?

მარი კიური მეცნიერების ისტორიაში განსაკუთრებული ფიგურაა – ქალი, რომელმაც ორჯერ მოიპოვა ნობელის პრემია ქიმიასა და ფიზიკაში და ამავდროულად სამაგალითო დედაც იყო. მეუღლის, პიერ კიურის ნაადრევი გარდაცვალების შემდეგ, მან მარტომ გაზარდა ორი პატარა გოგონა. შესაძლოა, მართლაც უწევდა არჩევანის გაკეთება მეცნიერულ კარიერასა და დედობრივ როლს შორის, თუმცა მისი ცხოვრება მოწმობს, რომ ეს ორი მიმართულება ჰარმონიულადაც შეიძლება თანაარსებობდეს. ის შვილებს მეცნიერების სამყაროში შეუძღვა და შედეგად, მისი უფროსი შვილიც ნობელის პრემიის მფლობელი გახდა ქიმიაში.

თანამედროვე ადამიანი ხშირად ერთდროულად რამდენიმე მიზანს მისდევს, რაც უკავშირდება ოჯახს, ჯანმრთელობას, დასვენებას, საზოგადოებრივ ჩართულობასა და კარიერას. თითოეული მათგანი განსაზღვრავს პიროვნულ იდენტობას, ხოლო რომელიმეზე უარის თქმა საკუთარი თავის ნაწილის დაკარგვას ჰგავს. თუმცა ახალი კვლევა აჩვენებს, რომ ამ მიზნებს შორის მუდმივი დაძაბულობა აუცილებელი არ არის. სამუშაოსა და პირადი ცხოვრების ბალანსი შეიძლება ჰარმონიულად იყოს განცდილი და არა მუდმივ დაპირისპებად, ის შეიძლება მრავალხმიან სიმფონიას წააგავდეს.

კვლევამ, რომელიც 10 ქვეყანაში ჩატარდა, აჩვენა, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, როგორ აღიქვამენ ადამიანები თავიანთი მიზნების ურთიერთდამოკიდებულებას. ისინი, ვინც ყველაზე მეტ ჰარმონიას განიცდიან, მიზნებს შორის კავშირებს ორ ძირითად გზას ხედავენ: ან აცნობიერებენ, როგორ უწყობს ერთი მიზანი მეორეს ხელს (მაგალითად, კარიერული წარმატება მოგზაურობის დაფინანსებას აადვილებს), ან თვლიან, რომ ერთი მიზნის შესრულება მეორეს ამდიდრებს და ავსებს (მაგალითად, დასვენება ენერგიას აღადგენს და მუშაობისთვის ამზადებს).

კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც საკუთარ მისწრაფებებს შორის კავშირებს ხშირად ამჩნევენ, უფრო მოტივირებულები და პროდუქტიულები არიან, ნაკლებად განიცდიან სტრესსა და გადაღლას და მომავლისადმი უფრო ოპტიმისტურად არიან განწყობილნი. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს უნარი განვითარებადია.

ერთ-ერთ ექსპერიმენტში მონაწილეებს სთხოვეს ეფიქრათ, როგორ უკავშირდებოდა მათი სამუშაო დასვენებას, ჯანმრთელობა ფინანსებს, ან ოჯახი საზოგადოებას. მათ, ვინც ამ კავშირებზე იფიქრა, ჰარმონიის შეგრძნება 22%-ით გაუმჯობესდათ იმ ჯგუფთან შედარებით, რომელმაც მხოლოდ მიზნებს შორის შესაძლო კონფლიქტებზე იფიქრა.

სხვა კვლევაში მონაწილეებს სთხოვეს ეპოვათ ისეთი ქმედებები, რომლებიც ერთდროულად რამდენიმე მიზანს ემსახურებოდა. ერთმა კლიენტების მომსახურების თანამშრომელმა შენიშნა, რომ კლიენტების უკეთ გაცნობა არა მხოლოდ პროფესიულ განვითარებას უწყობდა ხელს, არამედ ადამიანების ბუნების უკეთ გაგებასაც – მათ შორის, ტელევიზიის გამოგონილი პერსონაჟების. ამ ჯგუფის წევრებმა 12%-ით მეტი ჰარმონიის შეგრძნება დააფიქსირეს.

