in

„ბალიში“: „საკმარისია, ერთხელ ჩაიძირო და მუდმივად გახსოვს ეს პირველი ემოცია“

ჩვენ, ადამიანებს გვიყვარს სიმშვიდე და დასვენება, რეალურად კი ჩვენი ყოველდღიურობიდან გამომდინარე ვერ ვახერხებთ ხარისხიან განტვირთვას. „ბალიში“ მთელი თავისი არსით ადამიანის კომფორტსა და განტვირთვას ემსახურება. ჩვენ შეგვექმნით ავეჯი, რომელიც ადამიანებს მოდუნების საშუალებას აძლევს ყველგან, იმდენად დაძაბულ გარემოშიც კი, როგორიც ოფისია. „ბალიში“ არის მარტივად მოსავლელი, გამძლე და კომპაქტურად გადასაადგილებლი. ყველაფერი მარტივადაა სანამ „ბალიშს“ გაიცნობ გგონია რომ არ გჭირდება, საკმარისია ერთხელ ჩაიძირო და მუდმივად გახსოვს ეს პირველი ემოცია.

მე ანა გიგანი ვარ, „ბალიშის“ თანადამფუძნებელი და იდეის ავტორი. „ბალიშის“’ დაბადებამდე, თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში, არქიტექტურის ფაკულტეტზე ვსწავლობდი. ბაკალავრის ხარისხის მიღების შემდეგ, რამდენჯერმე წამოვიწყე მცირე ბიზნესი, მაგრამ დროს ვერცერთმა გაუძლო. კრახის მიუხედავად, დავაგროვე გამოცდილება, რომელიც შეუცვლელი გახდა ჩემთვის. ვისწავლე, როგორ მივყვე ჩემს იდეებს ბოლომდე, როგორ დავრჩე მოტივირებული და დაბრკოლებებს არ მივცე ხელის შეშლის საშუალება. დღეს, ყველა წინაღობა მეხმარება, საგნებს სხვა კუთხით შევხედო და სასარგებლოდ გამოვიყენო.

როცა „ბალიშის“ შესაძლებლობებზე დავფიქრდით, მივხვდით, რომ 10-დან 9 ადამიანის გულის მოგება შეუძლია. გავიაზრეთ, რა მნიშვნელოვანია განტვირთვა და მიზნად დავისახეთ ადამიანების ყოველდღიურობა ბევრად უფრო მსუბუქი და მშვიდი გაგვეხადა. მილენიალები და gen-Z ცვლის ცხოვრების რიტმს და მასთან ერთად, ხარისხსაც. ჩვენ ვცდილობთ შევიქმნათ მოსახერხებელი გარემო, სტრესის შესამცირებლად, სადაც მშვიდად შევძლებთ მუშაობასაც და დასვენებას. „ბალიში“ ამ თაობის პროდუქტია, შესაბამისად, მომავალი და შესაძლებლობაც დიდი აქვს… პროდუქტზე ინფორმაციის მოძიებისას აღმოვაჩინეთ, რომ მსგავსი ავეჯი დიდი პოპულარობით სარგებლობს ამერიკასა და ევროპაში. შესაბამისად, ახალ ველოსიპედს არ ვიგონებდით და უფრო გაფართოვდა ჩვენი ხედვის არეალიც, გავიაზრეთ, რომ მსგავს პროდუქტზე მოთხოვნა საქართველოშიც უფრო და უფრო გაიზრდებოდა.

