„რა არის ბარამბო?“ – ამ კითხვითა და დიდი კითხვის ნიშნით, 15 წლის წინ, საკომუნიკაციო არხებში დამაინტრიგებელი გზავნილი გამოჩნდა. სწორედ იმ დროს დაიბადა ბარამბოს ბრენდი – მრავალფეროვანი ტკბილეული, რომელიც მომხმარებელმა მალევე შეიყვარა. სულ ცოტა ხნის წინ კი, კომპანიამ ახალ სეგმენტზე გასვლა და სანაყინე ჯიხურების გახსნა გადაწყვიტა. ჯიხურები თბილისში უკვე ისთ ფოინთისა და სითი მოლი გლდანის სივრცეებში გამოჩნდა, თვის ბოლოს კი მელიქიშვილის გამზირზეც სხვადასხვა ტკბილეულთან ერთად, ჩამოსასხმელი ნაყინით გაუმასპინძლდება სტუმრებს. ახალი პროდუქტითა და კონცეფციით, ბარამბო ახალ სამომხმარებლო სეგმენტზე გასვლასაც გეგმავს. დეტალებზე ბარამბოს პროექტის მენეჯერი ანა სარიშვილი გვესაუბრა.
M: შექმნიდან 15 წლის განმავლობაში, „ბარამბოს“ ბრენდმა განვითარების არაერთი ეტაპი გაიარა. მიმოვიხილოთ, როგორი იყო ეს გზა?
ცხადია, ტკბილი. 15 წლიანი უწყვეტი შრომითა და ძალისხმევით, ერთი დიდი მიზნით, ვაღწევთ სტაბილურობასა და ხარისხს. ადამიანებისთვის, რომლებიც ბარამბოს ქმნიან, ყოველთვის უმნიშვნელოვანესია მომხმარებლის ნდობისა და სიყვარულის მოპოვება, რისთვისაც თითოეული ბარამბოელი ზრუნავს. გვჯერა, რომ ბარამბო ერთ-ერთია იმ ქართულ კომპანიებს შორის, რომელიც ადამიანების ბედნიერი მომენტების თანაზიარია. ბარამბო ნებისმიერ დროს აძლევს საშუალებას ადამიანებს, ნახონ სად და როგორ მზადდება პროდუქტი, რომელსაც მიირთმევენ, ამიტომ, 15 წლის განმავლობაში და ამის შემდეგაც, თავდაჯერება რომელიც ბრენდს აქვს, ლეგიტიმური და იმ ენთუზიაზმის პროპორციულია, რაც ბარამბოს მომხმარებლებზე ზრუნვაში გამოიხატება.
M: როგორ შეძლო ბრენდმა სტაბილურად შეენარჩუნებინა წარმოების მაღალი სტანდარტი?
მიხარია, რომ მარტივად შემიძლია ამ კითხვას ვუპასუხო. როგორც ბარამბოს გამოცდილი ტექნოლოგისგან, ბატონ ივერი რუაძისგან მოვისმინე, ბარამბოს ისტორია დაიწყო ჩანაფიქრით, კომპანიის მიერ წარმოებული ყოველი პროდუქტი მაღალი ხარისხის ყოფილიყო. როცა ხარისხზე ვსაუბრობთ, აქ პირველ რიგში ვგულისხმობთ სურსათის უვნებლობასა და გემოვნური თვისებების მუდმივ სრულყოფას. ამ მიმართულებით ჩვენი კომპანია წლების განმავლობაში იღრმავებს ცოდნასა და გამოცდილებას, ამიტომაც ვიღებთ იმ შედეგს, რაც გვაქვს. ამასთან, მუდმივად მივისწრაფვით სიახლისკენ და მომხმარებლის სურვილების გათვალისწინებით ინოვაციურ პროდუქტებს ვქმნით. წარმოების მაღალი სტანდარტი და მომხმარებლისთვის საინტერესო პროდუქტების შეთავაზება, კომპანიის უცვლელი პრიორიტეტია.