კვლევის ავტორები გვირჩევენ, რომ ადამიანები ჩამოწერონ თავიანთი მთავარი ცხოვრებისეული მიზნები და ის აქტივობები, რომლებიც მათ მისაღწევად ესაჭიროებათ. შემდეგ ეძებონ მიზნებს შორის კავშირები – ზოგჯერ ერთი მიზანი მეორეს პირდაპირ წინ წასწევს, ზოგჯერ კი ისინი ურთიერთშევსებით ცხოვრებას უფრო აზრიანს ხდიან. ასევე შესაძლებელია აღმოჩნდეს, რომ ერთი და იგივე აქტივობა ერთდროულად რამდენიმე მიზნის მიღწევას ემსახურება.

ჰარმონია მხოლოდ პირად ძალისხმევაზე არ არის დამოკიდებული – კულტურაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს. მაგალითად, კოლექტივისტურ კულტურებში ადამიანებს ბავშვობიდან ასწავლიან, რომ მიზნები ურთიერთდაკავშირებულია და არ არის აუცილებელი მათ შორის კონკურენცია.

მიზნებს შორის ჰარმონია ზრდის მოტივაციას, რადგან ერთი მიზნისკენ სწრაფვა სხვასაც ამაგრებს. მაგალითად, რეგულარული ვარჯიში, რომელსაც ენერგიის შესანარჩუნებლად მიმართავენ, კარიერულ მიღწევებზეც დადებითად აისახება.

ჰარმონია ასევე ამცირებს სტრესსა და დროის ზეწოლას. მონაწილეები, რომლებიც მიზნებს შორის კავშირებზე ფიქრობდნენ, უფრო მშვიდად და მოტივირებულად გრძნობდნენ თავს და ყოველდღიური მოლოდინიც უფრო პოზიტიური ჰქონდათ.

კვლევამ სამუშაო სივრცეშიც დააფიქსირა დადებითი ეფექტი. როცა მონაწილეებს დააფიქრებინეს, როგორ უწყობდა კოლეგის დახმარება მათ პროფესიულ განვითარებას ხელს, ისინი უფრო მონდომებით მუშაობდნენ – სხვებისთვის 17%-ით მეტი შედეგი ჰქონდათ, საკუთარი შესრულების ხარისხის შენარჩუნებით. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხელმძღვანელებისთვის: თუ გსურთ მენტორობის კულტურის გაძლიერება, თანამშრომლებს უნდა დაანახოთ, რომ სხვისი განვითარება მათი პირადი ზრდის ნაწილია.

კომპანიები, რომლებიც ქმნიან მოქნილ სამუშაო გარემოს, უკვე უწყობენ ხელს თანამშრომლების პროფესიულ და საოჯახო მიზნებს შორის ჰარმონიას, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი რამ არის შესაცვლელი – მაგალითად, ფეხით სეირნობა, გარე შეხვედრები ან ისეთი სოციალური აქტივობები, რომლებიც პროფესიულ, ჯანმრთელობისა და ურთიერთობების მიზნებს აერთიანებს.

მარი კიური სწორედ ამ ჰარმონიის ნათელი მაგალითია – მან კარიერა და ოჯახი არ დააპირისპირა, არამედ ისე მოაწყო, რომ ერთმა მეორეს გაეძლიერებინა. მისი ცხოვრება გვახსენებს, რომ ყველაზე შთამბეჭდავი მიღწევები იქმნება მაშინ, როცა მიზნებს ერთმანეთში ვქსოვთ და ერთიან ამბად ვაქცევთ.

წყარო: HBR



უილემ დეფო ვერ იგებს, როგორი გემო აქვს Laphroaig-ს

აგროჰაბის ახალი ფილიალი, გლდანში, ქერჩის ქუჩაზე გაიხსნა