შემოქმედებით ინდუსტრიაში, იქ, სადაც იდეები მუდმივად იბადება, არსებობს ერთი სიტყვა, რომელიც კრეატორებში განსაკუთრებულ აღფრთოვანებას არ იწვევს – „რუტინა“. თითქოს, იდეების გენერირების მთელი ხიბლი მის მოულოდნელობასა და რაც შეიძლება მეტ თავისუფლებაშია, მაგრამ ნამდვილად ასეა? როგორ ვიქცევით, როდესაც განსაზღვრულ დროში, კონკრეტული პერიოდულობით უნდა შევქმნათ შემოქმედებითი პროდუქტი? როგორ შევძლოთ შემოქმედებით პროცესში სტაბილურობის შენარჩუნება? როგორ დავამეგობროთ ჩვენში არსებული შემოქმედი რუტინასთან? ამის შესახებ ვკითხეთ ქართული შემოქმედებითი ინდუსტრიის სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტებს: JWT Metro-ს კრეატივ დირექტორს ეკა ყიდიანს, მხატვარ მუსია ქებურიას, Leavingstone-ის ექაუნთ დირექტორ ეკატერინე ებანოიძესა და ქოფირაითერ მარიტა ფილაურს და მათ გამოცდილების გაზიარება ვთხოვეთ

ეკა ყიფიანი, კრეატივ დირექტორი: „გარანტირებული გზები არ არსებობს. მეტიც, არსებობს შედარებით პროდუქტიული და ნაკლებად ნაყოფიერი პერიოდები, მაგრამ არის საშუალებები, თუ როგორ შეუწყოთ ხელი შემოქმედებითი ენერგიის გამომუშავებას.
ინსპირაცია – შემოქმედების მთავარი საწვავი ინსპირაციაა. ჩვენ შთაგონებით ვქმნით. ამიტომ სულ თან უნდა გვქონდეს ის, რაც მუშაობას გვანდომებს. შეიძლება ეს იყოს კარგი ნამუშევრების დათვალიერება, ვინმეს საინტერესო გამოსვლის მოსმენა, მასტიმულირებელი მუსიკა…
ვარჯიში – შემოქმედება არის უნარი, რომელსაც სჭირდება განვითარება და ვარჯიში. ხშირად. ყოველდღე. ასევე, ჭკვიანი ხალხი ამბობს, რომ ფიზიკური აქტივობა შემოქმედებით უნარსა და პოზიტიურ ენერგიას ძალიან შველის.
ოპტიმიზმი – დღეს, ძალიან რთულია ოპტიმისტურად იყო განწყობილი, მაგრამ შემოქმდებისთვის აუცილებელია. თუ არ დაიჯერებ, რომ იდეებს აქვთ გარემოს შეცვლის ძალა, მაშინ შეუძლებელია ასეთი იდეა მოგაფიქრდეს. რეალიზმი ხშირად გვეშლება პესიმიზმში და ხშირად ვიძირებით ნეგატიურ ტრენდებში. ეს იწვევს ნიჰილიზმს, სარკაზმს, ცინიზმს და აქვეითებს შემოქმედებით უნარს. არადა, მნიშვნელოვანია ისიც ვიცოდეთ, რა იცვლება სამყაროში უკეთესობისკენ – რეალისტობა ამას მოითხოვს.
კარგად კეთების ამბიცია – ჩემი დაკვირვებით, ეს მიდგომა ძალიან საჭიროა, რათა თითოულ დავალებას მიუდგე, როგორც კრეატივის რეალიზაციის შესაძლებლობას. თორემ იდეალური დავალების თუ სამსახურის ლოდინში, დრო გადის და არაფერი კეთდება.
სწორად დასმული კითხვა – ტვინი უცნაური რამეა. მუშაობა ეზარება, მაგრამ პასუხგაუცემელი კითხვები არ უყვარს. ამიტომ ძალიან კარგად მუშაობს, როდესაც დავალებას კითხვის ფორმას აძლევ – როგორ შეგვიძლია რაღაც სხვანაირად გავაკეთოთ? როგორ შეგვიძლია შევცვალოთ უკეთესობისკენ? როგორ შეგვიძლია ჩვენ ყოველი დღე ერთმანეთს არ ჰგავდეს? როცა დავალებას კითხვის ფორმა აქვს, ტვინი ეძებს ვერსიებს და ამოხსნის პოვნის მეტი შანსია.
ხალისი – ოპტიმიზმის მსგავსად, ხალისი დღეს რთულია, მაგრამ თან აუცილებელი. ამიტომ არის გარემო მნიშვნელოვანი. ორგანიზაციას სჭირდება კრატიული კულტურა, რომ იქ შემოქმედებითი იდეები გაჩნდეს და რაც მთავარია, განხორციელდეს. ყველაფერი ინდივიდზე დამოკიდებული არ არის – გარემოც ძალიან მნიშვნელოვანია.
