ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით, ადამიანთა უმეტესობა სასიამოვნო ფოტოებს აზიარებს, სიყვარულზე საუბრობს და რაღაც დადებით ემოციას გამოხატავს. თუმცა ყველასათვის ცნობილმა (და, ამავდროულად, უცნობმა) ქუჩის მხატვარმა, Banksy-მ გადაწყვიტა, ბედნიერი სიყვარულის საპირისპირო რეალობა გამოეხატა — მან მარგეიტში, ინგლისში, ერთ-ერთი შენობის კედელზე 50-იანი წლების დიასახლისი დახატა, რომელსაც მხოლოდ ახლო ხედით ეტყობა ჩალურჯებული თვალი და მოტეხილი კბილი…
ეს ფიზიკური ძალადობის შემდგომი სცენაა, რაზეც გარდა ქალის ნაცემი მდგომარეობისა, მეორე გამოსახულებაც მიანიშნებს — მაცივარში „ჩატენილი“ მამაკაცი. თავის მხრივ, მსგავსი კომპოზიცია იმაზეც მიანიშნებს, რომ საბოლოოდ ძალადობა მარცხდება, ქალებს კი ამისთვის საჭირო ძალა ყოველთვის აქვთ.
გამვლელებმა ნახატი 13 თებერვალს დააფიქსირეს და გავრცელდა ჭორები, რომ ის Banksy-ის ეკუთვნოდა, რაც მოგვიანებით თავადაც დაადასტურა ინსტაგრამზე.