in

“გავყიდეთ ძველი მანქანა და ჩვენი ხელით ავაშენეთ პატარა ფარდული” – ამბავი Balance-ზე

Startauperi
Startauperi

“ჯარიდან დაბრუნების შემდეგ, როცა უკვე სწავლაც დასრულებული მქონდა და საქმის გაკეთება მინდოდა, მე და ჩემმა მეგობარმა კონსტანტინემ, ერთობლივად დავიწყეთ – გავყიდეთ ძველი მანქანა და თბილისში, საკუთარ ეზოში, ჩვენი ხელით ავაშენეთ პატარა ფარდული, რომელიც 18 კვადრატულიც არ იყო.”

თედორე ბურჯალიანი

“ბალანსის” ამბავი რაღაც ახლის ძიებისა და შექმნის დაუცხრომელი სურვილით დაიწყო. ჯარის მეგობრები, თედორე ბურჯალიანი და კონსტანტინე ასანიძე შემოქმედებითი ექსპერიმენტების ხანგრძლივ სერიას ერთად შეუდგნენ, რაც სამომავლოდ, ფართო საზოგადოებისთვის უნდა შეეთავაზებინათ. ფიქრობდნენ, რომ პროდუქტი, პირველ რიგში, კომფორტული, ლამაზი და თან ყველა ოჯახისთვის საჭირო ყოფილიყო. საბოლოოდ, შექმნეს ტრანსფორმერი საუთოო მაგიდები – ნახატი, რომელიც ხელის ერთი მოძრაობით იქცეოდა საუთოო მაგიდად. საქმემ გაამართლა და  უკვე სამი წელია, რაც ფარდულში დაწყებული ექსპერიმენტი თანდათან ბიზნესად გარდაიქმნა. საწარმო, სახელწოდებით “ბალანსი”, დღეს, ხელოვნებასა და საყოფაცხოვრებო ნივთებს ერთ პრაქტიკულ კონცეფციაში აერთიანებს.

თედორე მექანიკის ინჟინერია. როგორც თავად ამბობს, ორიგინალური პროდუქტის შექმნის ინტერესი სულ ჰქონდა. არც ხელოვნება ყოფილა მისთვის უცხო. სწავლის დასრულების შემდეგ, საბერძნეთში წავიდა, სადაც პროგრამული მართვის დანადგარებთან მუშაობდა. სამშობლოში დაბრუნებულმა, სავალდებულო ჯარში, კონსტანტინე გაიცნო.

კონსტანტინე ასანიძე

კონსტანტინე ასანიძე: “თავიდან უბრალოდ, თავშესაქცევად ვაკეთებდით. არც გვიფიქრია, რომ აქედან სერიოზული ბიზნესი გამოვიდოდა. ერთად ვექსპერიმენტობდით ხელოვნების მიმართულებით, სანამ იმას არ მივაგენით, რასაც ახლა ვაკეთებთ. 90-იანების ბავშვები ვართ, “ტომი და ჯერის” თაობა. იქ იყო ერთი მომენტი, ბებია ხომ გახსოვთ, მხოლოდ ჩუსტები რომ ჩანს, აი, ის მიდიოდა კედელთან და საუთოო მაგიდას კიდებდა. მაქედან მოგვაფიქრდა, შეგვექმნა პრაქტიკულისა და ესთეტურის კომბინაცია და საუთოო მაგიდას დეკორაცია დავუმატეთ.

ხელოვნების მიმართ ინტერესი ბავშვობიდან გვქონდა, თედორე, ძირითადი პროფესიის გარდა, პარალელურად, თოიძეში სწავლობდა. მე დამოუკიდებლად ცხოვრება 19 წლისამ დავიწყე და 26 წლამდე რკინიგზაში ვმუშაობდი. როდესაც ამ საქმეს სერიოზულად შევუდექით, სამსახურიდან წამოვედი და მას შემდეგ, სამი წელია ამ ფერხულში ვართ ჩაბმული.”

M: პირველი ტრანსფორმერები როგორ გაყიდეთ?

არსებობს სახლში ისეთი ნივთები, რომლებსაც სჭირდებათ, ასე ვთქვათ, “შეფუთვა” – ინტერიერში ხომ ესთეტური ნივთების განლაგებას ვცდილობთ. რომ ვიფიქრეთ, რა შეიძლება გარდაგვექმნა დეკორატიულ ატრიბუტად, აზრად მოგვივიდა პირველი ექსპერიმენტი საუთოო მაგიდაზე ჩაგვეტარებინა.

პირველი ნიმუში სარკის ფასადით დავამზადეთ და ოჯახის წევრებს ვაჩუქეთ. გვაინტერესებდა მათი შეფასება და როდესაც ნამუშევარმა ყველასგან მოწონება დაიმსახურა, გავაგრძელეთ ამ პროდუქტზე მუშაობა. თანდათან დავხვეწეთ, ფასადზე ნელ-ნელა, დავამატეთ ხელოვნების ნიმუშები.

გაყიდვაზე რომ დავფიქრდით, დავიწყეთ უფასო რეკლამის რესურსების ძიება. რამდენიმე ვებგვერდზე დავდეთ საცდელად. მაშინ არც კომპანია გვქონდა, არაფერი – უბრალოდ, ვცადეთ და ისეთი გამოხმაურება მოყვა, კომპანიის შექმნის ეტაპამდეც მივედით.

M: რა არის თქვენთვის ამ საქმის კეთების მთავარი მოტივაცია?

