„ბენქსი: ლეგენდის დაბადება“ — ასე ჰქვია მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენა, რომელსაც ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი 5 წლის იუბილეს აღსანიშნავად მასპინძლობს. ექსპოზიცია ასახავს მსოფლიო ვარსკვლავის, ლეგენდადქცეული ბრიტანელი გრაფიტის არტისტის — ბენქსის შემოქმედებით გზას ქუჩის ხელოვნებიდან მუზეუმის კედლამდე. გამოფენის კურატორი კი სტივ ლაზარიდისია.
გამოფენა ფართო აუდიტორიისთვის 18 ოქტომბერს გაიხსნება და 4 თვის განმავლობაში დარჩება თბილისში.
გამოფენას დაეთმობა მუზეუმის მესამე სართული სრულად — 11 დარბაზი. კურატორის ხედვით, დამთვალიერებელი იმოგზაურებს ბენქსის სამყაროში — დიდი არტისტის დაბადებიდან მის მსოფლიო აღიარებამდე.
სტივ ლაზარიდისი, კურატორი: „ეს კონკრეტული მოგზაურობა ბენქსისთან ერთად მუშაობის 11 წელიწადს ეხება, როცა მე მისი ფოტოგრაფი, დოკუმენტალისტი, მძღოლი, აგენტი, მენეჯერი და ყველაფერი ვიყავი. ბენქსის პირველად 1997 წელს შევხვდი, როდესაც ის იწყებდა მუშაობას, როგორც ახალგაზრდა უცნობი გრაფიტის არტისტი ბრისტოლიდან.
ამ გამოფენაზე ნახავთ ბენქსის მიერ განვლილ სრულ გზას. დაათვალიერებთ მის ხელოვნებას ორი პერსპექტივიდან — ჩემ მიერ გადაღებულ დოკუმენტურ ფოტოებს, რომლებიც შეგიქმნით წარმოდგენას იმის შესახებ, თუ საიდან მოვიდა ის, როგორ დაიწყო ყველაფერი და ასევე, ნახავთ ორიგინალებს, რომ გაჩვენოთ, რამდენად გასცდა ბენქსი საზღვრებს და რამდენად უსწრებდა დროს. ნელ-ნელა, დათვალიერებისას, თავად მიხვდებით, თუ რატომ გააღმერთა იგი ხელოვნების სამყარომ და როგორ იქცა ვანდალი არტისტი საკულტო ფიგურად“.
ექსპოზიცია შედგება გამოფენის კურატორის, სტივ ლაზარიდისის ექსკლუზიური ფოტო და ვიდეომასალისგან, კულმინაცია კი იქნება ბენქსის ორიგინალი ნამუშევრები „მაგთიკომის პარტნიორის“, ბრიტანელი ლორდის — ედვარდ ჩერჩილის კერძო კოლექციიდან. ექსპონატებს შორისაა სხვადასხვა მასალით შესრულებული ნამუშევრები: სკულპტურა, ტილო, ავთენტური ქუჩის ჟალუზი და სხვა.
ერთ-ერთ დარბაზში, ბენქსის ორიგინალებთან ერთად, წარმოდგენილი იქნება ქართველი ქუჩის ხელოვანების მიერ მუზეუმის კედელზე შესრულებული ნამუშევრებიც. მათი ინტეგრირება განსაკუთრებულ ხიბლს სძენს ბენქსის თბილისურ ექსპოზიციას. ქარველი სტრიტ არტისტების მიერ მოხატული კედლის გამოფენის კურატორია ელენე კაპანაძე. წარმოდგენილი ხელოვანები ყველაზე აქტიურად მუშაობენ თბილისის ქუჩებში, მუზეუმში შექმნილი ნამუშევრები მათ ხელწერას ატარებს და რეფლექსირებს ქართულ კულტურაზე.
მონაწილე არტისტები: გაგოშა, მიშიკო სულაკაური, სემიჩკა, კოსკა, Sick’nTired.
მუზეუმის გუნდი: „ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმმა 5 წლის განმავლობაში უმასპინძლა ათობით გამოფენას და საინტერესო საღამოს, ასიათასზე მეტ ვიზიტორს. ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო ქართული ხელოვნების მხარდაჭერა და რუსთაველის 7 ნომერში ქალაქის კიდევ ერთი კულტურის ცენტრის შექმნა. საერთაშორისო მასშტაბის პროექტი — ბენქსის გამოფენა, ცხადია, ჩვენთვის განსაკუთრებული მოვლენაა. ამ გამოფენას რამდენიმე მიზანი აქვს: ადგილობრივი დამთვალიერებელი მუზეუმის მეხუთე დაბადების დღეზე ნახავს იშვიათ ექსპოზიციას და გაიცნობს ლეგენდას. გარდა ამისა, ამ გამოფენით მუზეუმი მხარს უჭერს ქართულ სტრიტ არტს. ჩვენი მიზანია, რომ თბილისი ხელოვნების მსოფლიო რუკაზე მოინიშნოს — ამ მასშტაბის გამოფენამ ქვეყანაში შესაძლოა ტურისტული ნაკადიც მოიზიდოს.“
გამოფენის მხარდამჭერები არიან: SOLO X და Visa
პარტნიორები: Huge TV, კაპაროლი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
ფოტოები ეკუთვნის ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმს, ავტორი: ნინი კარელიძე.