რაოდენობა – უფრო დიდი შანსია, რომ 100 იდეიდან 1 გამოდგეს გადასარევი, ვიდრე 10-დან. ამიტომ საუკეთესო გზა, რომ შემოქმდებითი წვა არ შენელდეს, ბევრის მოფიქრებაა. მტკივნეულია, დამღლელია, რთულია – მაგრამ ვინ თქვა, რომ საუკეთესოს მოფიქრება მარტივი, სწრაფი და მხიარულებით სავსეა? უბრალოდ, გიყვარს ეს საქმე და შესაბამისად, გიღირს მაგ წვალებად – ჯერ იპოვო და მერე განახორციელო იდეა, ამდენ ხანს რომ ეძებდი.“

მუსია ქებურია, მხატვარი: „ვფიქრობ, ადამიანს ყველა სფეროში სჭირდება რაღაც სახის რუტინა, რომელიც მას სტაბილურობისა და კონკრეტული მიზნისკენ სწრაფვის უნარს გამოუმუშავებს. ალბათ, სწორი იქნება თუ რუტინას, საკუთარ საქმესა თუ შემოქმედებაში, დისციპლინასავით მივუდგებით. დისციპლინას – არა როგორც რაღაცის კონტროლს, ან კეთების სურვილს, არამედ როგორც საჭიროებასა და აუცილებლობას, რომ საქმე გაკეთდეს და საკუთარი თავის თუ სხვის მიმართ აღებული პასუხისმგებლობა ბოლომდე მივიყვანოთ.
ჩემი აზრით. რუტინა და დისციპლინა, განსაკუთრებით შემოქმედებითი ადამიანებისთვის, ყველაზე რთული და კომპლექსური საკითხია, რომელიც წინააღმდეგობაში შეიძლება მოდიოდეს თავისუფალ შემოქმედებით წვასთან. ამავე დროს, ვფიქრობ, რიგ საკითხებში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია.
საერთო სურათს პირადად ჩემ მაგალითზე რომ შევხედოთ, ჩემი შემოქმედება და შრომა, ერთი შეხედვით, საკმაოდ რუტინული შეიძლება ჩანდეს. თუნდაც, კედლის მხატვრობა რომ ავიღოთ – კლიენტებთან ურთიერთობა, შეთანხმება, ესკიზზე მუშაობა და საბოლოოდ, ნამუშევრების კედლებზე გადატანა. ამის მიუხედავად, ამ რუტინაში საკმაოდ ბევრი, მრავალფეროვანი და საინტერესო საკითხი იჩენს თავს, რომელიც მუდმივი ძიებისა და ახალი აღმოჩენების პროცესში მამყოფებს. მაქსიმალურად ვცდილობ ჩემი ყოველი სამუშაო დღის, კვირის თუ პროექტის რუტინა წინასწარ შევიმუშავო და ამ კუთხით გამოვიმუშავო დისციპლინა. შემოქმედებით სფეროში, სადაც თავისუფალი გრაფიკი, არაერთი დამკვეთი თუ პროექტია, ამ ქაოსისთვის წესრიგის სახის მიცემა რთულია, თუმცა აქ ხდება ჩემთვის რუტინის და შემოქმედების თანხვედრა. სწორი მენეჯმენტისა და მიდგომების ხარჯზე შეგიძლია, ეს ორი კომპონენტი იმდენად ჰარმონიულ სინთეზში მოიყვანო ერთმანეთთან, რომ არც საკუთარი საქმე გბეზრდებოდეს და არც ახალი გამოწვევები გაკლდებოდეს, აღმოჩენებისა და მუდმივი ზრდის სახით.“

მარიტა ფილაური, ქოფირაითერი: „შემოქმედებითობა ჩემთან უეცარი ტალღებივით მოდის. საკმაოდ რთულია აკონტროლო ისეთი არაპროგნოზირებადი რამ; და ბუნებრივია, ზოგჯერ რუტინაშიც გადავვარდებით ხოლმე.
ბევრჯერ წავუღივარ რუტინას ისე, ვერც კი შემიმჩნევია, რომ შემოქმედებითობა სრულად იკარგებოდა. ჩემმა გამოცდილებამ, დაკვირვებებმა და ექსპერიმენტებმა აჩვენეს, რომ ძლიერი ემოციები რუტინის დარღვევასა და შემოქმედებითობის გაღვიძებაზე აისახება. მაგალითად, ბრაზი, რისხვა ან სხვა ძლიერი ნეგატიური ემოციები, ადამიანში მამოტივირებელ, მამოძრავებელ ძალად შეიძლება გარდაიქმნას. გამოცდილებაც აჩვენებს, რომ ბრაზით გაღვივებული მიზანსწრაფულობა შედეგს გვაძლევს. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ არის ერთადერთი წყარო ჩემი შემოქმედებითობის.
