სულ ცოტა ხნის წინ, საქართველოში პირველად გაიხსნა საერთაშორისო გამოფენა – „ბენქსი: ლეგენდის დაბადება,“ სტივ ლაზარიდისის კურატორობით. გამოფენა მოეწყო ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის 5 წლის იუბილესთან დაკავშირებით და 18 ოქტომბრიდან 14 თებერვლამდე უმასპინძლებს დამთვალიერებლებს. გამოფენა, რომელიც სტივ ლაზარიდისის კურატორობით ტარდება, მისტიკური ბენქსის ერთგვარი მატიანეა და მხატვრის ორიგინალ ნამუშევრებთან ერთად, მის შესახებ დოკუმენტურ მასალებს მოიცავს, რაც სტივ ლაზარიდისმა 11 წლის განმავლობაში ასახა. რა გასაკვირია, რომ ის, ბენქსის მთავარ მემატიანედ მიიჩნევა.
სტივ ლაზარიდისი თავადაც ბრისტოლიდანაა. წარმოშობით ბერძენ გამომცემელსა და ფოტოგრაფს CNN ასე აფასებს: “Art dealer who made Banksy”. მას კოლოსალური წვლილი მიუძღვის ბენქსის მასშტაბური კარიერის შექმნაში. საკუთარი კარიერის განმავლობაში, ლაზარიდისს უმუშავია უამრავი სხვადასხვა მიმართულებით – ყოფილა მშენებელიც, მხატვარიც, დეკორატორიც, ფოტორედაქტორიც, სანამ თანაქალაქელი ბენქსის შემოქმედების გადაღებას დაიწყებდა.
ლაზარიდისი გამოცდილი ფოტოგრაფი იყო და ალბათ, მხატვრობის სფეროთი არასოდეს დაინტერესდებოდა, რომ არა ბენქსის მიდგომა. მისი თქმით, ბენქსიმ ხელოვნების სტრატოსფეროში კატაპულტირება შეძლო. ხელოვანით 1997 წელს დაინტერესდა, როდესაც პირველად გადაუხადეს ბენქსის ნამუშევრის ფოტოში. მომდევნო წლებში, მან შეითავსა ბენქსის მძღოლის, ფოტოგრაფისა და ბოლოს, გალერისტის როლიც კი.
ლაზარიდისი ბენქსისთან გატარებულ წლებს გამორჩეულად აფასებს. ის მას გენიად მიიჩნევს, რომელსაც რემბრანდტისა და ვან-გოგის გვერდით აყენებს. ერთად 11 წლის განმავლობაში იმუშავეს. სტივ ლაზარიდისმა გადაიღო და დააგროვა მდიდარი ფოტოალბომი, დაწერა წიგნი ბენქსის შესახებ და მხატვრის კარიერაში განუზომელი როლი შეასრულა, რითაც ანონიმურობის შენარჩუნებაში დაეხმარა. მოგეხსენებათ, ბენქსის რეალური ვინაობა დღემდე უცნობია, რაც საკმაოდ რთული ამოცანაა თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში. სტივ ლაზარიდისი ბენქსის გვერდით ედგა ყოველთვის, როდესაც ნამუშევრის დასრულების შემდეგ, მხატვარი „დანაშაულის ადგილს“ სასწრაფოდ უნდა გაცლოდა. ბენქსის საქმიანობა უკანონოდ ითვლება, რაც აჩენს კითხვას, როგორ მოხდა, რომ ამდენი წლის მანძილზე, ვერასოდეს დაიჭირეს. ლაზარიდისის თქმით, ამაში საგზაო თანამშრომლების მჭახე ფერების ფორმები და სტაფილოსფერი კონუსები ეხმარებოდათ, რადგან არავინ სვამს კითხვას ასეთ სიტუაციებში.
ერთად შექმნეს არაერთი პროექტი, რომელთა შესახებაც მთელმა მსოფლიომ გაიგო. პროექტების იდეა კონკრეტული სოციალური პრობლემის გამოძახილი იყო. მაგალითად, Pictures on Walls, გრაფიტის ხელოვანებისა და ქუჩის მხატვრების ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა. ხოლო, შოუ “Barely Legal” კალიფორნიაში, ინდუსტრიულ საწყობში მოეწყო. შპალერის ფერებში შეღებილი ნამდვილი სპილოს მეშვეობით ბენქსი ეხმაურებოდა შიმშილობის პრობლემას და პირდაპირი მნიშვნელობით გამოხატავდა ინგლისურ ტერმინს Elephant in the room.
2016 წელს, როდესაც ლაზარიდისმა პერსონალური ფოტოარქივის კურატორობა დაიწყო, 100 000 ფოტოდან 12,000 ბენქსის კარიერას ასახავდა. ეს ფოტოები გალერისტმა და ფოტოგრაფმა ორტომიან წიგნად, სახელად Banksy Captured, გამოსცა.
ბენქსისა და ლაზარიდისის გზა 2009 წელს გაიყო. მიუხედავად იმისა, რომ მის საქმიანობაში ბენქსი აღარ არის ჩართული, გალერისტი განაგრძობს მხატვრის წარმოჩენას სხვადასხვა გამოფენაზე.
პროექტი SOLO X-ისა და Visa-ს მხარდაჭერით ხორციელდება.