ხელოვნურ ინტელექტსაც რომ სთხოვოთ სკუტერის წარმოდგენა, ისიც ვერ შემოგთავაზებთ ისეთ ავანგარდულ რამეს, როგორიც ეს კონცეფციაა… დიზაინერმა ალექსანდრე იამაევმა პლასტიკური ბარათის ვიზუალის მსგავსი სკუტერი შექმნა. ბუშტის ფორმის გამჭვირვალე კაბინა კი მას მეტად შთამბეჭდავს ხდის.
ზოგადად, კონცეფცია სამ უნიკალურ ნაწილად შეგვიძლია დავყოთ: ფორმა, ბორბლები და კაბინა. ბორბლები ჩვეულებრივისგან სასიამოვნო გადახრას გვთავაზობს. მიუხედავად იმისა, რომ სკუტერებს ორი თანაბარი ზომის ბორბალი აქვს, იამაევის კონცეფცია ამას არ ითვალისწინებს. დიახ, მის წინა მხარეს ერთი დიდი, უკან კი ორი პატარა ბორბალია დამაგრებული. აი, რაც შეეხება ფორმას, ნამდვილად უნიკალურია და ცალსახად მოგაგონებთ პლასტიკურ ბარათს… დახურული კაბინის დიზაინი კი უამინდობით გამოწვეულ პრობლემას ნამდვილად აგვარებს. გამოდის, თქვენ წვიმაშიც თავისუფლად შეგიძლიათ გაისეირნოთ. ცხელ დღეებში კი კონდიციონერით გაგრილებას მოახერხებთ.
მართალია, მრგვალი დახურული კაბინა ბევრი ადამიანის მოწონებას იმსახურებს, თუმცა ასე ვერ ვიტყვით საზოგადოების იმ ნაწილზე, რომელთაც კლაუსტროფობია აქვს. ამასთან, რთულია, წინა ხედის კარგად დანახვა, რასაც დიზაინერი დიდი მონიტორის დამონტაჟებით აგვარებს… დიახ, ეს ჯერ მხოლოდ კონცეფციაა, მაგრამ, საინტერესოა, რამდენად ისურვებდით მის ქუჩებში გამოჩენას?