ბენქსი — მსოფლიოში ცნობილი და, ამავდროულად, ყველაზე უცნობი ხელოვანი
ხელოვნებაში ყველაფერი დასაშვები და მისაღებია. აქ ყველაფერს აქვს არსებობის უფლება თუ თავისუფლება. არც იმას აქვს მნიშვნელობა, ვინ ხარ — მთავარია, რას და როგორ აკეთებ. ასეა ბენქსის შემთხვევაშიც, ფსევდო-ანონიმური ინგლისელი გრაფიტის მხატვრის, რომლის რეალური ვინაობის შესახებაც არავინ იცის. რა თქმა უნდა, უამრავი მოსაზრება, ჭორი თუ სავარაუდო დაშვება არსებობს, მაგრამ მაინც ყველაფერი ბუნდოვანი თუ არადამაჯერებელია.
ამ დეტალებს არც აქვს არსებითი მნიშვნელობა, რადგან ჩვენ, დამკვირვებლებს, ამ შემთხვევაში მხოლოდ ხელოვნება გვაინტერესებს. ბენქსის ნამუშევრები კი ნამდვილად ჩვენ თვალწინაა გადაშლილი — ქუჩებსა თუ გალერეებში, დროებით თუ მუდმივ გამოფენებზე. არაფერი ვიცით უშუალოდ პიროვნებაზე, მაგრამ ნახატების მიხედვით ყოველთვის ცალსახა ხდება შემოქმედებითი ფიქრები და იდეები. რაღაცნაირად „ავტორის სიკვდილის“ იდეას წააგავს, სადაც თავად პიროვნება არანაირ კავშირშია ხელოვნების ნიმუშებთან.
პირველად ბენქსის სახელმა 1993 წელს გაიჟღერა, ამის შემდეგ კი სწრაფად დაიმკვიდრა თავი სახელოვნებო სივრცეში. ალბათ, მიზეზი გრაფიტის მხატვრის თამამი ხედვა გახდა: ის გამუდმებით ანტიავტორიტარული იდეების წინააღმდეგ იბრძოდა, ხატავდა ვირთხებსა და პოლიციელებს, ავრცელებდა საზოგადოებაში დამკვიდრებული აზრების საპირისპირო ხედვებს… ხატოვნად თუ ვიტყვით, „ხელშესახებად“ არსად ყოფილა, მაგრამ ყოველთვის იყო იქ, სადაც ხალხს მკაფიო აზრის დაფიქსირება სჭირდებოდა — დაწყებული შიდა პროტესტებით, დასრულებული რუსეთ-უკრაინის ომით. სხვა სიტყვებით, ბენქსი თანამედროვე სამყაროსა და მიმდინარე მოვლენების ყველა მნიშვნელოვან სიახლეს შემოქმედებით ეხმიანება.
შეებრძოლეთ მებრძოლებს და არა მათ ომებს
„უბრალოდ მინდა, სამყარო უკეთეს ადგილად ვაქციო“ — სწორედ ეს არის ბენქსის ხედვის ამომავალი წერტილი. ამ უკეთეს ადგილად ქცევაში კი მკვეთრად გამჯდარი იდეების გადატრიალებასაც მოიაზრებს. ზოგჯერ მთელი ტრაგიზმით ასახავს სამწუხარო ფაქტებს, ზოგჯერ გრაფიტის ნამუშევრებიდან უდიდესი ცინიზმი გამოსჭვივის. ბევრჯერ მისი მოტრფიალე კურატორებისა და გალერეის ვიზიტორებისთვისაც მოუწყვია „თამაში“… მაგალითად, ყველას თვალწინ საკუთარი ნამუშევარი რომ გაანადგურა — „გოგონა ბუშტით“. თითქოს, „თავად შემიძლია იმის განადგურება, რასაც მე ვქმნიო“ და ასე მიიღო ბუნებრივად გაოგნებული ადამიანების რეაქცია.
დღეისათვის Banksy მსოფლიოში აღიარებული გრაფიტის მხატვარია, რომლის ნამუშევრებსაც ყოველთვის სახასიათო შტრიხები გასდევს. ქუჩის მხატვრობის გზის არჩევის მიუხედავად კი, მისი შემოქმედება გალერეების, მუზეუმების თუ აუქციონების ხშირი ნაწილია. მართალია, ბენქსი არასდროს ჩნდება კამერებთან, მაგრამ რამდენიმე ინტერვიუ, რომელთა მოძიებაც შეიძლება, ან ელექტრონული ფოსტის სახითაა ჩატარებული ან შეცვლილი ხმით… ასეთ დროს საუბრისას კი არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ყოველთვის ქუჩის ხელოვნების ერთგული დარჩებოდა, რადგან ნამდვილი ცხოვრება სწორედ აქაა — ეს არის წვეულება, რომელზეც ყველაა მიწვეული.
ავტორი: ქეთია ბელქანია