in

„ბალავარი ჰოლდინგის“ სამშენებლო, ინფრასტრუქტურული, აგრო პროექტები და სამომავლო გეგმები

ბალავარი ჰოლდინგი“ სამშენებლო და დეველოპერულ კომპანიებს აერთიანებს. საცხოვრებელ კომპლექსებს, ძირითადად, თბილისის გარეუბნებში აშენებენ, თუმცა, რამდენიმე პროექტი დედაქალაქის ცენტრშიც აქვთ განხორციელებული. მალე, სახლებს ცენტრალურ უბნებში, ახალი, „ბალავარი პრაიმის“ ხაზით შესთავაზებენ მომხმარებელს. თუმცა, ძირითად ნიშა უცვლელი რჩება – ბიუჯეტური და ხელმისაწვდომი პროექტები გარეუბნებში. „ბალავარმა“ მუშაობა ინფრასტრუქტურული მიმართულებითაც დაიწყო, გუნდში ახალი წევრებიც დაიმატა და ჰოლდინგის ბრენდინგიც შექმნა. ეს ყველაფერი არ არის – კომპანია აგრო მიმართულებით იწყებს მუშაობას. რა გზა გაიარეს დღემდე, რას საქმიანობენ ახლა და რას გეგმავენ სამომავლოდ –  „ბალავარი ჰოლდინგის“ გენერალურ დირექტორს, გეგა ტოფაძეს ვესაუბრეთ.

BOG
BOG
გეგა ტოფაძე – „ბალავარი ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი

გეგა ტოფაძე: „ბალავარი ჰოლდინგი“ 2013 წელს დაარსდა. იმ პერიოდში თბილისის გარეუბნებში მშენებლობები არც ისე აქტიურად მიმდინარეობდა. კომპანიის შექმნის მთავარი იდეაც სწორედ ეს იყო – დედაქალაქის ცენტრალური დასახლებებში კი არა, გარეუბნებში აეშენებინათ საცხოვრებელი კომპლექსები. დღემდე ეს ნიშა გვიჭირავს. ახლა ჩვენი პორტფელი ასეთია: 150 000მ2-ზე მეტი უკვე დასრულებული ობიექტები, მიმდინარე პროექტებით კი 90 000მ2-ს გავცდით. დამფუძნებლებს, ამ კომპანიის შექმნამდე, მშენებლობის დიდი გამოცდილება გააჩნდათ. ოღონდ, ობიექტები, ძირითადად, ცენტრალურ უბნებში ჰქონდათ და თბილისის პერიფერიებში პროექტების განხორციელება მათთვისაც სიახლე იყო. სურვილი ჰქონდათ, აეშენებინათ ბიუჯეტური, უფრო ხელმისაწვდომი სახლები. 2013 წლიდან, 1 მ2 საცხოვრებელი ფართის ღირებულება, არარეალურად გაიზარდა. სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს, დამფუძნებლებმა, ბიუჯეტური პროექტების განხორციელება. გარდა ამისა, სურდათ, განევითარებინათ გარეუბნები. ჩემი აზრით, ამ სტრატეგიამ გაამართლა – პანდემიამდე, ძალიან კარგად მიდიოდა გაყიდვები.

ვაზისუბანი

M:ბალავარი ჰოლდინგში“ რამდენიმე კომპანია შედის. ცალ-ცალკე მიმართულებებზე რომ ვისაუბროთ.

გვაქვს 3 – დეველოპერული, სამშენებლო და აგრო – მიმართულება. „ბალავარი ქონსთრაქშენი“ აშენებს საცხოვრებელ სახლებს. „ბალავარი დეველოპმენტი“ კი უკვე დასრულებულ ობიექტებს ყიდის. ახლა გვაქვს 2 მიმდინარე და 1 დასრულებული პროექტი. ვაშენებთ დიდ საცხოვრებელ კომპლექსს მუხიანში, გობრონიძის #7-ში 35 000მ2-ზე, რომელსაც, სავარაუდოდ, წლის ბოლოს დავასრულებთ. ასევე მიმდინარე პროექტი შანდორ პეტერფის ქუჩაზე – 12 000მ2. რამდენიმე დღის წინ კი დავასრულეთ B ბლოკის მშენებლობა მოსკოვის გამზირზე (ამ კომპლექსის A ბლოკი უკვე დასრულებული იყო). ეს არის 15 000მ2– მდე კომპლექსი, სადაც საცხოვრებელი სახლების გარდა, არის კომერციული ფართები – სუპერმარკეტების, სააფთიაქო ქსელის და სხვა ობიექტებისთვის. რაც შეეხება აგრო მიმართულებას, ეს სიახლეა ჩვენს ჰოლდინგში.

„აგრო ბალავარი“ ნუშისა და კაკლის ბაღებს აშენებს

M: რატომ გადაწყვიტეთ ამ ახალი და ჰოლდინგისთვის განსხვავებული, აგრომიმართულებით მუშაობა?

