დიდ ბრიტანეთში გამოავლინეს პირველი რეკლამები, რომლებიც არღვევენ კანონს გენდერული სტერეოტიპების შესახებ. კანონი რამდენიმე თვის წინ მიიღეს და ის მიმართულია იმ სარეკლამო კონტენტის წინააღმდეგ, რომელიც გენდერულ სტერეოტიპებს ამყარებს საზოგადოებაში. დამრღვევ კომპანიებს შორის განიხილეს Volkswagen, Philadelphia და Buxton. სარეკლამო სტანდარტების ასოციაციამ სამი ვიდეორგოლი განიხილა. ბრენდმა Philadelphia 128 საჩივარი მიიღო. ვიდეორგოლში ახალგაზრდა მამებს, საჭმლის დანახვაზე, ბავშვები ავიწყდებათ.
Volkswagen-ის ამ რეკლამამ სამი საჩივარი მიიღო. საჩივრების ავტორებმა ჩათვალეს, რომ რეკლამა, სადაც ჯერ მამაკაცების ავანტიურისტული თავგადასავლებია ნაჩვენები, ხოლო სიუჟეტის ბოლოს ბავშვის ეტლთან ქალი ზის, მიუღებელია.
წყლის რეკლამას ხუთმა ადამიანმა უჩივლა. ვიდეორგოლი სამი პერსონაჟის ამბავს გადმოსცემს: ბალერინას, დრამერისა და ნაოსნის. მაყურებლებმა ჩათვალეს, რომ პერსონაჟების ამგვარი გადანაწილება გენდერული სტერეოტიპების გამოხატულებაა. საპასუხოდ, “ნესტლემ” განაცხადა, რომ ეს სამი სპორტსმენი წარმატებულია თავის საქმეში და ისინი არა სქესის, არამედ მიღწეული შედეგების მიხედვით შეარჩიეს.
ბრიტანულმა ორგანიზაციამ Clearcast, რომელიც სარეკლამო რეგულაციების მიმართულებით მუშაობს, განაცხადა, რომ მოცემულ რეკლამებში შეურაცხმყოფელი არაფერი ყოფილა და სარეკლამო სტანდარტების ასოციაცია მეტისმეტად მკაცრად ეკიდება საკითხს. რაც შეეხება შედეგებს, ასოციაციამ აკრძალა Volkswagen-ისა და Philadelphia-ს რეკლამები, ხოლო Buxton-ის რეკლამაზე თავი შეიკავა.