in

კვლევის თანახმად, ბამბის ქსოვილში ფილტრაციის ეფექტურობა 33%-ით მაღალია

მისი ნიღაბში გამოყენება ბევრად სასიკეთოა, ვიდრე ვფიქრობდით

უკვე ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მსოფლიოში კორონავირუსის პანდემია დაიწყო. მას თან მოჰყვა უამრავი შეზღუდვა, მათ შორის ღია და დახურულ სივრცეებში ნიღბის ტარება, თუმცა ამ დრომდე, ზოგიერთ ჩვენგანს ჯერ კიდევ არ აქვს ცხადი ინფორმაცია მათ შესახებ. უბრალოდ ყველამ ვიცით, რომ ნიღაბი გარკვეულწილად ეფექტურია ვირუსების გავრცელების შესაჩერებლად.

ბუნებრივია, ჩვეულებრივი სამედიცინო პირბადის პარალელურად უამრავი სხვაგვარი ნიღბის წარმოება დაიწყო. ACS Applied Nano Materials-ში გამოქვეყნებულმა ბოლოდროინდელმა კვლევამ კი შეისწავლა ქსოვილისა და სინთეთიკური ნიღბების გამძლეობა გარემოში, რაც სუნთქვის შედეგად წარმოქმნილი ტენიანობის იმიტაციას გულისხმობდა. შედეგად, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ფილტრაციის ეფექტურობა 33%-ით მაღალია ბამბის ქსოვილებში.

სტანდარტებისა და ტექნოლოგიების ეროვნული ინსტიტუტის (NIST) და სმიტსონიანის მუზეუმის კონსერვაციის ინსტიტუტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ რადგანაც ბამბა ჰიდროფილურია – მას წყალი “მოსწონს”, ეს ქსოვილი უკეთესად მოქმედებს ტენიან გარემოში. ამის საპირისპიროდ, “წყლის მოძულე” სინთეთიკური ქსოვილები ვერ აღიქვამს ტენიანობას, რაც მათ ნაკლებად ეფექტურს ხდის ვირუსის ნაწილაკების ბლოკირებაში.

კვლევის ფარგლებში გუნდმა რამდენიმე ნიმუში შეამოწმა. ქსოვილების ნაწილი 99%-ით ტენიან გარემოში მოათავსეს, ნაწილი კი 55%-იან. მას შემდეგ, რაც ქსოცილები ტენიანობას შეეჩვია, მილიდან გაუშვეს მარილის ნაწილაკებით მდიდარი ჰაერი, რომელიც ადამიანის სუნთქვის იმიტაციას ჰგავდა. როგორც აღმოჩნდა, სხვადასხვა ტიპის ბამბის ფლანელში ეფექტურობის მაჩვენებელი საგრძნობლად მაღალი იყო.

მართალია, მკვლევრები აღიარებენ, რომ ლაბორატორიული გარემო პირობები რეალური ცხოვრებისგან განსხვავებულია, თუმცა მიღებული შედეგები მნიშვნელოვანია სწორი ნიღბის შერჩევისთვის. “ბამბის ქსოვილები კვლავ შესანიშნავი არჩევანია. ახალი კვლევა კი გვიჩვენებს, რომ მისი ნიღაბში გამოყენება ბევრად სასიკეთოა, ვიდრე ვფიქრობდით” – ამბობს NIST-ის მკვლევარი კრისტოფერ ზანგმეისტერი.

საინტერესოა, რომ შედეგები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამჟამინდელი პოლიტიკური კლიმატის გათვალისწინებით, რადგან მრავალ ქვეყანაში ნიღაბი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილად რჩება. “ნიღბის ტარება ერთ-ერთი მარტივი გზაა ჩვენს საზოგადოებაში დაავადების გადაცემის შენელებისთვის. სანამ ვაქცინის მიღება ეტაპობრივად მიმდინარეობს, ჯერ კიდევ არ გვაქვს ჯოგური იმუნიტეტი და შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, სახის დაფარვა კვლავ გვჭირდება” – ამბობს დოქტორი მარკ ესკოტი.

გლობალური სტარტაპ ფონდი სტარტაპების დაფინანსებისთვის ემზადება

წლევანდელ ALL STAR-ს ბოლო 31 წლის განმავლობაში ყველაზე ცოტა მაყურებელი ჰყავდა