M: წლების მანძილზე, მომხმარებელი ხედავს ბარამბოს ახალ–ახალ პროდუქტს ბაზარზე – როგორ იქმნება ახალი პროდუქტები?
გარდა იმისა, რომ საამაყო პროფესიონალებით დაკომპლექტებული ტექნოლოგების გუნდი გვყავს, მომხმარებელი ყოველთვის თავად აჩენს მოთხოვნას ამა თუ იმ პროდუქტზე და ჩვენც, ცხადია, ვაკვირდებით, ვიკვლევთ და ასე იქმნება ახალი შოკოლადი თუ ნაყინი.
ყოველი პროდუქტის წარმატება თავად ბარამბოს ერთგული მომხმარებლის დამსახურებაა, ადამიანების ერთგულება კი ჩვენთვის შეუფასებელია.
ბრენდის გამოცდილებამ და ბაზარზე მრავალწლიანმა სტაბილურობამ, უკვე გააჩინა მომხმარებელში განცდა, რომ ვისმენთ და ვიზიარებთ მათ შეფასებებს. ამიტომ, მუდმივად გვწერენ, გვირეკავენ და საკმაოდ კარგ რჩევებს გვაძლევენ.
M: ამჯერად, ბარამბომ ჩამოსასხმელი ნაყინის ბაზარზეც შედგა ფეხი. როგორ მიხვედით ამ გადაწყვეტილებამდე?
მთავარი შთაგონება ისევ ბარამბოს მომხმარებელი იყო, რადგან მუდმივად ჩნდებოდა კითხვები ჩამოსასხმელ ნაყინთან დაკავშირებით და ეს მოთხოვნა მუდმივად იზრდებოდა. ბოლო ერთი წელია მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დაგვეწყო ინტენსიური მზადება და მუშაობა, შეგვექმნა ჩამოსასხმელი ნაყინი, როგორც პროდუქტი და გაგვეხსნა სივრცეები, სადაც მომხმარებელს პირისპირ შევხვდებოდით. არა სხვადასხვა სუპერმარკეტსა თუ მაღაზიაში, არამედ ჩვენთან – ბარამბოში.
გვიხარია, რომ უკვე მზად ვართ, პირადად გავუღიმოთ ყველას, ვინც ამდენი წელია იცის, რომ თუ შოკოლადი გინდა, გინდა ბარამბო და ახლა უკვე, თუ ნაყინი გინდა, გინდა ბარამბო. ბარამბოს მომხმარებლებს უკვე ორ ლოკაციაზე ველით, თვის ბოლომდე კი მესამეც დაგვემატება.
M: როგორია ახალ სტრატეგიაზე მუშაობის პროცესი, რაც ახალი სეგმენტის ათვისებას გულისხმობს?
დაახლოებით ერთი წლის წინ, როდესაც კონცეფციაზე დავიწყეთ მუშაობა, პირველი რაც განვსაზღვრეთ, იყო ბრენდის იდენტობა. ზუსტად ვიცოდით, რომ ეს სივრცეები იქმნებოდა ახალგაზრდების უკეთ გასაცნობად, მათ მოსასმენად, აზრებისა და რეკომენდაციების გასაზიარებლად.
თაობა, რომელსაც ვესაუბრებით, არის პროგრესული, მნიშვნელოვანი ღირებულებებისა და ნათელი გონების მქონე. ჩვენ გვეხმარება მათი ცოდნა, ხედვა და დამახასიათებელი გულწრფელი შეფასებები. შესაბამისად, ჩვენი სტრატეგიაც ასეთია, უშუალოდ და გულწრფელად ჩავრთოთ ეს ადამიანები ამ პროცესში – ბიზნესი და მომხმარებელი უფრო მეტად დავამეგობროთ. ის, რაც მათთვის იქმნება, ვერ შეიქმნება მათი ჩართულობის გარეშე.
M: რა გამოარჩევს თქვენს ობიექტებს ბაზარზე?
გარდა გემოს, ხარისხისა და მრავალფეროვნებისა, ვფიქრობ გამოგვარჩევს დამოკიდებულება ამ საქმის, ჩვენი მომხმარებლისა და თანამშრომლების მიმართ.
ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რომ თანამშრომლები, რომლებიც სანაყინეებში დაგხვდებიან, იყვნენ თქვენი მეგობრები, თანაკურსელები, ნაცნობები. ეს არაჩვეულებრივი ადამიანები სწავლობენ ბევრს, წერენ, ხატავენ, ეხმარებიან ოჯახებს, აქვთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და ენთუზიაზმი, რომ მათ გარშემო ყველაფერი უკეთესი და ჯანსაღი გახდეს. გვინდა ბარამბო იყოს ადგილი, სადაც ბარამბოელები და ბარამბოს სტუმრები ყოველთვის ბედნიერად შეხვდებიან ერთმანეთს. დიდი იმედი მაქვს, სამომავლოდ შრომის ბაზარზე, ბევრი ადამიანი იტყვის, რომ ბარამბოს სანაყინეში მუშაობა მათთვის კარგი შესაძლებლობა იყო
M: როგორი იქნება ბარამბო, როგორც ჩამოსასხმელი ნაყინის ბრენდი?
უშუალო, გულწრფელი და მომსმენი. გვინდა ჩვენმა გულშემატკივარმა იცოდეს, რომ ერთგვარ ექსპერიმენტსაც ვატარებთ და გვჯერა, რომ გაამართლებს, თუმცა ამ პროცესებში მათი თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია. მაგალითად, როგორც უკვე გითხარით, ამ მიმართულებით ვცდილობთ ახალგაზრდების მაქსიმალურად ჩართვას. სამუშაო პროცესში ამ ადამიანებს ვუსვამთ კითხვებს, ვეკითხებით აზრს და ყოველ შემდეგ ნაბიჯს ამის მიხედვით განვსაზღვრავთ. ბარამბო, როგორც ჩამოსასხმელი ნაყინის ბრენდი, ითანამშრომლებს უნივერსიტეტებთან, სკოლებთან, ფრილანსერებთან, ქვეყნის გარეთ მცხოვრებ ქართველ ახალგაზრდებთან. გვინდა გაერთიანებული იდეებითა და ძალებით გავხსნათ სანაყინეების ქსელი, რომლის ლოკაცია, გემო, დანამატი, ნივთი, დეკორაცია – მომხმარებლის რჩევითა და იდეების გათვალისწინებით შეიქმნება.
M: როგორია ბრენდის განვითარების ხედვა?
გახსნიდან ორი კვირის განმავლობაში, დადებითმა უკუკავშირმა იმდენად გადააჭარბა მოლოდინს, რომ გაორმაგებული ძალებითა და ენთუზიაზმით ვაგრძელებთ მუშაობას. დაუსრულებლად ვიღებთ შეფასებებს, რჩევებსა და კომპლიმენტებს. ადამიანებს უხარიათ ქალაქში ასეთი სივრცეების გამოჩენა. ვფიქრობ, მართლაც ულამაზესი სანაყინეები გვაქვს.
ივნისის ბოლოს უკვე შეგვეძლება ჩვენს მესამე ლოკაციაზე, მელიქიშვილის გამზირზეც მოგიპატიჟოთ. პირველ წელს გამოცდილების მიღებას დავუთმობთ და შევისწავლით ყველა შეფასებას, რათა ხარისხისა და სტაბილურობის განცდა მნიშვნელოვნად იგრძნობოდეს. შემდეგი სამი წლის განმავლობაში კი ვგეგმავთ საქართველოს მასშტაბით ყველა ერთგულ მომხმარებელს ვუთხრათ – თქვენთან ახლოს მოვედით.
[R]