ეს არის „აგრო ბალავარი“. ვაშენებთ ნუშისა და კაკლის ბაღებს, საკმაოდ დიდი მეურნეობა გვაქვს – 60-70 ჰექტარი. ჰოლდინგის დამფუძნებლებს ჰქონდათ გამოცდილება და განათლება ამ კუთხით. თანაც, დღეს აგრომიმართულება ძალიან აქტუალურია. თუ ეს ორი პუნქტი გაქვს – განათლება და გამოცდილება – ძალიან კარგი პროდუქტის შექმნა შეგიძლია ამ სფეროში. თანაც, აგროსესხები, მათი სუფსიდირება ძალიან კარგად მუშაობას და დღეს საუკეთესო პერიოდია ასეთი პროექტების განსახორციელებლად. სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით, დავიწყეთ ახალ მიმართულებაზე მუშაობა.

სამგორი

M: სამშენებლო და დეველოპერულ სექტორს რომ დავუბრუნდეთ. რა სირთულეებია, დღეს, ამ ბაზარზე და როგორ უმკლავდებით მათ?

ძირითადი სირთულეები, მაინც, პანდემიას უკავშირდება. მარტის თვიდან, რადიკალურად შემცირდა გაყიდვები. ვირუსის გავრცელება რომ დაიწყო, გვქონდა 2-კვირიანი პერიოდი, როდესაც მშენებლობები, გაყიდვებთან ერთად, გაჩერდა. ეს იყო ძალიან დიდი გამოწვევა. შემდგომი ეტაპები, რაც ამას მოჰყვება არის აღდგენითი პროცესი. მშენებლობა ძალიან კომპლექსური საკითხია, გაჩერების შემდეგ, მეორე დღეს ვერ გააგრძელებ მუშაობას, ამას გარკვეული დრო სჭირდება. მეორე სირთულე, რაც გამოიკვეთა არის გაციფრულების ნაწილი, იგივე დიჯიტალიზაცია. ფინანსური ინსტიტუტებისგან განსხვავებით, სამშენებლო სექტორში ცოტა რთულადაა საქმე: ინფრასტრუქტურულად, კიბერუსაფრთხოების კუთხით და კომპანიის კულტურაც რომ ავიღოთ, ჩვენი სექტორი არ იყო მზად ასეთი ცვლილებებისთვის. ახლა ვქმნით ინფრასტრუქტურას, რომ მაქსიმალურად გავციფრულდეთ და ამასაც ძალიან მალე გავაკეთებთ. ერთადერთი რაც რჩება, ბინების „ონლაინ“ გაყიდვაა. იმდენად მნიშვნელოვანი პროცესია ბინის შეძენა, რთულია დისტანციურად ამ გადაწყვეტილების მიღება. მაგრამ გამოსავალი აქაც ვიპოვეთ: კონსულტაციები, სხვადასხვა ვარიანტის შეთავაზება იქნება ციფრულად. უშუალოდ არჩევისა და ყიდვის მომენტში კი მოხდება მომხმარებელთან ფიზიკური კომუნიკაცია. ზოგადად, დიჯიტალიზაციას კომპანიისა და სექტორის ჭრილში ვუყურებთ – იქმნება საჭირო ინფრასტრუქტურა, გადავამზადებთ თანამშრომლებს და ა.შ. ვფიქრობთ, გაციფრულება, პროცესებს საგრძნობლად დააჩქარებს და გაამარტივებს.

M:ბალავარი“ ახლა უკვე ინფრასტრუქტურულ პროექტებსაც ახორციელებს. რა შეგიძლიათ გვითხრათ ამ მიმართულებაზე? 

ინფრასტრუქტურული ობიექტების სამშენებლო მიმართულებას აქტიურად ვავითარებთ. აქ საუბარია ტენდერების ნაწილზე. მართალია, ამდენწლიანი სამშენებლო გამოცდილება გვაქვს, მაგრამ, ახლა ინფრასტრუქტურული მიმართულებითაც ვძლიერდებით. აქტიურად ვთანამშრომლობთ მუნიციპალური განვითარების ფონდთან (MDF). ვაშენებთ 3 სკოლას, მარნეულის რაიონში. ორი გათვლილია 450 ბავშვზე, ერთი – 300 ბავშვზე. ამ კრიზისის [პანდემიას ვგულისხმობ] პერიოდში, MDF-ის გუნდი მაქსიმალურად გვიჭერდა მხარს, რისთვისაც, დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მათ. ეს პროექტები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია: პირველ რიგში, იმიტომ, რომ განათლებას ემსახურება. თანაც, უკვე საქართველოს მასშტაბით ვაშენებთ ობიექტებს. ძალიან დიდი მოტივაცია გვაქვს, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე დიდი წარმატებით მივიყვანოთ და ამასთან, განვავითაროთ ინფრასტრუქტურის მიმართულება, კიდევ უფრო მეტი პროექტი განვახორციელოთ ამ კუთხით.

სკოლის პროექტი მარნეულში

M: ჰოლდინგს ახალი ხელმძღვანელი და გუნდის წევრები ჰყავს. რა იცვლება კომპანიაში?

