in

„მთებში უნდა დავაბრუნოთ სიცოცხლე!“ – ბანაკი „კავკასიონი“ ბავშვებს უფასოდ შეასწავლის სამთო სპორტს

მთის სიყვარული გადამდებია. მიიკვლევ გზას საქართველოს მთაგორიან ადგილებში და არ გშორდება მოწიწებისა და აღფრთოვანების განცდა. გრანდიოზული სანახაობა, რასაც საქართველოს ქედებსა და ხეობებში გვხვდება, აყალიბებს ჩვენს ხასიათს, სურვილს გვიჩენს უკეთ შევისწავლოთ გარემო და მის ნაწილად ვიქცეთ. საქართველოში საზაფხულო და ზამთრის სამთო სპორტისთვის შესანიშნავი გარემოა, თუმცა რეგიონებიდან კვლავაც მაღალია ახალგაზრდების დიდ ქალაქებში გადინება, რომლებიც ცდილობენ პერსპექტივა სხვაგან მოძებნონ. ამავდროულად, არაერთ ახალგაზრდას, რომელსაც ადგილობრივი განვითარების ნაწილად იქცეს, არ აქვს საშუალება შეისწავლოს სამთო აქტივობები და საკუთარი ეკიპირება თავად შეიძინოს. სწორედ ამან შთააგონა სამთო გამყოლებს ჩამოეყალიბებინათ ბანაკი, რომელიც რეგიონში მცხოვრებ ბავშვებს უსასყიდლოდ შეასწავლიდა სამთო სპორტს, გააცნობდა უსაფრთხოების წესებს და პრაქტიკულ გამოცდილებას შესძენდა.

ამ მიზნით, პროფესიონალი სამთო გამყოლები და ინსტრუქტორები მოხალისეობრივად გაერთიადნენ და ბანაკი „კავკასიონი“ დააფუძნეს. ერთობლივი ძალისხმევით, საცდელი შეხვედრების ორგანიზების გარდა, გუნდის წევრებმა სათანადო რესურსების მოძიებაც შეძლეს და ბანაკში მონაწილე ბავშვებს ეტაპობრივად გადასცემენ სრულ სამთო-სათხილამურო ეკიპირებას. ბანაკი „კავკასიონის“ გუნდი კვლავაც ცდილობს დამატებითი რესურსების შეგროვებას და მზადაა მხარდამჭერებთან, საკუთარი წვლილი შეიტანოს საქართველოში რეგიონებისა და სამთო სპორტის განვითარებაში. ბანაკის აქტივობების შესახებ თანადამფუძნებელი კახაბერ აქიმიძე გვესაუბრა.

„იდეაა, რომ მთებში სიცოცხლე დაბრუნდეს, მთის ინტერესი დავაბრუნოთ და გავაღვივოთ. ბავშვებს გავუჩინოთ ინტერესი, რომ თავისი კუთხიდან არ წავიდნენ და პირიქით იქ განვითარდნენ და გარემო განავითარონ“.

M: ასეთი ბანაკის შექმნის მოტივაცია როგორ მომწიფდა?

წარმოშობით თუში ვარ. ჩემი მოტივაცია ეს კუთხე და აქ არსებული რეალობაა. თუშეთს აღარ ჰყავს მუდმივი მაცხოვრებელი, ზამთარში 1-2 ოჯახი რჩება. როდესაც ხალხს თუშეთის სპორტულ პერსპექტივაზე ესაუბრები, გეუბნებიან, რომ შეუძლებელია. პროფესიული კუთხითაც რომ უხსნი მაინც არ სჯერათ, ადგილობრივებმაც კი არ იციან, რომ თავიანთ მხარეში შეიძლება ამ საქმიანობის განვითარება. მეორე მიზეზი არის, რომ ზოგადად ეს სპორტის სახეობები განვითარდეს და ადამიანებს მატერიალური ბარიერები აღარ ჰქონდეთ იმისათვის, რომ ამ სპორტთან ჰქონდეთ შეხება. ეს სპორტის სახეობები საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული და რადგან ეს ბარიერები არსებობს, გვინდოდა, რომ ისეთი ბავშვებისთვის შეგვექმნა ეს პირობები, ვისთვისაც ეს წარმოუდგენელია, თავიანთი ოჯახური პირობებიდან გამომდინარე.

სკი-ტურსა და მთაში სიარული 13 წლიდან დავიწყე. სხვადასხვა ბანაკში ვიყავი, გიდების სკოლა დავამთავრე და თანდათან იმ დასკვნამდე მივედი, რომ ჩემი ცოდნა სხვებისთვის გამეზიარებინა. იმ პერიოდში ვისთან ერთადაც დავდიოდი მთაში, მე და ამ ადამიანმა გადავწყვიტეთ, რომ ამ საქმეს სერიოზულად მოვკიდებოდით და იმაზე გვეფიქრა, როგორ შეგვიძლია ეს ამბავი უფრო აქტუალური გავხადოთ. შემდეგ, იდეა ხმამაღლა გაჟღერდა და ის ადამიანები შევკრიბეთ, ვინც მზად იყო დაგვხმარებოდა.

M: როგორ გაერთიანდა პროფესიონალების გუნდი ამ იდეის გარშემო?

ეს იდეა ჩვენს სამეგობრო წრეს შევთავაზეთ. ზოგი რეგულარულად ჩვენ გვერდშია, ზოგი – პერიოდულად გვეხმარება. საბოლოო ჯამში, ეს საქმე იმაზეა დაფუძნებული, რომ აქ მატერიალურ სარგებელს არ ხედავენ და თავიანთი დროის და ინტერესის მიხედვით გვიწყობენ ხელს. ეს ყველაფერი საერთო საქმეა და ყველას ვეუბნებით, რომ ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ამ საქმეში ცოდნა და გამოცდილება აქვს, სურვილის შემთხვევაში, შეუძლია ჩვენი დახმარება.

