BALENCIAGA-ს სახელი ყველასთვის კარგად არის ცნობილი. ბრენდი 100 წელზე მეტია არსებობს და მოდის საკმაოდ კონკურენტულ ბაზარზე მოწინავე პოზიციებს იკავებს. თუმცა მისი სახელი კიდევ უფრო ხშირად ხსენებადი და არაორდინალური ქართველმა დიზაინერმა, დემნა გვასალიამ გახადა. 90-იანი წლების ინსპირაციით შექმნილი მისი ყოველი ახალი კოლექცია, პირდაპირი მნიშვნელობით, ფურორს ახდენს საზოგადოებაში და ბრენდის სახელს კიდევ უფრო პოპულარულს ხდის.
როგორც უკვე მიხვდით, ისტორიების რუბრიკაში დღეს BALENCIAGA-ზე ვისაუბრებთ.
კრისტოფერ ბალენსიაგა
კრისტობალ ბალენსიაგა ესპანეთში 1895 წელს დაიბადა, მეთევზისა და მკერავის ოჯახში. მთელი ბავშვობა კრისტობალი დედამისის მუშაობას უყურებდა.
12 წლის ასაკში უკვე თავადაც კარგად ერკვეოდა კერვაში და როცა თინეიჯერი გახდა, დედამ ის მადრიდში გაუშვა, სადაც ერთ ცნობილ მკერავს მიაბარა.
წარმატებული სტარტი
Balenciaga-ს პირველი სახლი ესპანეთში კრისტობალ ბალენსიაგამ გახსნა 1919 წელს. ეს იყო ბუტიკი სან სებასტიანში, რომელიც იმდენად წარმატებული გახდა, რომ მან ფილიალები გახსნა მადრიდსა და ბარსელონაში. მისი დიზაინის ტარებას ესპანეთის სამეფო ოჯახი და არისტოკრატიაც კი არ ერიდებოდა.
პარიზში გადასვლა
სამწუხაროდ, კრისტობალს ესპანეთის სამოქალაქო ომის გამო მაღაზიების დახურვა მოუწია. ის საფრანგეთში გადავიდა საცხოვრებლად და 1937 წელს გახსნა თავისი პარიზის კულტურული სახლი.
ესპანური რენესანსით შთაგონებულმა კოსტიუმებმა დიდი წარმატება მოიპოვა მოდის სახლის პირველ ჩვენებაზე 1937 წელს. იმ დროისთვის რევოლუციურმა კოსტიუმებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა საზოგადოებაზე და მიუხედავად მეორე მსოფლიო ომისა, მომხმარებლები ხშირად მიდიოდნენ პარიზში Balenciaga-ს სამოსის საყიდლად.
ახალი ხედვა მოდაში
ომის დასრულების შემდეგ ბალენსიაგამ დაიწყო ე.წ. თხევადი სტრუქტურების დიზაინზე მუშაობა. ისინი ხაზს უსვამდა ქალის ქვიშის საათის ფორმებს. ამისთვის არ ერიდებოდნენ თამამი მასალების კომბინაციას მძიმე ქსოვილებთან. საოცრად მაღალი ხარისხისა და განსხვავებული ხედვის გამო ბალენსიაგა მედიის ყურადღებას თავიდანვე იპყრობდა.
Balenciaga-მ შეცვალა მანამდე გავრცელებული ტაქტიკა და ყურადღება გაამახვილა ისეთი სამოსის შექმნაზე, რომელიც წელის ხაზებს გამოკვეთდა. მისი დამსახურებით, შემოვიდა ბუშტისებრი მინი კაბა, ქოქოსისებრი ქურთუკი, ბრტყელი დეკოლტე და უსაყელო ბლუზები, რომლებიც მყისიერად იქცა ფავორიტ სტილად. მიუხედავად იმისა, რომ იზრდებოდა Ready-to-Wear კოსტიუმების პოპულარობა, Balenciaga თავისი Haute Couture კონცეფციით დარჩა.
მაღალწელიანი კაბებისა და კიმონოს მსგავსად მოჭრილი პალტოების პოპულარობამ კრისტობალს საყოველთაო აღიარება მოუტანა. მას შეუკვეთეს ბელგიის დედოფალ ფაბიოლას საქორწინო კაბა, რომლისთვისაც მან სპილოსძვლისფერი ატლასი და საყელოსა და თეძოზე თეთრი წული გამოიყენა.
უეცარი გადაწყვეტილება
ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოდის სახლის 30-წლიანი მართვის შემდეგ, კრისტობალმა გადაწყვიტა მისი დახურვა. მან დახურა მაღაზიები მადრიდში, ბარსელონასა და პარიზში და გადაწყვიტა, მთლიანად დაეტოვებინა მოდის სამყარო. 1972 წლის 23 მარტს კრისტობალ ბალენსიაგა გულის შეტევით გარდაიცვალა. იმ დროს ის 77 წლის იყო.
ხელახალი გახსნა
მცირე პაუზის შემდეგ ბალენსიაგას მოდის სახლი კვლავ გაიხსნა. 1986 წელს ჟაკ ბოგარტმა შეიძინა Balenciaga-ს უფლებები და გამოუშვა ახალი მზა ტანსაცმლის ხაზი სახელწოდებით Le Dix. კოლექციის დიზაინერი იყო მიშელ გომა, რომელიც 1992 წელს ჰოლანდიელმა დიზაინერმა, ჯოზეფუს ტიმისტერმა შეცვალა.
1992 წელს მათ დააპროექტეს საფრანგეთის ნაკრების ტანსაცმელი ესპანეთში, ბარსელონაში ოლიმპიური თამაშებისთვის. ამ დროს დიზაინერი ნიკოლას გესკიერი გახდა, შემდეგ კი ბრენდის კრეატიულ დირექტორად დაინიშნა.
ბალენსიაგა დღეს
2011 წლის ივნისში ესპანეთის ქალაქ გეტარიაში კრისტობალ ბალენსიაგას მუზეუმი გაიხსნა. 2012 წლის ნოემბერში კომპანიამ გამოაცხადა, რომ ის შორდება ნიკოლას გესკიერს, რომელიც კრეატიულ დირექტორად მუშაობდა 15 წლის განმავლობაში. მისი ადგილი ალექსანდრე ვანგმა დაიკავა, ხოლო 2015 წლიდან ბრენდის კრეატიულ დირექტორად დემნა გვასალია დაინიშნა.
2016 წლის ივნისში Balenciaga House-მა 2017 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია წარმოადგინა, რომელიც დემნას მიერ შექმნილი, მამაკაცის ტანსაცმლის სადებიუტო ნამუშევრებისგან შედგებოდა. 2017 წლის 5 ივნისს, დემნამ მოიპოვა წლის საერთაშორისო დიზაინერის ჯილდო და მას შემდეგ როგორც მისი, ისე მოდის სახლის წარმატება პიედესტალიდან არ ჩამოსულა.
ბიზნესისტორიებს წარმოგიდგენთ „ალიანს ჯგუფი”.
#დაძარი
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი