in

„მამაკაცზე 10-ჯერ უკეთესი უნდა იყო, რომ მის თანასწორად აღგიქვან“

„მამაკაცზე 10-ჯერ უკეთესი უნდა იყო, რომ მის თანასწორად აღგიქვან“, – ამბობს ბარბარა კავოვიტი, რომელიც, დღეს, ნიუ-იორკის საკმაოდ მსხვილი სამშენებლო კომპანია Evergreen Construction-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია.

pasha-statiebi
pasha-statiebi

“Evergreen Construction“, წელიწადში, 40-მდე პროექტს ახორციელებს, მისი შემოსავალი კი, $ 30 მილიონს აღწევს. კავოვიტი, ასევე, მონაწილეობდა სატელევიზიო შოუს “The Real Housewives of New York City“ მეოთხე სეზონში, რომელიც ნიუ-იორკელი ქალების ცხოვრებაზეა და მაყურებელს მათი მარცხის, პრობლემების, წარმატებისა და წინსვლის შესახებ უამბობს.

„ბრონქსში დავიბადე. დედა მასწავლებელი იყო, მამა – ინჟინერ – მექანიკოსი. თვითდამკვიდრების სურვილი ბავშვობიდანვე მქონდა. თუ მამას რაღაცების აწყობაში ვეხმარებოდი, დედასთან ერთად ნამცხვრებს ვაცხობდი. პატარაობიდანვე მივეჩვიე გარკვეული სტრუქტურის მშენებლობას“, – ამბობს ბარბარა კავოვიტი.

მიზანდასახულობა, არც შემდეგ დაუკარგავს.

„კოლეჯი რომ დავამთავრე ფინანსების და ეკონომიკის განხრით, საკუთარ თავში დარწმუნებული, ცოტა აგრესიული ახალგაზრდა ქალი ვიყავი. მეგონა, მაშინვე რომელიმე საფინანსო კომპანიაში დავიწყებდი მუშაობას, მაგრამ იქ, ძირითადად, მამაკაცები მუშაობდნენ და მათ შორის, მე, უბრალოდ, „ყავის მომდუღებელი გოგონა“ აღმოვჩნდი“.

დღეს, როცა საკუთარი კომპანია აქვს, ამბობს, რომ სამშენებლო ბიზნესში ქალურობას არ კარგავს.

„პროექტის შესახებ ვითხოვ მაქსიმალურ ინფორმაციას და ერთი შეხედვით, უმნიშვნელო ყველა დეტალს. შემდეგ ვამუშავებ, ვაანალიზებ და რაც შეიძლება, სწრაფად ვიღებ გადაწყვეტილებებს“.

ამბობს, რომ, ამ ბიზნესში, ხშირად გამხდარა სექსიზმის მსხვერპლი.

„ გარშემო იყვნენ მამაკაცები, რომლებიც ჩემთან რომანის გაბმას ცდილობდნენ, ან ჩუმად ძირს მითხრიდნენ. მქონია შემთხვევა, სამსახურიდანაც გამოვუგდივარ. დღესაც მაქვს შეხება კომპანიებთან, სადაც ყველაფერს მხოლოდ მამაკაცები განაგებენ, თითქოს, არ აქვს მნიშვნელობა ვინ ვარ, რა მიკეთებია. უჭირთ, გაუგონ ქალს, ვინც მშენებლობაში, შესაძლოა, მათზე მეტი იცოდეს და უფრო გამოცდილიც იყოს“.

ბარბარა კავოვიტი ამბობს, რომ  უთანასწორობას დღესაც ხშირად აწყდება.

„წლების წინ ჩემი ბიზნესი მქონდა. შემდეგ კი, ძალიან ცუდი პერიოდი დამეწყო – გავკოტრდი. ამიტომ, მუშაობა ნიუ-იორკის ერთ-ერთ მსხვილ სამშენებლო კომპანიაში დავიწყე. სამწუხაროდ, იქ დავინახე, რა ცუდად ექცეოდნენ ქალებს, რა რეაქცია ჰქონდათ მათ ინიციატივებზე და შესრულებულ სამუშაოზე. ვიფიქრე, ასე გაგრძელება შეუძლებელია, აუცილებლად საკუთარი კომპანია უნდა შევქმნა-მეთქი. აი, ასე გაჩნდა “Evergreen Construction“. ამ პროფესიაში, მამაკაცზე 10-ჯერ უკეთესი უნდა იყო, რომ მის თანასწორად აღგიქვან. ამას ყოველ დღე, ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვეჩეხები. ჩემი რჩევაა, არასოდეს მიიღოთ პასუხი „არა“, არასოდეს გადაუხვიოთ დასახულ მიზანს. სწორედ ეს მოგიტანთ წარმატებას და მიგიყვანთ დიდ გამარჯვებამდე“.

წყარო: INC.



ტოიოტა მთვარის შიდა ტრანსპორტის შექმნას გეგმავს

Google-მა უსინათლოებისთვის აპლიკაცია შექმნა