in

ნახეთ: ბენქსის ნამუშევარი დაწვეს!

ის გაიყიდა, როგორც ციფრული ხელოვნება

ალბათ, ბენქსისა და მისი შემოქმედებისგან ყველანი მიჩვეულები ვართ უჩვეულო ქმედებებს, მაგალითად, როგორიცაა ნამუშევრის საზოგადოების თვალწინ განადგურება. ახლა კი მისი მორიგი ხელოვნების ნიმუში Morons დაიწვა! BurntBanksy-ის იუთუბ ანგარიშზე აიტვირთა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ წვავს ნიღბიანი ადამიანი სურათს.

ნამუშევარი გაიყიდა, როგორც ციფრული ხელოვნება, NFT (non-fungible token), რომელიც ხელოვნების ნიმუშის ონლაინ არსებობას გულისხმობს – ის კარგავს ფიზიკურობას, ხელშესახებობას და მისი რეპროდუცირებაც შესაძლებელია.

როგორც ვხედავთ, ნახატი თავად ეუბნება მყიდველს: “არ მჯერა, რომ თქვენ, ჩლუნგებო, მართლა ყიდულობთ ამ უაზრობას!”. ალბათ, მისი დაწვის შემდეგ, ბევრს დაებადა იგივე აზრი. 

აღნიშნულ ქმედებას რამდენიმე ხელოვნებათმცოდნე ნეგატიურად შეხვდა. მათი აზრით, ეს მორიგი მარკეტინგული ტრიუკია. “ეს არის ტრიუკი, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ყველაფერი დიდი ფულის სანაცვლოდ მოქმედებს. შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი ხელოვნების ნიმუშია… მაგრამ თუ ბენქსის დაწვავ და ამის შემდეგ ფული გინდა, ეს ჩემთვის, ხელოვნების მასშტაბით, საკმაოდ დაბალი დონისაა” – ამბობს ოსიან ვარდი, ავტორი წიგნისა “ხედვის გზები: როგორ გამოვცადოთ თანამედროვე ხელოვნება”.

ამის პარალელურად, ზოგიერთი ადამიანი ე. წ. “ცეცხლოვან მოვლენასაც” კი ხელოვნების გამოხატულებად თვლის. ამ შემთხვევაში სიმბოლურია ბენქსის ნამუშევრის შერჩევა, რადგან ერთხელ სწორედ მან გაანადგურა თავისი ხელოვნების ნიმუში აუქციონზე. ამან თითქოს, მეტი “სითამამე” მიანიჭა იდეის ავტორებს. “ბენქსიმ, საკუთარი ნამუშევრის განადგურებით, გაიზიარა იდეა, რომ ის არ არის მუდმივი”. და მაინც, მიუხედავად ამისა, როგორც ამბობენ, ამ შემთხვევაში ჩანაფიქრი უფრო ცინიკურ ხასიათს იძენს…

საგულისხმოა, რომ ხელოვნების ეს სახეობა სულ უფრო პოპულარული ხდება. “NFT ტექნოლოგიის საშუალებით ციფრულმა ხელოვნებამ შესაძლოა, საბოლოოდ მიიღოს ძლიერი კომერციული ღირებულება იმის გათვალისწინებით, რომ ახლა  შეგვიძლია, ნამუშევრების დეფიციტურობა ვაკონტროლოთ” – აცხადებს WhaleShark, ხელოვნებისა და ციფრული სათამაშოების NFT-ების ერთ-ერთი უდიდესი კოლექციონერი. ასევე, NFT ერთგვარი საშუალებაა იმისა, რომ კოლექციონერებმა ანონიმურად შეაგროვონ ხელოვნების სხვადასხვა ნიმუშები.

მიუხედავად NFT-ის ამჟამინდელი პოპულარობისა, საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ საკმაოდ სიფრთხილეა საჭირო. ისინი თვლიან, რომ ინტერესის ასეთი ტალღა სამუდამოდ არ გაგრძელდება.

“სტარტაპების დაფინანსების უპრეცედენტო მასშტაბები” – გლობალური სტარტაპ ფონდი მესამე ღონისძიებას მართავს

Audi-მ ელექტრო მანქანისთვის განკუთვნილი დამატებითი რეალობის ეკრანი წარადგინა!