“ქილაში ჩამოსხმული ალკოჰოლური სასმელის გასინჯვის შემდეგ , 18 %-ით მეტად ბედნიერი და მხიარული გახდებით”, – ამას ახალი ბრენდი “ბანი” გვპირდება, რომელიც ინოვაციური, დამოუკიდებელი, თანამედროვე და თავისუფლების მოყვარული ადამიანების საყვარელ სასმელად ქცევას ისახავს მიზნად. როგორ შეიქმნა ბრენდი “ბანი”, რა სეგმენტზეა გათვლილი და რა გეგმები აქვს კომპანიას, მისი დამფუძნებელი ნიკოლოზ მეძმარიაშვილი მოგვიყვება. მან საბანკო და საინვესტიციო სფეროში დაგროვილი მრავალწლიანი გამოცდილების შემდეგ, სტრატაპში გადაწყვიტა საკუთარი ძალების მოსინჯვა.
M: რა არის ბანი?
ბანი პირველი ქართული, ნატურალური ინგრედიენტებით დამზადებული, განსაკუთრებული გემოს მქონე, მაღალალკოჰოლური სასმელია. მისი შეფუთვა საკმაოდ კომფორტულია, გემოები კი მრავალფეროვანი. ბანის სასმელების სერიაში შედის წითელი და თეთრი პორტვეინი, ბრენდის მიქსები მსხალთან, საფერავთან და კოლასთან ერთად.
M: როგორია “ბანის”, როგორც სასმლის კონცეფცია?
“ბანი” არის ცხოვრების ახალი სტილი, გართობის ახალი კულტურა. ის საფესტივალო, საკლუბო და საპიკნიკე–გასართობი კონტექსტის სასმელი იქნება, რომელიც სიცილთან, სიყვარულთან, ბედნიერებასთან ასოცირდება.
“ბანი” იქნება ყოველთვის და ყველგან იქ, სადაც მხიარულებაა.
M: სახელი როგორ შეარჩიეთ?
ჩვენი ხედვით, “ბანი” თავიდანვე საერთაშორისო ბრენდად მოიაზრება. ამიტომ, გვინდოდა, რომ სახელი ყოფილიყო მარტივად გამოსათქმელი, ქართული წარმოშობის. ქართულად ბანს არაერთი მნიშვნელობა აქვს, თუმცა ჩვენ არცერთ მათგანთან კონკრეტულად არ დაგვიკავშირებია, ეს მომხმარებელს მივანდეთ. სახელის ეს ვერსია ერთ–ერთი მსჯელობის დროს გაჟღერდა და რომ წარმოვიდგინეთ, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მცხოვრები ადამიანი მარტივად წარმოთქვამდა, მოგვეწონა.
M: როგორ შეიქმნა ბრენდინგი?
“ბანის” შექმნის დროს არაერთი კვლევა ჩავატარეთ, რაშიც კომპანია ARC დაგვეხმარა. კვლებზე დაყრდნობით კი შეიქმნა და განისაზღვრა ბრენდის პლატფორმა და სტრატეგია, რომელზეც სააგენტო Trifecta-მ იმუშავა. რაც შეეხება დიზაინს, Gulgia-ს ახალგაზრდულმა გუნდმა შექმნა. ფოკუს ჯგუფების დახმარებით კი შეირჩა ქილის საბოლოო დიზაინები, რომელიც ჩვენ მომხმარებელს წარვუდგინეთ.
ბანის ნებისმიერი სასმელი ერთი და იმავე ღირებულების არის მიუხედავად იმისა, რომ მათი თვითღირებულება განსხვავდება. ეს იმიტომ, რომ გვინდა ჩვენმა მომხმარებელმა სასმლის არჩევისას არა ფასით მიიღოს გადაწყვეტილება, არამედ გემოთი. ბანს 18% ალკოჰოლის შემცველობა აქვს, რაც მკაფიოდაა გამოხატული ბრენდინგშიც და მარტივი ფრაზით გამოიხატება – “დაუმატე შენს თავს 18% იმისთვის, რომ იყო…” და ამას მოსდევს სხვადასხვა ვარიაცია: ბედნიერი, მხიარული და ა.შ. თითოეული პროდუქტისთვის კი შევქმენით სახასიათო პერსონაჟები, რომლებიც ქილის დიზაინში გამოვიყენეთ.
M: “ბანის” გუნდზე გვიამბეთ…
“ბანის” ჩამოსხმა გურჯაანში ხდება, წარმოებაში კი ახალგაზრდა და პროფესიონალი სპეციალისტები არიან ჩართულები. გუნდში, ბიზნეს პროცესებს სანდრო მეძმარიაშვილი ხელმძღვანელობს, მე კი უფრო კომპანიის სტრატეგიულ მხარეს ვუძღვები.
M: ყველაზე დიდი დაბრკოლება რა შეგხვდათ “ბანის” სამზადისის პროცესში?
ბანის იდეა 3 წლის წინ გაჩნდა და ამ დროის განმავლობაში საკმაოდ ბევრი დაბრკოლების გადალახვა მოგვიწია. მაგრამ მე მჯერა, რომ თუკი ადამიანს მტკიცედ სწამს რაღაცის, აუცილებლად გამოუვა. რასაკვირველია, შემეძლო ბევრად მარტივი საქმიანობა ამერჩია ბიზნესისთვის, მაგრამ ეს ისაა, რაშიც მე მოტივაციას ვპოულობ. თუ ადამიანს იდეის სჯერა, ის არასოდეს დანებდება.
თუმცა, იყო ხელშეწყობაც – განსაკუთრებით მინდა გამოვყო TBC Leasing, რომელმაც ნდობა გამოგვიცხადა და საწყის ეტაპზე დაგვაფინანსა.
M: ამ დროისთვის, სად შეიძლება “ბანის” დაგემოვნება?
“ბანის” შეკვეთა Glovo-სა და Wolt-ით შეიძლება, ასევე, “უკვეს” რესტორნების ქსელში. უახლოეს დღეებში კი ბანის გაყიდვა “სმაგლერსში” და „აგროჰაბში“ დაიწყება. ჩვენი სასმლის დაგემოვნება ღია ცის ქვეშ, ორბელიანის მოედანზეც შეგიძლიათ.
ამის გარდა, ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს სხვა დიდ ჰიპერმარკეტებთან, რათა ბანი ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს.
M: სამომავლოდ…
აუცილებლად დავამატებთ ახალ გემოებს და ქართული ბაზრის შემდეგ გავიტანთ ექსპორტზე ევროპასა და ამერიკაში.
ჩვენი მიზანია, “ბანი” გლობალურ ბრენდად ვაქციოთ, რომელიც იქნება თავისუფლების, დამოუკიდებლობის, გართობის და ინოვაციურობის სიმბოლო.
[R]