ფრანგული მოდის სახლი დისნეის „მეფე ლომის“ 30 წლის იუბილეს აღნიშვნას შეუერთდა და The Lion King Collection შემოგვთავაზა. შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა ოლივიერ რუსტინგმა, რომელიც ბავშვობიდან დისნეის გულშემატკივარია, მიზნად დაისახა, ფილმის არსი აფრიკული ხელოვნებით ეჩვენებინა. ამგვარად, ინსპირაცია კინოს თემატიკიდან აიღო და სავანის გარემოც დაიხმარა. შედეგად, Balmain-ის ხელწერის შესაბამისად, საოცარი სილუეტები შემოგვთავაზა თამამი პრინტებით, რომლებზეც სამმა აფრიკელმა ხელოვანმა იმუშავა.
კაბაზე სამხრეთ აფრიკელი მხატვრის ნიკა მთვანას ნამუშევარს ნახავთ, როცა კამერუნელი ხელოვანის ენფანტ პრეკოჩის სიმბას პორტრეტი მოსაცმელებს ამშვენებს. შოუს თეატრალურ ელფერს ოქროსფერი კაბა სძენს, რომელიც მზიან აფრიკულ დაბლობებს მოგვაგონებს… აქვე ნახავთ სამხრეთ აფრიკელი ხელოვანის კასიუს კუმალოს Nala-ს პორტრეტს, რომელიც ჰუდებზეა გამოსახული და არამარტო დისნეის ნოსტალგიას, არამედ აფრიკის შემოქმედებითი ხმების წარმოჩენასაც ემსახურება.
„ეს თანამშრომლობა ახდენილ ოცნებას ჰგავს. მხოლოდ 9 წლის ვიყავი, როცა The Lion King გამოვიდა, მაგრამ დღეს, თითქმის 3 ათწლეულის შემდეგ, უბრალოდ თვალის დახუჭვა მჭირდება, რომ ხელახლა წარმოვიდგინო მუსიკის, გამოსახულებებისა და ემოციების შესანიშნავი ნაზავი. გაკვეთილმა, რომელიც ვისწავლე, სრულად გარდაქმნა ის, რასაც ეკრანზე ჩემ წინ ვხედავდი და დარჩა ჩემთან მთელი ცხოვრების მანძილზე“, — აცხადებს დიზაინერი.
ამ ყველაფერს თან ახლავს ვიდეო, რომელიც სამხრეთ აფრიკის დასავლეთ კონცხშია გადაღებული, სადაც 30 აფრიკელ მოდელს Balmain Army-ის სახელით გვაცნობენ: