in

რამდენად მომზადებული დახვდა ქართული საბანკო სისტემა Covid-19-ის გამოწვევას?

“ყოველივე ეს კომპლექსურად იყო მზად: სტრეს-ტესტიც, ბიზნეს უწყვეტობის გეგმაც არსებობდა ბანკებში და ეს ინიციატივები კრიზისის გარეშეც მუშავდებოდა. მზადება, ამასთან დაკავშირებით, ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობდა. ეს იმის წინაპირობაა, რომ კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რამდენად მოქნილია საბანკო სექტორი იმ გამოწვევებთან მიმართებაში, რაც არის ან შეიძლება იყოს ქვეყანაში” – ალექსანდრე ძნელაძე, საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი.

ალექსანდრე ძნელაძე
ალექსანდრე ძნელაძე

ჯერ კიდევ, რამდენიმე დღის წინ, ძნელი წარმოსადგენი იყო, ათასობით ადამიანი, სახლიდან მუშაობის ანუ დისტანციურ რეჟიმზე თუ გადავიდოდა, ნიღბებითა და ანტისეპტიკური საშუალებებით (და არამხოლოდ) უხვად შეიარაღდებოდა და ისეთ ყოველდღიურ ვითომდა უმნიშვნელო რუტინას, როგორიც ხელების დაბანაა, ასე კოლექტიურად თუ მიუდგებოდა. თუმცა, Covid-19-ად წოდებულმა ახალმა კორონავირუსმა მხოლოდ ჩვენს ჯანმრთელობას როდი შეუქმნა საფრთხე, მოვლენები ეკონომიკაზეც მალევე აისახა და ბიზნესებიც და ფიზიკური პირებიც ფინანსური გამოწვევის წინაშე დადგნენ. თუმცა, რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა, რომ საზოგადოებასა და კერძო სექტორს მხარდაჭერა საბანკო სექტორმა გამოუცხადა და სესხების გადახდის სამი თვით გადავადების ინიციატივა გამოთქვა. ამას დაერთო ისიც, რომ სოციალური დისტანციის ხელშესაწყობად, ყველა ორსული ქალი და სხვა თანამშრომელთა ნაწილი ბანკებმა დისტანციურ მუშაობაზე გადაიყვანეს. ასევე, სერვისის დისტანციურად მიწოდებას უფრო ინტენსიურად შეუდგნენ და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, საზოგადოებას კუპიურების გამოყენების ნაცვლად, უნაღდო ანგარიშსწორების არაერთი საშუალების გამოყენებისკენ მოუწოდეს. მაინც, რამდენად მომზადებული დახვდა ქართული საბანკო სისტემა კორონავირუსის გამოწვევას? ამ და სხვა შეკითხვებით ალექსანდრე ძნელაძეს მივმართეთ.

M: როგორ დაიწყო საბანკო სექტორმა Covid-19-თან დაკავშირებული ფორს-მაჟორისთვის მზადება?

მზადება დაიწყო ერთი კვირის წინ, როდესაც ევროპაში გამწვავდა სიტუაცია. პირველ რიგში, ჩატარდა ბაზრის მდგომარეობის ანალიზი. არსებული მომართვიანობის გათვალისწინებით, დავინახეთ განგაშის პირველი სიგნალი. საბანკო სექტორმა მომენტალურად დაიწყო სადეზინფექციო სამუშაოები, თავიდანვე ჩაირთო თანამშრომლების დაცვის მექანიზმი, იყო მზადყოფნა ბიზნეს უწყვეტობისათვის და ყველა სტრეს-ტესტიც თავიდანვე იყო ჩატარებული. თანამშრომლებთან მიმართებაში, მაქსიმალური ზომები მიიღეს, რასაც ითვალისწინებდა კიდეც მთავრობისა და სამედიცინო სექტორების რეკომენდაციები.

M: გადავადება ყველა ბანკმა შესთავაზა მომხმარებლებს?

ყველა ბანკმა გამოთქვა მზაობა, ამა თუ იმ ფორმით, გადაავადოს სესხების გადახდა და ამ გადავადებების გააქტიურება თითოეულმა მათგანმა დისტანციურად შესთავაზა მომხმარებლებს. ზოგმა ბანკმა გადავადება ინდივიდუალურად დაიწყო, რადგან ფიზიკური პირების შეზღუდული რაოდენობა ჰქონდათ. იურიდიულ პირებთან მიმართებაში, განიხილეს არამხოლოდ სამთვიანი, არამედ ინდივიდუალური რეჟიმით.

M: ამ თემაზე ბევრჯერ ითქვა და დაიწერა, თუმცა, საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, განვმარტოთ, რას გულისხმობს გადავადება?

უნდა ითქვას, რომ ყველა რეკომენდაცია მომენტალურად გაითვალისწინეს. საქართველოს საბანკო სისტემამ შეძლო ძალიან დროულად შეეთავაზებინა მსესხებლებისთვის გადავადება – იმ თანხების (რისი გადახდაც ამ თვეებში მოუწევდათ) დანარჩენ პერიოდზე გადანაწილება ან ვადის დამატება არსებულ სესხზე და ამ თანხის გადახდის შემდეგ პერიოდზე გადანაწილება. ეს გულისხმობს იმას, რომ ამ სამი თვის განმავლობაში რა გადახდებიც ექნებოდა მსესხებელს (პროცენტისა და ძირის სახით), დაემატება შემდეგი პერიოდის გადასახდელებს ან გაუგრძელდება ვადა და ამ გაგრძელებულ ვადაში, იმავე თანხის გადახდით, მოახერხებს რეალურად უფრო გრძელ პერიოდში სესხის დაფარვას.

ბანკებმა გადავადება შესთავაზეს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომ ლიკვიდობაში ჰქონოდათ შვება შეენარჩუნებინათ და ასევე, მაქსიმალურად შეეწყოთ ხელი ფიზიკური პირებისთვის – არ გამოსულიყვნენ სახლებიდან და არ მოხვედრილიყვნენ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.

იქიდან გამომდინარე, რომ ეს მასშტაბური გადავადებაა, ვერ მოხდებოდა ინდივიდუალური შეთავაზება. აქედან გამომდინარე, ცალკეულმა ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება, როგორი ვადით გადაუვადებს მომხმარებელს და შეატყობინოს მომხმარებელს. თავის მხრივ, მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს გადავადებით ან უარი თქვას მასზე.

M: ბანკების დისტანციურ მუშაობაზე გადასვლაზეც გვიამბეთ…

გარდა იმისა, რომ დისტანციურად ხდება მომხმარებლებთან სერვისის მიწოდება. მომხმარებლებთან მიმართებაში, აქვე გამახვილდა ყურადღება, რამდენად მნიშვნელოვანია, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ის დისტანციური პროდუქტები, რომლებითაც შეუძლიათ მომხმარებლებს სერვისის მიღება. ამას გარდა, ხაზი გაესვა იმასაც, რამდენად საფრთხის შემცველია დღეს ნაღდი ფულით გადახდა და რეკომენდაცია გაიცა მის არ გამოყენებაზე. აქვე აღვნიშნავ – ქვეყნის მასშტაბით არსებობს 5 მლნ-ზე მეტი ბარათი ანუ მაქსიმალურად არის მოცული მოსახლეობა და რეკომენდაციის სახით ვიტყოდი, მაქსიმალურად გადავიდნენ ბარათებით სარგებლობაზე და მაქსიმალურად მოერიდონ ნაღდ ფულს.

მეორე ნაწილია, თავად ბანკებში, დისტანციურ მუშაობაზე გადასვლა და შეხვედრების დისტანციურად ჩატარება. ამ თვალსაზრისითაც მაქსიმალური მზაობა გამოხატა საბანკო სექტორმა. ერთი მხრივ, ყველა ფილიალი მუშაობს, მომხმარებლებს შეუძლიათ მომსახურების მიღება და ამავდროულად, მაქსიმალურადაა დაცული რეკომენდაციები. სადაც იყო შესაძლებელი, ყველა ბანკი მაქსიმალურად გადავიდა დისტანციურ მომსახურებაზე. ორგანიზებაზეც მინდა ვთქვა, რომ შეხვედრები კვლავინდებურად მიმდინარეობს დისტანციურად. ამ მხრივაც, ყველა ბანკის მხრიდან გამოიხატა ჩართვის მზაობა და მარტივად მოხდა ამის იმპლემენტაცია.

