in

”საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი”

საქართველოს ბანკმა უნივერსიტეტი დააფუძნა. როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში ამბობენ, მისი მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყანაში ფინანსური განათლების სფეროში მაღალი სტანდარტის დამკვიდრებას და მსურველებს საშუალება მისცეს მიიღონ ფინანსური ცოდნა მათთვის სასურველ დონეზე.

Bank of Georgia University

„საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი“ ბიზნესის სკოლას, მომხმარებელთა ფინანსური განათლების, სასერტიფიკატო სწავლების, პროფესიული განათლებისა და დამწყები ბიზნესის მხარდაჭერის ცენტრებს აერთიანებს. საქართველოს ბანკში ამბობენ, რომ უნივერსიტეტში გათვალისწინებულია პროგრამები: აბიტურიენტებისთვის, უკვე დასაქმებული და განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანებისთვის, რიგითი მომხმარებლებისთვისა და საკუთარი ბიზნესის მფლობელთათვის.

უნივერსიტეტი სტუდენტებს 2014 წლის სექტემბრიდან მიიღებს. ბიზნეს სკოლა შესთავაზებს სტუდენტებს ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამას ფინანსებში. სასწავლო პროცესი ითვალისწინებს პრქტიკულ და თეორიულ კურსს.

„საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის“ ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე მოხდება 50 სტუდენტის მიღება. მათგან საუკეთესო 10 სტუდენტი მიიღებს 100%–იან დაფინანსებას „საქართველოს ბანკისგან“, შემდეგი 20 სტუდენტი კი შვიდწლიან, 0%–იან სტუდენტურ სესხს ”.

”საქართველოს ბანკში” ამბობენ, რომ მათთან ლექციებს ადგილობრივი და საერთაშორისო წამყვანი სპეციალისტები წაიკითხავენ. მათი თქმით, სტუდენტებს მათ ჯგუფში პრაქტიკის გავლისა და დასაქმების რეალურ შესაძლებლობას აძლევენ.

უნივერსიტეტის მომხმარებელთა ფინანსური განათლების ცენტრში საქართველოს ბანკის მომხმარებლები – ფიზიკური და იურიდიული პირები, უფასოდ გაივლიან სპეციალურ კურსს ფინანსების მართვის საფუძვლებში.

კურსის მოსმენის შედეგად, მომხმარებლები შეძლებენ საკუთარი ფინანსური რისკების მინიმიზაციას და საფინანსო დაწესებულებასთან გრძელვადიანი, მომგებიანი ურთიერთობის აგებას. წლის განმავლობაში კურსს გაივლის 1,000 მომხმარებელი.

დამწყები ბიზნესის მხარდაჭერის ცენტრის მიზანია, შესაძლებლობა მისცეს ადამიანებს დაიწყონ და განავითარონ საკუთარი ბიზნესი. პროგრამის მონაწილეები მიიღებენ პროფესიონალურ კონსულტაციას და შესაძლებლობა ექნებათ დაამყარონ კონტაქტი ბიზნეს წრეებთან. საქართველოს ბანკში ამბობენ, რომ ისინი ასევე იმუშავებენ ბიზნესგეგმის შექმნაზე და საუკეთესო იდეების ავტორებისთვის გათვალისწინებულია გრანტების გაცემა.

სასერტიფიკატო სწავლების ცენტრი მსურველებს შესთავაზებს მოკლევადიან სპეციალიზირებულ სასწავლო კურსებსა და ტრეინინგებს ბიზნესის ადმინისტრირების სხვადასხვა მიმართულებით. სასერტიფიკატო კურსის მეშვეობით, შედარებით მოკლე დროში მსმენელი დაეუფლება აკადემიურ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარ–ჩვევებს.

პროფესიული განათლების ცენტრი კი დაინტერესებულ პირებს შესთავაზებს აკრედიტირებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას საბანკო საფინანსო სექტორში. პროგრამა აბიტურიენტებსა და ახალ კურსამთავრებულებს საშუალებას მისცემს ადრეული ეტაპიდან დაგეგმონ საკუთარი კარიერა.

სუპერთასი 2014-ის რჩეული – Honda

სპორტი vs სიყვარული – Lacoste