ჩვენი გუნდი პროფესიონალი და კვალიფიციური ადამიანებისგან შედგება. ჩვენ არანაირი ფინანსური ინტერესი არ გვაქვს და მომავალშიც ასე ვაპირებთ. მხოლოდ ის მიზანი და სურვილი გვაქვს, რომ ამ ბავშვებს დავეხმაროთ. გუნდი, დაახლოებით, 10 ადამიანისგან შედგება. ერთმანეთთან საერთო სურვილმა დაგვაკავშირა.

M: რა მიმართულებებს მოიცავს ბანაკის შეკრებები?

გვაქვს ზამთრის და ზაფხულის შეკრებები. ზამთრის შეკრებაზე ბავშვები ზამთრის სპორტს ეცნობიან და ამ ყველაფერს პრაქტიკაში ეჩვევიან. ასევე, ვასწავლით უსაფრთხოების წესებს, საღამოობით გვყავს სტუმრები, რომლებიც ბავშვებს თავიანთ სფეროს აცნობენ. ზაფხულის შეკრება კლდეზე ცოცვასა და ალპინიზმს მოიცავს. აქაც მიმდინარეობს ლექციები. წელს, 16 ბავშვი გვყავდა. ჩვენი მიზანია, ისეთ ბავშვებს დავეხმაროთ, ვისაც მატერიალური შესაძლებლობა არ აქვთ. ჩვენი ჯგუფი ამ ყველაფერს აკეთებს უსასყიდლოდ, ერთადერთი იმისთვის ვეძებთ დაფინანსების წყაროს, რომ ფინალური შეკრება ჩატარდეს. ფინანსები ასევე გვჭირდება, რათა ამ ბავშვებს ეტაპობრივად სრული სამთო აღჭურვილობა მივაწოდოთ. უკვე 12 ბავშვია, ვისაც სამთო-სათხილამურო აღჭურვილობა გადავეცით. 16 ბავშვს კი, ვინც ახლა გვყავდა, სათხილამური ბათინკები, ქურთუკები, საწვიმრები, ვისაც რა არ ჰქონდა, ყველაფერი ვაჩუქეთ.

ზაფხულის შეკრებას არ ვაპირებდით, მაგრამ პირველი შეკრება რომ დამთავრდა მაშინვე გადავწყვიტეთ, ესეც ჩაგვეტარებინა. ახლა ზაფხულის შეკრების შემდეგ, უკვე გადავწყვიტეთ ორი ნაკადი მივიღოთ. ამ დროისთვის, 16-კაციანი ჯგუფია, ვისაც 4 შეკრება ჩაუტარდება – 2 ზამთრის და 2 ზაფხულის. საბოლოო ჯამში, ჩვენ ვქმნით საფუძველს, რომ ბავშვებს სრული აღჭურვილობა ჰქონდეთ დამოუკიდებლად სასრიალოდ. ასევე, ჩვენ პროფესიული კუთხით იმ საფუძველს ვაძლევთ, რომ ალპინიზმის ფედერაციის შეკრებაზე ან გიდების სკოლაში მოხვდნენ, ან პარაპლანის კურსი დავუფინანსოთ.

M: როგორ მიმდინარეობს ბავშვების შერჩევა?

ჩვენს ჯგუფში მთელი საქართველოს მთიანი რეგიონი გვაქვს მოცული, ჩვენი წარმოშობის მიხედვით. თითო ადამიანი თავის მხარეში ეძებს ხოლმე 1 ბიჭსა და 1 გოგოს. ბუნებრივია, ბავშვს ჯანმრთელობის მდგომარეობაც უნდა უწყობდეს ხელს, რომ ამ სპორტში ჩვენთან ერთად იყოს. თავიდან ზოგიერთმა თავი შეიკავა, რაკი ყველაფერი უფასო იყო, საეჭვოდ მოეჩვენათ. მერე ბევრმა გამოთქვა სურვილი.

M: სად და როგორ იგეგმება მოსამზადებელი აქტივობები?

პირველი ზამთრის ბანაკი გუდაურში იყო. მეორე ბანაკში სამი ადგილმდებარეობა გვქონდა –  გველეთიდან დავიწყეთ, შემდეგ ჭაუხებში გადავედით, 2500 მეტრზე, ჭაუხის საბანაკე ადგილას და იქედან გუდაურში გადმოვედით. სამივეგან სხვადასხვა აქტივობები ჰქონდათ ბავშვებს. გველეთში ცოცვა იყო აქტუალური, ჭაუხებში – ალპინიზმი, გუდაურში – თხილამურები…

გამომდინარე იქიდან, რომ ბანაკის საორგანიზაციო პროცესი საკმაოდ დიდ დროს საჭიროებს, მოსამზადებელი სამუშაოების ჩათვლით, თითო ბანაკი 3 თვეს მოითხოვს. გაფართოების შემდეგ, სამომავლოდ, გვეყოლება ორი 16-კაციანი ჯგუფი, რომელიც სულ ოთხ შეკრებას გამართავს, ზაფხულსა და ზამთარში, 2-2 გუნდისთვის.

 


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

Facebook-ის საცდელ ვერსიაში მომხმარებლები ერთდროულად 5 პროფილს შექმნიან

რატომ მიიჩნევენ მონაცემთა გაერთიანებებს საუკეთესო გადაწყვეტილებად?