Balenciaga-ს მშვენიერ და უცნაურ სამყაროს კიდევ ორი ნივთი შეემატა, გულშემატკივრები კი კვლავ გაოცებულნი არიან… ამჯერად დემნა დინამიკის ჩანთებსა და სახის ფარებს წარმოგვიდგენს — Balenciaga-ს 51-ე Couture Show-ზე ეს ორი მთავარ აქსესუარადაც კი გვევლინება…
ჩანთა დანიის სამომხმარებლო ელექტრონიკის ბრენდთან Bang & Olufsen-თან თანამშრომლობით შეიქმნა. ტექნოლოგიების ძალა Balenciaga-ს ფუტურისტულ ესთეტიკას შეერწყა, შედეგად კი აქსესუარი მასში ჩაშენებული დინამიკით მივიღეთ. იგი დანიაში Bang & Olufsen მეხუთე ქარხანაში შეიქმნა, სადაც ალუმინი ატლასსაც კი დაამსგავსეს. სახელურების ქვეშ დინამიკის ჩამრთველებია მოთავსებული, უკან კი თხელი ნაჭერია, რომელიც იხსნება და ჩანთაში თქვენი ნივთების შენახვის საშუალებას გაძლევთ.
რაც შეეხება სახის ფარებს, შესაძლოა, ეს იმისათვის იყო, რომ მორცხვი და მშფოთვარე ფანებისთვის კონფიდენციალურობა შეეთავაზებინათ… Mercedes-AMG F1 Applied Science კი, რომელიც ფორმულა 1-ის გუნდსა და მისი ინჟინერიის განვითარებაზეა პასუხისმგებელი, ახლა ამ საოცარი ფარის შესაქმნელად აეროდინამიკისა და აერონავტიკის ცოდნას იყენებს.
ხოლო იმისათვის, რომ სამეცნიერო-ფანტასტიკის აქსესუარი გამოსაყენებლად სრულყოფილი ყოფილიყო, თვეების განმავლობაში აეროდინამიკის ტესტირებებს ატარებდნენ. ნიღბის ტარებისას სუნთქვის უნარი და CO2-ის ნაკადის დასტაბილურებაც შეისწავლეს, რათა იგი თქვენი ვინაობის დამალვისთვისაც იდეალური აქსესუარი ყოფილიყო.
Balenciaga-ს ორივე აქსესუარის შეძენას კი პარიზის ახალ მაღაზიაში შეძლებთ. დიახ, მუსიკის მოსმენისას ვერავინ მიხვდება, საიდან მოდის ხმა და თქვენ ასე კიბორკებიც კი შეიძლება გახდეთ…