ბალიშის შიგთავსი ავეჯის ღრუბელია, რაც ნიშნავს, რომ შევსება ან ჩამატება 1-2 წელი არ დაგჭირდებათ. სტანდარტული „პუფის“ შემთხვევაში, მისი შიგთავსის შეცვლა ასოცირდება პენოპლასტში ამოსვრილ სახლთან და თმებში ჩაწებებულ ბურთებთან… არ გვიყვარს პენოპლასტი! დროთა განმავლობაში წარმოუდგენელი რაოდენობის ნაგვად იქცევა, რომელსაც არავინ გადამუშავებს. ჩვენს „ბალიშს“ ზედაპირი ეხსნება და რეცხვადია. შეგიძლიათ დადოთ ყველგან, სადაც დღის მანძილზე გიწევთ ყოფნა, სამუშაო თუ მოსასვენებელ სივრცეებში. ღრუბელი, თავის მხრივ, ქარხნის ნარჩენია, გვაბედნიერებს ის ფაქტი, რომ გარემოს დაბინძურების მაგივრად, ღრუბელი ბალიშებში ხვდება და ხალხის სიმყუდროვეზე ზრუნავს არაერთი წლის მანძილზე! „ბალიშის“ სახით ფუმფულა, მზრუნველი პიროვნება შემოდის თქვენს სახლებში და ოფისებში, რომელიც უბრალოდ თავისთვის დევს და სულ მზად არის დასახმარებლად!

ამ სფეროში გამოცდილება არ გვქონდა. მეტიც, რომ ვიხსენებ, როგორ დავიწყეთ ყველაფერი ძალიან მეცინება, თუმცა თავიდან არც ისე სასაცილო იყო… ხელით ვჭრიდით შიგთავსის ღრუბელს და ვერც პირველი შეკერილი ბალიშით ვიამაყებთ, თუმცა დღეს უკვე ზუსტად ვიცით, რისი გაუმჯობესება შეგვიძლია. მთელი გუნდი ქვეყნის პროფესიონალი მებალიშეები ვართ…

დროთა განმავლობაში, „ბალიში“ გაიზარდა, გაუჩნდა სტაბილური კმაყოფილი მომხმარებლები. რამაც თავისთავად გაზარდა პროდუქტზე მოთხოვნა და ახალი სერვისების დამატების აუცილებლობა. მოკლედ რომ ვთქვათ პირველ რიგში ინტელექტუალური დახმარება გვჭირდებოდა, რაც ბიზნესის გაზრდასთან ერთად ხარისხს და სერვისს შეგვინარჩუნებდა. წინასწარი მოლოდინი არ შეგვიქმნია, თუმცა გულის სიღრმეში ყველას გვჯეროდა, რომ ერთ ინვესტორს მაინც წამოვიყვანდით. ფაქტია, „ბალიში“ ადამიანების გულთამპყრობელი გახდა და წინ კიდევ დიდი გზა გვაქვს!

Shark Tank-ში ჩვენი გამარჯვება ახალ შესაძლებლობებს ნიშნავს! შარქების სახით, ისეთი ადამიანები გვიმაგრებენ ზურგს, ყველა დაბრკოლების შიში გაგვიქრა, ასეთი ძალა აქამდე არასდროს გვიგრძვნია. ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს გამოვიყენებთ, რომ ვისაც „ბალიშის“ სჯერა, იმედები არ გავუცრუოთ.

გვინდა, „ბალიშს“ საქართველოში ძალიან კარგად იცნობდნენ. ჩვენი მომხმარებლების გარეშე არაფერი გამოგვივიდოდა, ვამაყობთ ქართული წარმოებით და ჩვენი ხარისხი პირველ რიგში ქართველებისთვის უნდა იყოს სანდო და საყვარელი. რამდენიმე წელში, „ბალიში“ იქნება ქართული ავეჯის უმსხვილესი კომპანია, რომელიც აქ დამზადებულ „ბალიშს“ ექსპორტზე გაიტანს. ჩვენმა შრომამ შედეგი გამოიღო და აწი, რაღა გაგვაჩერებს! მალე, მზად ვიქნებით მომხმარებლების არმიასთან შესახვედრად, ახალი პროდუქტებით, ძლიერი გუნდითა და გაზრდილი წარმოებით.

ანა გიგანი – იდეის ავტორი


„შარქ თენქს“ საქართველოში პირველი არხი, Sony Pictures და სტენლი შოუ წარმოგვიდგენს. ასევე, შოუს გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი ბიზნესი და VISA.

როგორ დავამყაროთ სანდო ბიზნესურთიერთობები დისტანციურად?

Marvel-მა სტენ ლის სახელის გამოყენების უფლება მიიღო