„ბარამბოს“ გუნდს მარკეტინგის დირექტორის პოზიციაზე ეკატერინე ებანოიძე შეუერთდა. მისი ამოცანა ბრენდის სტრატეგიული პოზიციონირება, პროდუქტის განვითარება იქნება. „ბარამბომდე“, ეკატერინე ებანოიძე საერთაშორისო გადაზიდვების კომპანია Boxette-ის მარკეტინგის მიმართულებას ხელმძღვანელობდა. უფრო ადრე კი კრეატიულ სააგენტო Leavingstone-ში ექაუნთ დირექტორი იყო. ლოგისტიკის სფეროდან საკონდიტრო ინდუსტრიაში გადასვლის შესახებ ეკატერინე თავად საუბრობს:
„ყველა ბავშვის ოცნებაა შოკოლადის და ნაყინის ქარხანაში მოხვედრა. მე კი გავიზარდე და ეს ოცნება ავისრულე. დღეს, „ბარამბოში“ ვმუშაობ, მარკეტინგის დირექტორის პოზიციაზე. მგონია, რომ ასეთ მიმართულებაზე მუშაობა, როგორიცაა შოკოლადი და ნაყინი, ცოტა ჯადოსნურია კიდეც. ეს პროდუქტები ადამიანებს ბედნიერებას ჰგვრის, პატარა სიხარულს, რომელიც ბავშვობიდან გვახსოვს“.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებსა და ფოკუსს, ის ინოვაციაზე აკეთებს აქცენტს:
„ჩემი ამოცანაა, „ბარამბო“ საკონდიტროდან გარდაიქმნას თანამედროვე ქართული გემოსა და კულტურის შემქმნელ ბრენდად. უახლოეს პერიოდში, ჩემი ფოკუსია პროდუქტი და ინოვაცია. მინდა, „ბარამბოს“ პროდუქტი გახდეს კულტურული ობიექტი, რასაც ხალხი აგროვებს და უზიარებს ერთმანეთს. ეს ყველაფერი კი ერთი მიზნისკენ იქნება მიმართული – „ბარამბო“ გახდეს ბრენდი, რომელიც პროდუქტის გაყიდვის გარდა, ქმნის კულტურას, ზუსტად ისე, როგორც ბავშვობაში წარმოვიდგენდით შოკოლადის ქარხანას“.











