ამბობენ, დღესასწაულები ღმერთმა მარკეტერებისთვის შექმნაო. საქართველოში ამის პრაქტიკა ნაკლებადაა, თუმცა ისეთი კომპანიებიც არიან, რომლებიც ცდილობენ ფეხი მსოფლიო ტენდენციებს აუწყონ და დღესასწაულებზე მომხმარებლები გაახარონ.
14 თებერვალს, ”ვალენტინობის” დღესასწაულზე ”ბარამბომ” კინოთეატრ ”რუსთაველში” დარბაზი გახსნა.
”თავიდან უბრალოდ გვინდოდა, ”ვალენტინობის” დღეს კინოთეატრ ”რუსთაველში” ორიგინალურად გაგვეხსნა ”ბარამბოს დარბაზი”. ვიფიქრეთ, შეყვარებული წყვილებისთვის ”ბარამბოს” დარბაზის მინი დეკორაციასთან მოგვეწყო ფოტოსესია და მათთვის იქვე, საჩუქრად გადაგვეცა სამახსოვრო ფოტოები. შემდეგ გადავწყვიტეთ, რატომაც არა, მოდი კიდევ უფრო დასამახსოვრებელი გავხადოთ მათთვის ეს დღე და სხვადასხვა ტიპის, თემატური საჩუქრებიც მოვამზადეთ, რომელიც სრულიად მოულოდნელად, ჩნდებოდა მათთან. ბოლოს ჩავთვალეთ, რომ საინტერესო და სახალისო უნდა ყოფილიყო ეს ყველაფერი ერთი წერტილიდან, ფოტოაპარატიდან დანახული და გადავწყვიტეთ პარალელურად დაგვემზადებინა ვიდეო, რომელსაც ხალხი თვითონ შექმნიდა საკუთარი უეცრად გამოწვეული ემოციით” – ამბობენ კომპანიაში.
ვიდეო ფოტოსესიისას გადაიღეს და წყვილები, რომლებიც ”ბარამბოს” დარბაზის გახსნაზე აქციაში იღებდნენ მონაწილეობას, ავტომატურად, ხვდებოდნენ გადაღების მონაწილეები. ვიდეოს დამზადების მიზანი მოულოდნელი სიხარულით გამოწვეული ბუნებრივი რეაქციების ასახვა იყო. მათი თქმით, ასეთი ტიპის კომუნიკაციით, ასევე სურდათ ეთქვათ, რომ ”ბარამბო” საზოგადოებას კიდევ ბევრ სიურპრიზს პირდება.
”პირველი ნაბიჯი იყო ამ მიმართულებით გადადგმული და სასიამოვნოა, რომ სამოყვარულო ტიპის ვიდეომაც კი საკმაოდ დადებითი შეფასებები გამოიწვია. მაყურებელი ყოველთვის გრძნობს, როცა ემოცია ნამდვილია და არ არის დადგმული. ჩვენი მიზანიც სწორედ ეს იყო. გაიხსნა ხალხი ფოტოკამერის წინ მოულოდნელობების გამო და ბუნებრივი რეაქციები თავისთავად აისახა კადრში”. მსგავსი ვიდეოები საკმაოდ აქტუალურია და ეფექტური.