მწერლობაც ხელოვნებაა და საქმე იქნება ეს თუ პირადი ჩანახატების კეთება, ჩემთვის ყველაფერი ემოციების გამოხატვასთან არის კავშირში. მაშინ, როდესაც წერა (ჩემი ძირითადი საქმიანობა) რუტინად იქცევა, გამოხატულების სხვა საშუალებას მივმართავ და ვხატავ (მიზნების და წარმოდგენების გარეშე) ან ინსტრუმენტზე ვუკრავ, ვმღერი და სხვა. მთავარია ის, რაც რუტინად იქცა ცოტა ხანი შევაჩერო და „რესტარტი“ გავაკეთო.
ცოტა უფრო პრაქტიკული მეთოდები რომ განვიხილოთ, მეხმარება სხვისი ნაწარმოებების ან ქოფის კითხვა; ინსპირაციული სვაიპ ფაილი მაქვს, სადაც ვინახავ მსგავს, საინტერესო ნაწერებს და გადავხედავ ხოლმე, როდესაც ვიჭედები ჩემს საქმეში. გარდა ამისა, ვცდილობ ისეთი საქმეებით დავკავდე, რაც ინსტინქტად არის უკვე ქცეული ჩემი სხეულისთვის (გასეირნება, ჩაის მომზადება, ცეკვა, სხვა). ასეთი მეთოდით ტვინს ვასვენებ და ფიზიკური, დასწავლილი ქცევებით ვართობ თავს.
შემოქმედებითობის „გამოძახება“ საკმაოდ რთული რამ არის, თუმცა, ვერც დაელოდები და მაშინ, როდესაც საქმე ითხოვს, ჩემს სანდო მეთოდებს მივმართავ ხოლმე.“

ეკატერინე ებანოიძე, ექაუნთ დირექტორი: „პროცესის სწორად დაგეგმვა და მართვა ექაუნთ გუნდის მუშაობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, თუმცა როცა საქმე შემოქმედებით პროცესს ეხება, აქ უფრო მეტია საჭირო ვიდრე უბრალოდ სწორი დაგეგმარება. ალბათ. ყველა ექაუნთს აქვს თავის პატარ-პატარა მიგნებები ამ მიმართულებით, რაც მუშაობასა და კრეატიული გუნდის მოტივაციაში ეხმარება. გაგიზიარებთ ჩემს პატარა აღმოჩენებს, რაც მრავალი წლის მუშაობის შედეგად დამიგროვდა და მეხმარება სწორად წარვმართო პროცესი და შემოქმედებითი ნაწილიც „ანთებული“ იყოს:
მოტივაცია – პირველი და ალბათ ყველაზე საბაზისო, კარგი შედეგის მიღებისთვის, მოტივაციაა. პატარა ბრიფი იქნება ეს თუ დიდი მივუდგეთ ისე რომ რაღაც ძალიან კარგი გავაკეთოთ , დავბრიფოთ გუნდი ისე რომ აენთოთ თვალები და მუშაობის მოტივაცია გავუჩინოთ.
ბალანსი – მუშაობაში ძალიან გვეხმარება ბალანსი – არც ძალიან შემაწუხებლები ვიყოთ კონტროლის თვალსაზრისით და თან, ყველაფერი კონტროლის ქვეშ გვქონდეს. ცოტა „ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდების“ კონცეფციაა, მაგრამ ასეთია ბალანსის ქონა პროექტის მართვისას.
გულწრფელობა – გულწრფელობა თუ არ არის გუნდში არანაირი პროექტი და კამპანია არ გამოვა, თუმცა მისი სწორად მიწოდება, სწორი სიტყვების მოძებნა და სხვისი აზრის პატივისცემა არ უნდა გამოგვრჩეს.
განწყობა – ეს ცალკე ხელოვნებად მიმაჩნია, გუნდში კარგი განწყობის შესაქმნელად, ყველა საშუალება მისაღებია. იქნება ეს პატარა „ინსაიდერული ხუმრობები“ თუ უბრალოდ გულწრფელი მადლობა.
გუნდურობის განცდა – არასოდეს უნდა დაგვავწიდყეს, რომ ყველამ გუნდის წევრად იგრძნოს თავი, ერთი გუნდი ვართ და ერთად ვაკეთებთ საქმეს.
ხუთეულში ვერ მოხვდა, მაგრამ მაინც დავამატებდი ერთს – ტკბილეულით მოსყიდვა ხშირად გამომდგომია კრეატიულ გუნდთან მუშაობისას.
ავტორი: თამარ მეფარიშვილი