საქართველოში, ჩვენ ყველაფერს, ძირითადად, იმპორტით ვყიდულობთ. შესაბამისად, ფინანსები გაედინება ქვეყნიდან. მასალებიც, რასაც ვიყენებთ, ყველაფერი შემოდის საზღვარგარეთიდან. გვინდოდა, დავხმარებოდით ჩვენ თავსაც და ჩვენს ქვეყანასაც ადგილობრივი წარმოების გაძლიერებით, რის გარეშეც, ისევე, როგორც სოფლის მეურნეობის გარეშე, ძალიან უჭირს ჩვენს სამშობლოს.

M: პირველი მარცხი…

სანამ ტრანსფორმერ მაგიდებამდე მივიდოდით, თავიდან ხის კიბეებს ვაკეთებდით. ვფიქრობდით, ბაზარზე არსებული ანალოგები საკმაოდ ძვირი იყო და შესაბამისად, ნაკლებად ხელმისაწვდომიც. თუმცა, არც მასალა მოგვეწონა და კარგი მასალა იმდენად ზრდიდა თვითღირებულებას, რომ იდეა ნაკლებად ეფექტური აღმოჩნდა. შემდეგ, ხის სათამაშოების დამზადება დავიწყეთ, პროგრამულ ჩარხებზე. საყვავილეებს ვქმნიდით, მაგიდებს – ყველაფერში შეგვქონდა შემოქმედებით დატვირთვა – მაგალითად, ორნამენტები…

M: დღეს, სად ან როგორ ყიდით ტრანსფორმერ საუთოო მაგიდებს?

ძირითადი გაყიდვის არხი, ამ დრომდე, Facebook-ია. დღეს, უკვე, შეკვეთას ვაგზავნით არამხოლოდ მთელი საქართველოს მასშტაბით, არამედ გვქონდა რამდენჯერმე შემთხვევა, როცა შეგვიკვეთეს საბერძნეთიდან, იტალიიდან, ისრაელიდან…

M: სახელი “ბალანსი” როგორ შეარჩიეთ?

სახელზე დიდხანს ვიფიქრეთ. ბალანსი ყველაფერს სჭირდება. ისეთი სიტყვაა, რომელიც დადებით შეგრძნებას იწვევს, თანაც, ჩვენს საქმეშიც მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს – თუ ბალანსი არ არის, პროდუქტი ხარისხიანი ვერ გამოვა. ამავდროულად, საექსპორტოდ, ვფიქრობ, გამოსადეგი სახელია.

M: ლოგო სიმბოლურად რას გამოხატავს?

ლოგო გამოხატავს მიწის, წყლის, ჰაერისა და ცეცხლის ბალანსს, რომელიც სახლშია გაერთიანებული. ვფიქრობთ, ჩვენი ნამუშევრებიც, ამ სტიქიის კომბინაციით იქმნება, ამიტომ შეეფერება ჩვენს საქმიანობას.

M: შეაფასეთ, როგორ განვითარდით ამ სამი წლის განმავლობაში?

ამ სამი წლის განმავლობაში, პროდუქტი დაიხვეწა, ვიზუალურადაც და კონსტრუქციის თვალსაზრისითაც. ამ დროის მანძილზე, დავაფუძნეთ და განვავითარეთ კომპანია. ფარდულიდან გადავინაცვლეთ სხვა მისამართზე. ჩვენ გვერდით მუშაობენ მეგობრები და ერთმანეთს ვეხმარებით ყველაფერში. მე ვუძღვები ვიზუალურ მასალას, კონსტანტინეს მომარაგება და მოლაპარაკებები აბარია, მეგობრებს – გიორგისა და ლევანს წარმოება აბარიათ, თაკოს კი – მარკეტინგი.

თავიდან მარტო მე და კონსტანტინე ვიყავით და მასალის მოძიებას, წარმოებას, ინტერნეტში ატვირთვას ვაკეთებდით მინიმალური სახსრებით. შემდეგ, როცა გავფართოვდით, დავიწყეთ გაყიდვების ახალი საშუალებების მოძიება, მაგალითად, პროდუქციის მაღაზიაში განთავსება.

M: კარანტინის პერიოდი როგორ აისახა “ბალანსზე”?

ახლა, პანდემიამ ძალიან იმოქმედა ფინანსურად, მით უფრო, რომ ყველა გადასახადის გადახდა გვიწევდა, საშემოსავლოს შეღავათის გარდა. ამას გარდა, კარანტინის დასრულების შემდეგ, ბაზარზე მასალები გაძვირებული დაგვხვდა და არც ისე მარტივია იმ დაბალი მარჟის შენარჩუნება, როგორც აქამდე ვმუშაობდით. იმისათვის, რომ პანდემიისშემდგომ რეალობას მოვერგოთ და გავამრავალფეროვნოთ არჩევანი, 4-5 საათით გავზარდეთ სამუშაო დრო და ინტენსიურად ვმუშაობთ ახალი კონცეპტუალური ნივთების შექმნაზე. ყოველი ნიმუში ჩვენთვის ხელოვნებაა. საუთოო მაგიდების გარდა, ვამზადებთ პოსტერებს, საყვავილეებს და სამომავლოდ, ვაპირებთ კიდევ დავამატოთ არტ-კონცეფციის მქონე პროდუქტები.

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

როგორ დავძლიოთ შეცდომის დაშვების შიში?

Young Lions Live-ის გამარჯვებულები – ვინ მიდის კანში 2021 წელს?!