M: რაც შეეხება ფრონტ-ოფისებში მომუშავე თანამშრომლებს, რამდენადაა დაცული მათი უსაფრთხოება?

რაც შეეხებათ თანამშრომლებს, მაქსიმალურად არიან უზრუნველყოფილი ყველა გაცემული რეკომენდაციის თანახმად: ესაა პირბადე, ხელთათმანები, სადეზინფექციო ხსნარები და ერთი მხრივ, შევქმენით საშუალება, რომ მომხმარებელს არ დასჭირდეს ფილიალში მისვლა, მეორე მხრივ კი, ვისაც მაინც სჭირდება ფილიალში მისვლა, ადგილზე მისულს აწვდიან ინფორმაციას, როგორ მოიქცეს, რა გააკეთოს… კეთდება მაქსიმუმი, რომ მომხმარებელს არ შეექმნას დისკომფორტი ამ პერიოდში.

M: რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი ინიციატივა სწორედ საბანკო სექტორის მხრიდან?

საბანკო სექტორი ყველაზე დიდი ეკონომიკური სექტორია და აქედან გამომდინარე, მისი მზაობა და მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია მთავრობის ჩართულობაც, რადგან ამ პროცესში მათი მხრიდან მაქსიმალურად ხდებოდა გარკვეული სტიმულების შექმნა, წარმოადგინეს კიდეც კონკრეტული სქემა. ბანკების ამ გადავადებებთან ერთად, მთავრობამ 4-თვიანი გადავადებები გააკეთა გადასახადებზე. უნდა აღინიშნოს, კონკრეტული სექტორებისთვის, ვისთვისაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო გადავადება, უკვე აპრილიდან დაიწყება პროცენტის თანადაფინანსების პროექტი, რაც ასევე ხელს შეუწყობს, მარტივად გადავიტანოთ ის გამოწვევა, რაც დგას დღის წესრიგში.

საბანკო სექტორი სტაბილურად ვითარდება და მიუხედავად ამ მნიშვნელოვანი გამოწვევისა, უმკლავდება და მომხმარებელს სთავაზობს კიდეც კომფორტს. მას აქვს ამის საშუალება და ამით კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად კარგად ასრულებს დაკისრებულ პასუხისმგებლობას – დაეხმაროს მომხმარებლებს არსებული გამოწვევის გადალახვაში.

ყოველივე ეს კომპლექსურად იყო მზად, ყველაფერი. სტრეს-ტესტიც არსებობდა, ბიზნეს უწყვეტობის გეგმაც არსებობდა ბანკებში და ეს ინიციატივები კრიზისის გარეშეც მუშავდებოდა და მზადება: რა არის საჭირო, რომ სერვისების მიწოდება არ შეწყდეს ან რა ვადაა საჭირო, რომ აღდგეს მიწოდება, კონკრეტულ ადგილას… მეორეა ის, რომ მათ შორის, ეროვნულ ბანკთან ერთად, კეთდება სტრეს-ტესტები, სხვადასხვა გარემოებიდან გამომდინარე. ეს, რა თქმა უნდა, სიმულაციის დონეზე იყო და კვლავაც მიმდინარეობს მუშაობა.

M: თქვენი შეფასებით, მაინც, რამდენად მომზადებული დახვდა ქართული საბანკო სისტემა Covid-19-ის გამოწვევას?

ჯერჯერობით, ყველა მოქმედება არის ადეკვატური, დროული და მეტიც, დროზე ადრეც კეთდება, შემიძლია ვთქვა. თუ გადახედავთ, არამხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიო მასშტაბითაც, ასე ოპერატიულად არ მომხდარა იმ სერვისებისა და მხარდაჭერის გამოხატვა საბანკო სექტორიდან და ხაზგასასმელია ის მზაობა, რაც იყო საბანკო სექტორიდან და მთავრობიდან. ყველა რეკომენდაცია მაქსიმალურად ადრე იყო გაცემული, ხოლო ზომები – ნაადრევად მიღებული.

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

„მინისო“, COVID-19-ის პრევენციისთვის, დროებით, ფილიალების მუშაობას აჩერებს  

„ერთად შესაძლებლობები უსაზღვროა“ – BOG-ის მადლობა ყველას, ვინც არ აჩერებს საქართველოს