in

დაბალანსებული კვების მნიშვნელობა ჩვენს ცხოვრებაში

ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისას დაბალანსებულ კვებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ეს გულისხმობს სხეულისთვის იმ საჭირო საკვები ნივთიერებების/ვიტამინების მიწოდებას, რომლებიც მას გამართულად ფუნქციონირებისთვის სჭირდება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საჭიროების შემთხვევაში, დაბალანსებული კვება ხელს უწყობს წონის კლებას, წონის შენარჩუნებას და ქრონიკული დაავადებების არიდებას, როგორებიცაა: დიაბეტი, გულსისხლძარღვთა პრობლემები და სხვა, ასევე, ჯანსაღი კვება ხელს უწყობს კიბოს პრევენციას. 

ამ დროს მნიშვნელობა ენიჭება კალორიების სწორად გადანაწილებას და მრავალფეროვან კვების რაციონს, რომელიც დატვირთული იქნება ხილით, ბოსტნეულით, მარცვლეულით და ცილებით.

კალორიები

კალორია საკვებში ენერგიის შემცველობის მაჩვენებელია. საკვების მიღების შემდეგ კალორიები იწვება სიარულის, ფიქრის ან სუნთქვის დროსაც კი. სხეულის წონის შესანარჩუნებლად, საშუალოდ, ადამიანს დღეში დაახლოებით 2000 კალორიის მიღება სჭირდება. ზოგადად კი, მისაღები კალორიის დღიური დოზა დამოკიდებულია ადამიანის სქესზე, ასაკსა და ფიზიკურ დატვირთვაზე. ასევე, როგორც წესი, კაცებს უფრო მეტი კალორიის მიღება სჭირდებათ, ვიდრე ქალებს. ადამიანებს, რომლებიც ვარჯიშობენ, უფრო მეტი კალორიის მიღება სჭირდებათ.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ კალორიების წყარო ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მათი რაოდენობა. არსებობს საკვები, რომლებიც ე.წ „ცარიელ კალორიებს” შეიცავს და მათ რაიმე კვებითი ღირებულება არ გააჩნიათ. მაგალითად, ასეთია: კარაქი, ფუნთუშა, ნამცხვრები, ენერგეტიკული, სასმელები, ნაყინი, პიცა და ა.შ.

რას მოიცავს დაბალანსებული კვება

დაბალანსებული კვება მოიცავს ჯანსაღი საკვების ჯგუფებს:

ბოსტნეული: ფოთლოვანი მწვანილი, სახამებლის შემცველი ბოსტნეული, პარკოსნები, როგორიცაა ლობიო და ბარდა, წითელი და ნარინჯისფერი ბოსტნეული და სხვა.

ხილი: ახალი ან გაყინული ხილი, მაგრამ არა დაკონსერვებული და სიროფში ჩადებული. 

მარცვლეული: შვრია, ყავისფერი ბრინჯი, ქერი და წიწიბურა.

ცილები, როგორიცაა: უცხიმო საქონლის ხორცი და ღორის ხორცი, ქათამი, თევზი, ლობიო, ბარდა და პარკოსნები.

რძის პროდუქტები: უცხიმო რძე, იოგურტი, ხაჭო და სოიოს რძე.

იმისთვის, რომ რაციონი იყოს მრავალფეროვანი, საჭიროა, ყოველ ჯერზე აღნიშნული ხუთი ჯგუფიდან თითო-თითო ინგრენდიენტი შეარჩიოთ. 

დაბალანსებული დიეტა, როგორც წესი, მოიცავს 50-დან 60 პროცენტამდე ნახშირწყლებს, 12-დან 20 პროცენტამდე ცილებს და 30 პროცენტს ცხიმებს. ამიტომ ინგრენდიენტების შერჩევისას შეეცადეთ, ისე დააბალანსოთ ისინი, რომ კერძი აღნიშნულ პროცენტულობას მეტ-ნაკლებად ემთხვეოდეს. 

რას უნდა ავარიდოთ თავი დაბალანსებული კვების დროს

თუკი გვსურს, რომ ჩვენი კერძები ჯანსაღი და დაბალანსებული იყოს, ამისათვის უნდა შევზღუდოთ:

  • ძალიან დამუშავებული საკვები;
  • რაფინირებული მარცვლეული;
  • ზედმეტი მარილი ან შაქარი;
  • წითელი, დამუშავებული ხორცი;
  • ალკოჰოლი;
  • ტრანსცხიმები.

დაბალანსებული კვების მნიშვნელობა

როგორც უკვე აღვნიშნეთ, დაბალანსებული კვება უზრუნველყოფს თქვენს ორგანიზმს ეფექტურად მუშაობისთვის საჭირო საკვები ნივთიერებებით. დაბალანსებული კვების გარეშე თქვენი სხეული უფრო მეტად იქნება მიდრეკილი დაავადებების, ინფექციების, დაღლილობის და ნაკლებპროდუქტიულობისკენ. 

ბავშვებს, რომლებიც არ იღებენ საკმარისად ჯანსაღ საკვებს, შეიძლება ჰქონდეთ ზრდისა და განვითარების პრობლემები, აკადემიური მოსწრების შეფერხება და ხშირი ინფექციები. მათ, ასევე, შეიძლება განუვითარდეთ არაჯანსაღი კვების ჩვევები, რომლებიც შესაძლოა ზრდასრულ ასაკამდეც დარჩეს.

ვარჯიშის გარეშე ბავშვები სიმსუქნისა და ისეთი დაავადებების რისკის ქვეშაც არიან, რომლებიც ქმნის მეტაბოლურ სინდრომს, როგორიცაა 2 ტიპის დიაბეტი და არტერიული წნევა.

საზოგადოებრივი ინტერესების მქონე მეცნიერების ცენტრის თანახმად, შეერთებულ შტატებში სიკვდილიანობის 10 მთავარი მიზეზიდან 4 პირდაპირ კავშირშია კვებასთან.

დაბოლოს…

მრავალფეროვანი და ჯანსაღი კვება ახალი, მცენარეული, ვიტამინებით გაჯერებული საკვების მიღებას გულისხმობს და ზღუდავს დამუშავებული საკვების მიღებას.

თუ თქვენ გაქვთ შეკითხვები თქვენს კვებასთან დაკავშირებით ან ფიქრობთ, რომ გჭირდებათ წონის დაკლება ან კვების ჩვევების შეცვლა, დანიშნეთ შეხვედრა ექიმთან ან დიეტოლოგთან.

მათ შეუძლიათ, შემოგთავაზონ კვების რაციონში ის ცვლილებები, რაც დაგეხმარებათ თქვენი ორგანიზმისთვის აუცილებელი საკვები ნივთიერებების მიღებაში.  

რუბრიკას ჯანმრთელობასა და ჯანსაღი ცხოვრების წესზე წარმოგიდგენთ PSP

რას ფიქრობენ თაობები შრიფტებზე? — Monotype-ის ახალი მოხსენება მიმდინარე ტენდენციებს ავლენს

Kursi.ge – პირველი ლიცენზირებული ონლაინ სავალუტო კონვერტაციის კომპანია საქართველოში!