რამდენიმე თვიანი სიჩუმის შემდეგ, Banksy ლონდონის ქუჩებში დაბრუნდა — სულ რაღაც სამ დღეში ცხოველების არაერთი მურალი შემოგვთავაზა, იქნება ეს თხა, სპილოები, მაიმუნები, ვარხვები, კატა თუ თევზები. ფიქრობენ, რომ ამ ჩამონათვალს კიდევ ბევრი დაემატება… თუმცა სანამ ეს მოხდება, მანამდე მოდით, არსებულები განვიხილოთ.
ჩვეულებისამებრ, Banksy-მ ისინი ინსტაგრამით გაგვიზიარა ზედმეტი ახსნის, აღწერილობისა თუ სათაურის გარეშე, რითაც თავისივე ავთენტურობაც დაადასტურა. თუმცა გულშემატკივრებს ბევრი კითხვა აქვთ და, ასე თუ ისე, ცდილობენ, თითოეულ ნამუშევარს ახსნა მოუძებნონ.
თხის სტენსილს პალესტინას უკავშირებენ, რადგან მთის გაზელი აღნიშნული რეგიონის ეროვნულ ცხოველს წარმოადგენს. თუმცა სხვებს ეს ბრიტანული საზოგადოების მდგომარეობის აღმნიშვნელად მიაჩნიათ, ზოგიც კი მას განტევების ვაცის სიმბოლოდ აღიქვამს. ერთი ნაწილი იმასაც ფიქრობს, რომ ეს Caxton Name Plate Co Ltd-ის შენობის ისტორიას უკავშირდება, რომელზეც თავად მურალია დატანილი, მეორე ნაწილს კი ყველაფერი მეტად მარტივად ესახება — „შესაძლოა, ბენქსიმ იფიქრა, რომ თხის დახატვა აქ კარგი იდეა იქნებოდა“.
რაც შეეხება სპილოებს, მიქელანჯელოს „ადამის შექმნის“ თანამედროვე ინტერპრეტაციად მიაჩნიათ. საქმე აქ იმაშია, რომ ადამს ღმერთის თითთან შეხება სურს, მაგრამ კონტაქტის ნაკლებობა, მიგვანიშნებს, რომ ადამიანები რეალურად ვერასდროს უკავშირდებიან მას. თუ დაკვირდებით, სპილოს ხორთუმები არც აქ ეხება ერთმანეთს… The elephant in the room-ის ცნებაზეც საუბრობენ, როცა პრობლემა აშკარაა, მაგრამ თავიდან ირიდებენ…
მესამე ნამუშევარში კი მაიმუნებს ვხედავთ, რომლებიც East London-ის მატარებლის სადგურზე არიან ჩამოკიდებულნი. საინტერესოა, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ბენქსიმ ნამუშევარში მაიმუნი გამოიყენა, ხშირად კი ასე ადამიანის ქმედების სიმბოლოდ წარმოგვიდგენს. ამჯერად კი ფიქრობენ, რომ ეს ბეტონის ჯუნგლების კონცეფციაზე უნდა მიგვანიშნებდეს. მეორე განმარტებაც მოიძებნება, რომლის თანახმადაც ერთი ცხოველი იზოლირებული და უიმედოდ დარჩენილია, ორი ერთმანეთს მიმართავს დასახმარებლად, ხოლო სამი ერთად ძლევს სირთულეებს.
თევზისა და ჩიფსების მაღაზიის თავზე ორ ვარხვსაც ნახავთ, რომლებიც თევზს მიირთმევს:
ახალ სტენსილებს შორისაა კატაც, რომელიც ხის ზედაპირზე იზმორება:
და სულ ახლახან Banksy-ის კიდევ ერთი ნამუშევარი აღმოაჩინეს — პატარა ჯიხური აკვარიუმად გადააკეთა:
ეს ნამუშევრებიც თითქმის ყოველი ადამიანისთვის განსხვავებული იდეის მატარებელია, თუმცა, ზოგადად, ლონდონის ქუჩების ცხოველთა მურალებით ავსებას საინტერესო ინტერპრეტაციით წარმოგვიდგენს Banksy-ის ერთ-ერთი გულშემატკივარი — „ყველა ფოტოში ცხოველებს გვაჩვენებს, რომელიც ჯორჯ ორუელის „ცხოველების ფერმაზე“ მიგვითითებს, სადაც ცხოველი ადამიანების დაუმორჩილებლობის სიმბოლოს წარმოადგენს სახელმწიფოსადმი“.