საკმაოდ გავრცელებულია ერთი კლასიკური ამბავი, რომლის ავტორობაც გერმან მწერალ ჰაინრიხ ბეელს მიეწერება: მექსიკელი მეთევზე სტუმარს ეუბნება, რომ ყოველდღიურად რამდენიმე საათის განმავლობაში თევზაობს ოჯახის სარჩენად; შემდეგ კი ისვენებს, დროს ატარებს ძვირფას ადამიანებთან და გიტარაზე უკრავს მეგობრებთან ერთად. სტუმარი კი ბიზნესმენი აღმოჩნდება, რომელიც მეთევზეს ურჩევს, მეტი დრო დაუთმოს თევზაობას, უფრო დიდი ნავები იყიდოს და 20 წლის შემდეგ მთელი სათევზაო ინდუსტრია მის ხელში იქნება სანაპიროზე. საბოლოოდ, საკუთარი კომპანიის გაყიდვას შეძლებს, რითაც მილიონებს გამოიმუშავებს — იყიდის პატარა სათევზაო ნავს, დღეში რამდენიმე საათს დაუთმობს თევზაობას, დროს გაატარებს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად გიტარაზე დაუკრავს…
ეს ისტორია ნამდვილად დამაფიქრებელია, რადგან ბედნიერებასა და მეტი ამბიციის ქონას შორის აშკარა კავშირი იკვეთება. როდესაც ამბიციები გვაქვს, ახლანდელ ბედნიერებას სამომავლო ბედნიერებაში ვაბანდებთ — ასე გვექნება ყველაფერი, რაც ახლა გვჭირდება.
არაერთი კვლევის მიხედვით, უკმაყოფილება მოტივაციური ენერგიის საფუძველია. თუ არ არსებობს გონებრივი უფსკრული — ანუ სადღაც სხვაგან ვართ ცხოვრებაში და რეალურად სხვაგან გვინდა ყოფნა — არც საკმარისი ენერგია გვაქვს ცვლილებების განსახორციელებლად. სხვა სიტყვებით, იმაზე ფოკუსირებამ, რომ მცირედიც გვაკმაყოფილებს, შეიძლება მოქმედების მოტივაცია შეამციროს.
როდესაც სხვა როლის შესრულება გსურთ, ბუნებრივია, ფოკუსირება ახალი პოზიციის სასურველ ასპექტებზე და თქვენი ამჟამინდელი სამუშაოს არასასურველ ელემენტებზე. რაც უფრო მეტ ყურადღებას აქცევთ იმას, რაც არ მოგწონთ თქვენს ამჟამინდელ სამსახურში, მით მეტი იმედგაცრუება შეიძლება იგრძნოთ. შედეგად, შესაძლოა, უკმაყოფილო დარჩეთ თქვენი საქმიანობითა და პროგრესით.
გარდა ამისა, თქვენმა ამბიციებმა შეიძლება გამოიწვიოს სოციალური შედარებები, რომლის დროსაც საკუთარ თავს სხვა ადამიანებს შეადარებთ. როდესაც თქვენი შედარება ფოკუსირებულია სხვა ადამიანებზე, რომლებსაც უკვე აქვთ თქვენთვის სასურველი როლი, შეიძლება გაიზარდოს თქვენი უკმაყოფილება ამჟამინდელი ცხოვრებისეული ვითარებით.
თუმცა შეგიძლიათ, ამბიციასა და ბედნიერებას შორის ბალანსი დაამყაროთ.
კარგად აკეთეთ საქმე, ისიამოვნეთ საკუთარი და გუნდის წარმატებებით. გახსოვდეთ, რომ ეს პროგრესი არა მხოლოდ სახალისოა, არამედ გაზრდის თქვენს შანსს, მიიღოთ შემდეგი როლი, რომლის შესრულებაც გსურთ.
სამსახურში სხვად ადამიანებთან კარგი ურთიერთობები დაამყარეთ. ისეთი კოლეგების ყოლა, რომლებიც მოგწონთ, სამსახურებრივი ბედნიერების მნიშვნელოვანი წყაროა. გარდა ამისა, ეს ურთიერთობები მიმდინარე სამუშაოს შესრულებაში დაგეხმარებათ. ამასთან, რაც უფრო წინ მიიწევთ ორგანიზაციაში, მით უფრო მეტად გაქცევთ ეს სანდო ურთიერთობები კარგ კანდიდატად შემდგომში დაწინაურებისთვის.
დაბოლოს, თუ თავს უბედურად იგრძნობთ იმის გამო, რომ თქვენთვის სასურველ დაწინაურებას ვერ მიაღწევთ, მაშინ დაიჯერებთ, რომ თქვენი ბედნიერება სწორედ ამ პოზიციაზეა დამოკიდებული. და თუ მიიღებთ მას, მაშინ (ალბათ) რეალურად ბედნიერი იქნებით მხოლოდ რამდენიმე თვის განმავლობაში, რადგან მალე, ეს პოზიცია იქნება თქვენი ვინაობის მხოლოდ ნაწილი და კიბის შემდეგ საფეხურზე ფიქრს დაიწყებთ. შედეგად, ისევ უბედური აღმოჩნდებით.
გახსოვდეთ, რომ საუკეთესო პროგნოზი იმისა, თუ რამდენად ბედნიერი იქნებით დაწინაურებიდან ექვსი თვის შემდეგ, არის ის, თუ რამდენად ბედნიერი იყავით ახალი პოზიციის მიღებამდე ექვსი თვით ადრე. რაც უფრო მეტ გზას იპოვით თქვენი ყოველდღიური საქმიანობით ტკბობისთვის, მით მეტ სიხარულს და კმაყოფილებას მოგანიჭებთ თქვენი სამუშაო. ეს არის ის ჩვევები, რომლებიც დაწინაურების მიღების შემდეგ ბედნიერების შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.