გარდა იმისა, რომ მე ჰოლდინგის გენერალური დირექტორი გავხდი, მენეჯმენტში დაგვემატნენ ახალი წევრები. კომპანიამ როგორც ბრუნვის, ისე საქმიანობის ნაწილში, საკმაოდ დიდ მასშტაბებს მიაღწია. შესაბამისად, საჭირო გახდა, გუნდის კიდევ უფრო გაზრდა. გვინდა, მმართველობის თანამედროვე სისტემა გვქონდეს. ვგეგმავთ ახალი მიმართულებების დამატებას. გვეყოლება საოპერაციო დირექტორი, რომელიც კომპანიის დიჯიტალიზაციას და საოპერაციო მიმართულებას ჩაიბარებს. ასევე – პროდუქტის განვითარების მენეჯერი. ის აქტიურად ჩაერთვება ახალი პროდუქტების განვითარებაში. გარდა ამისა, თითოეულ ჩვენს პროექტს ეყოლება თავისი მენეჯერი.

M: ცოტა ხნის წინ, „ბალავარი ჰოლდინგი“ წარადგინეთ, როგორც ბრენდი. რატომ მიიღეთ ეს გადაწყეტილება?

ჩვენს ჰოლდინგს ბევრი ინვესტორი ჰყავს. მაგალითად, მშენებლობისა და დეველოპმენტის ნაწილში – პარტნიორი დუბაიდან, ვგეგმავთ თანამშრომლობას სინგაპურელ ინვესტორებთან და ა.შ. გარდა ამისა, მნიშვნელოვნად გაიზარდა „ბალავარის“ და ჩვენი პროექტების მასშტაბები. ამ ორი ფაქტორის გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ, ბრენდინგის გაკეთება. ამით ახალი სიცოცხლე შემოვიტანეთ ჰოლდინგში. შევქმენით „ბრენდბუქი“. დაახლოებით, თვე-ნახევარში „გაეშვება“ განახლებული ვებგვერდი, რომელიც იქნება ბევრად თანამედროვე და ინტერაქტიული. რაც შეეხება „ბალავარის“ ბრენდს, აქ მთავარი აქცენტი გვაქვს სანდოობაზე. რეალურად, ამ კრიზისულ სიტუაციაშიც კი, ვგულისხმობ პანდემიის პერიოდს, ჩვენი მომხმარებლებისთვის ძალიან სანდო პარტნიორები ვიყავით. მცირეხნიანი პაუზის მიუხედავად, მათ არც ერთი წუთით არ უგრძვნიათ ჩვენგან არასტაბილურობა, არ გასჩენიათ დაუცველობის და ჩვენს მიმართ უნდობლობის განცდა –  თუ იმ 2-კვირიან მონაკვეთს არ ჩავთვლით, შეიძლება ითქვას, რომ მუდმივად ჩართულები ვართ სამუშაო პროცესში.

 

M: რაც შეეხება სამომავლო გეგმებს . . .

მტკვრის სანაპიროზე ძალიან მასშტაბურ პროექტს ვიწყებთ. ეს იქნება კომპლექსი, დაახლოებით, 45-50 000მ2-ზე: საცხოვრებელი ფართები, სუპერმარკეტები, სააფთიაქო ქსელები, სპორტული დარბაზი და ა.შ. ახლა პროექტირება სრულდება და სამშენებლო სამუშაოებსაც მალე დავიწყებთ. ასევე, ვგეგმავთ ცალკე ხაზის „ბალავარი პრაიმის“ დამატებას – ვიწყებთ მშენებლობებს ცენტრალურ უბნებში: ვაკეში, საბურთალოზე. ეს არ ნიშნავს, რომ კომპანია პროფილს იცვლის. ძირითადი მიმართულება ისევ იქნება ბიუჯეტური პროექტები, მშენებლობა გარეუბნებში. თუმცა, ახალი ხაზით ახალ სეგმენტს შევთავაზებთ მათთვის სასურველ პირობებს. გარდა ამისა, ვმუშაობთ Customer Relationship Management-ის სისტემაზე – ამ მომენტისთვის, გაყიდვების 3 პუნქტი გვაქვს და გვინდა, ეს მომსახურება მაქსიმალურად ცენტრალიზებული და ტექნოლოგიურად განვითარებული იყოს. ასევე ვმუშაობთ ახალ სისტემაზე, რომელიც გააერთიანებს სამშენებლო პროცესებს, ბუღალტერიას და მენეჯმენტთან დაკავშირებულ სხვა მიმართულებებს. ამ ყველაფერთან ერთად, გვექნება ახალი სათავო ოფისიც, სადაც ცალკე გამოვყოფთ კლიენტების ზონას. ეს იქნება ტექნოლოგიური, ძალიან ლამაზი, კომფორტული და ინტერაქტიული ადგილი.

 

 

[R]

„გალტ & თაგარტმა“ საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის გამოწვევებზე ვებინარი გამართა

Lions Live-მდე რამდენიმე საათი დარჩა!