დღეს, ამ ბრენდზე, ქართველი კრეატივ დირექტორის დამსახურებით, მთელი მსოფლიო საუბრობს. დემნამ Balenciaga-ს სახელი ახალ მწვერვალზე აიყვანა. თუმცა, ვინ იყო ადამიანი, ვის სახელსაც უკავშირდება „ბალენსიაგას“ ბრენდი? დღეს, სწორედ კრისტობალ ბალენსიაგაზე გიამბობთ.
კრისტობალ ბალენსიაგა, ესპანეთში, მეთევზეებით დასახლებულ პატარა ქალაქში გაიზარდა. მამის გარდაცვალების შემდეგ, ოჯახის გამოკვება რომ შეძლებოდა, კრისტობალის დედამ კერვას მიჰყო ხელი. კრისტობალი დედის საქმიანობამ განსაკუთრებით მოხიბლა და ჯერ კიდევ, 12 წლის ასაკში შეაბიჯა მოდის სამყაროში, როცა სან-სებასტიანის კურორტზე შეგირდად მოეწყო.
მისი თანამედროვეების უმეტესობის მსგავსად, კრისტობალ ბალენსიაგაც თვითნასწავლი იყო. იმ დროისათვის არ არსებობდა დიზაინისა და პატერნის შექმნის სკოლა და განათლების მიღების ალტერნატიული საშუალება. ღარიბი ოჯახის შვილები კერვას ადგილობრივ ეკლესიაში თავად სწავლობდნენ.
მოდის პირველი სახლი ბალენსიაგამ 1917 წელს გახსნა, თუმცა მას Balenciaga-ს ნაცვლად, დედამისის გვარის – Elisa – შემოკლებული ვერსია ერქვა. კრისტობალმა მეორე მაღაზიაც გახსნა, 1920 წელს, ამჯერად მადრიდში. მოგვიანებით, ესპანეთში მიმდინარე სამოქალაქო ომმა კრისტობალს ქვეყნის დატოვება აიძულა და 1937 წელს, დიზაინერი საფრანგეთში გადასახლდა. სწორედ ამ პერიოდიდან შეაბიჯა მაღალი მოდის სამყაროში და ჟორჟ მეხუთის გამზირდზე გახსნილი მაღაზიით სწრაფად დაიმკვიდრა ადგილი პარიზის ექსკლუზიურ დიზაინერად.
უზადო ოსტატობა დიზაინერს გამოარჩევდა Chanel-ისა და Dior-ისგან. ახალგაზრდა ასაკიდანვე გაითქვა სახელი დიზაინის შექმნით. ის შეუდარებლად გრძნობდა ქსოვილებით მანიპულირების ტექნიკას და მათგან საუკეთესო ნამუშევრები გამოჰყავდა. 50-იანმა წლებმა Balenciaga, Dior-თან ერთად, პარიზული კუტიურის ლიდერად აქცია.
1950-იანი წლები იყო გადამწყვეტი დრო Balenciaga-სთვის, რამაც მოდის სახლს ისეთი წარმატებული გახადა, როგორც დღესაც არის. კრისტობალი იყო პიონერი ქალის მოდაში და არნახული დეტალები შეჰქონდა ნამუშევრების სილუეტებში. ეს ქმნილებები იმ დროისთვის საკმაოდ განსხვავებული იყო. სტილის მნიშვნელოვანი ნაწილი დღემდე მოდურია.
რუბრიკის “ყავასთან საკითხავი” წარმდგენია Dunkin’.














