ვისაც საბუღალტრო პროგრამა „ბალანსის“ ძველი ლოგო გინახავთ, გემახსოვრებათ სპილო, რომელიც ბურთზე ბალანსირებს. განახლებულ ლოგოში ბრენდის სათქმელი და მთავარი პერსონაჟი იგივე რჩება, თუმცა, კონცეფცია უფრო თანამედროვე და გამარტივებული ფორმებით არის გამოცემული.
„ჩვენს ახალ ლოგოში ბალანსის კონცეფციას ინი და იანის იდეით გამოვხატავთ. ამ სიმბოლოს მრავალი ინტერპრეტაცია არსებობს: სინათლე და სიბნელე, სიკეთე და ბოროტება, თუნდაც ჩვენს შემთხვევაში, ბუღალტრული დებეტი და კრედიტი. იდეა ყველგან ერთია, ინი და იანი არ უპირისპირდებიან, პირიქით, ავსებენ ერთმანეთს. მაგალითად, სინათლე და სიბნელე ურთიერთსაპირისპირო ცნებებია, თუმცა, უერთმანეთოდ ვერ იარსებებენ. ბუღალტერიაშიც რომ დავბრუნდეთ, ნებისმიერ ოპერაციას ორი მხარე აქვს: როცა ერთი ელემენტი მიდის დებეტში, იგივე მოცულობის მეორე ელემენტი მიდის კრედიტში და ისინი ერთმანეთს აბალანსებენ. ბალანსს კი მივყავართ სრულყოფილებამდე. რაც შეეხება სპილოს, ის არის ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი და სანდო ცხოველი, რომლისთვისაც გარშემომყოფების სიყვარული მნიშვნელოვანია. ის მარტო ვერ იცხოვრებს და მზადაა, სხვა სპილოების ან ადამიანების სიყვარულის და მეგობრობის მოსაპოვებლად ბევრი იშრომოს“, – განმარტავს „ბალანსის“ გუნდის ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი მარიამ მამულია.
მისივე თქმით, სურდათ ამ ლოგოში სიძლიერისა და სისუსტის ერთიანობა გადმოეცათ.
„ბალანსი კომპანია BDO-ს საავტორო პროდუქტია, ის უკვე 4 წელია ქართულ ბაზარზეა. ამ წლების განმავლობაში პროგრამა იზრდება, ძლიერდება და იხვეწება. მაგრამ ეს მხოლოდ ერთი მხარეა. ბრენდები ხშირ შემთხვევაში არ აღიარებენ თავიანთ სისუსტეებს და ამბობენ, რომ მათ მხოლოდ ძლიერი მხარეები აქვთ. მომხმარებლებს ასეთი ბრენდების არ სჯერათ. მათთვის გულწრფელობა დასაფასებელია. „ბალანსი“ არის ბრენდი, რომელიც ამ გულწრფელობით იწვევს მომხმარებლის ნდობას. ჩვენ არ ვუშინდებით იმის აღიარებას თუ რაიმეს დახვეწა სჭირდება, ეს კი ნიშნავს მუდმივ განვითარებას, წინსვლას. სწორედ ამის თქმა გვინდა ინი და იანის კონცეფციით“.
ბრენდის ფერი იყო და დარჩა ლურჯი, რომელიც გამოხატავს მშვიდობას და სტაბილურობას, ეფექტურობას ადა დაცულობას. სპილო კი სიძლიერისა და სანდოობის სიმბოლოა. რაც შეეხება ფორმებს, ბრენდი ირჩევს მინიმალიზმს და სათქმელს მარტივი და ადვილად დასამახსოვრებელი ფორმებით გადმოგვცემს.
“შეგახსენებთ, „ბალანსი“ არის პირველი ქართული საბუღალტრო პროგრამა ქლაუდზე, რომელშიც ერთ სისტემაშია თავმოყრილი საოპერაციო და ბუღალტრული აღრიცხვა და მენეჯერული რეპორტები”.
[R]