in

„ბარბარესგან“ – ანუ როცა ბარბარე ჯორჯაძის სამზარეულო ჩიტმა სახლში მოგვიტანა

„გვინდოდა, ბარბარე ჯორჯაძის რეცეპტით, გურმანებს კერძი საკუთარ სახლებში მოემზადებინათ“

ერის წარმატებაში და ცხოვრებაში პირველი ადგილი ჯანმრთელობას უკავიაეს უკანასკნელი კი დამოკიდებულია კარგ და საღ საზრდოზე. მეორე მხრივ ოჯახში საჭმელის რიგზე მომზადებას დიდი ეკონომიური მნიშვნელობა აქვს. გამოუცდელი დიასახლისი ყოველთვის მეტ სანოვაგეს ხარჯავს და ვერც ნოყიერს და ყუათაინ სადილს ამზადებს,“ – წერდა ბარბარე ჯორჯაძე.

ორი საუკუნის წინ, საქართველოში ცხოვრობდა ქალი, რომლის გონებაც საზოგადოებისთვის ცხოვრების უკეთესი პირობების შექმნისკენ იყო მიმართული. ეს ქალი ბარბარე ჯორჯაძე იყო – ქალებისა და მათი გაძლიერების დიდი გულშემატკივარი, საზოგადოებრივ საქმეში აქტიურად ჩართული ქალი, ერთ-ერთი პირველი ფემინისტი და მწერალი. უკეთ რომ წარმოიდგინოთ, ეს იყო სანდომიანი ქალი, რომელსაც განათლების გარდა, სხვებისთვის, განსაკუთრებულად კი, ქალებისთვის საკუთარი ცოდნის გაზიარების გულითადი სურვილი ჰქონდა. მისი წიგნი „სრული სამზარეულო“ პირველად 1874 წელს გამოიცადა მალევე ტირაჟი სრულად გაიყიდა. წიგნი იქცა ქართული სამზარეულოს კულინარიულ მემკვიდრეობად. დიდი ხნის მივიწყებული მისი რეცეპტები, რამდენიმე წლის წინ, „ქართულმა ოჯახმა“ გააცოცხლა.

პანდემიის პერიოდმა ამბავს ახალი გეზი მისცა. ვირუსის გამო, სტუმრებს რესტორნებში სიარული შეეზღუდა, თუმცა ბარბარე ჯორჯაძემ თავად გაიკვლია გზა გურმანებამდე, კულინარიული გზავნილით. რესტორნის გუნდისგან ადრესატებმა უჩვეულო საჩუქარი მიიღეს. ყუთში, რომელიც ბარბარე ჯორჯაძის წიგნს „სრული სამზარეულო“ ჰგავდა, იდო რეცეპტი, წინსაფარი და ნაწილობრივ დამუშავებული პროდუქტები მოსამზადებლად, რათა გურმანს თავად შეძლებოდა კერძის ადვილად მომზადება, პროცესში საკუთარი ინტერპრეტაცია შეეტანა და გაეზიარებინა, რაზეც ასე ოცნებობდა ბარბარე ჯორჯაძე.

ეს აქტივობა იქცა რესტორნის ახალ მიმართულებად, რომელმაც გურმანებისთვის „ბარბარესგან“ გამოცდილება შექმნა და გრძელ ვადაში, მისი სრულიად ახალ ბრენდად ჩამოყალიბება განიზრახა. სპეციალურად ამ პროექტისთვის, შეფ დავით ნარიმანიშვილის დახმარებით შემუშავდა ახალი მენიუ, რომელიც მდგრადიც იქნებოდა, დროსა და ტრანსპორტირებასთან მიმართებაში. თანაც, მზა საკვების გარდა, გურმანს ნახევრად დამუშავებული პროდუქტის შეკვეთა და კერძის დამოუკიდებლად მომზადებაც რომ შეძლებოდა. საბოლოო ჯამში, ბრენდი მომხმარებლებს შესთავაზებს ბარბარე ჯორჯაძის სამზარეულოს, გატანით.

ბრენდს უკვე აქვს მთავარი სიმბოლო, რომლის საკვანძო პერსონაჟია ჩიტი, რომელიც ბარბარე ჯორჯაძეს რეალურად ჰყოლია. მეორე მხრივ, ჩიტი ალეგორიულად სიახლესა და მოძრაობას განასახიერებს. თითქოს, მას მიაქვს საკვებიც, ცოდნაც, ამბებიც და ახალი გამოცდილებაც.

„ბარბარესგან“, როგორც პროდუქტი…

რესტორნის გუნდის თქმით, დროთა განმავლობაში, იდეა ჩამოყალიბდება ბრენდად. გამომწერები მზა კერძების შეკვეთის გარდა, ნახევრადმომზადებული ინგრედიენტებისგან თავად შეძლებენ კერძის მომზადებას. ბრენდი იარსებებს მაშინაც, როდესაც რესტორნებში სიარული შეზღუდული აღარ იქნება და სტუმრებს კვლავაც აქტიურად უმასპინძლებენ „ბარბარესთან“.

„ბარბარესგან“ გამოცდილების სახით, მომხმარებლები ყუთში მოთავსებულ საჭირო ინგრედიენტებსა და სხვადასხვა კერძის რეცეპტს მიიღებენ. მთავარი მიზანია, ადამიანებს მიეცეთ საშუალება, კერძის მომზადებისას საკუთარი კულინარიული შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოიყენონ და საინტერესო გემოსა და ვიზუალის კერძები თავად შექმნან.

გუნდის მოსაზრებით, ამ პროდუქტს საკვებ ინდუსტრიაში სიახლის შემოტანა შეუძლია…

„პანდემიის პერიოდში, როდესაც კაფეებსა და რესტორნებში შეუძლებელი იყო წასვლა და პროდუქტის შეკვეთა მხოლოდ გამოძახებით იყო შესაძლებელი, ჩვენ დავინახეთ მომხმარებლის ქცევის ცვლილება – ბევრმა ადამიანმა კერძების სახლში მომზადება და მისი სოციალურ ქსელებში გაზიარება დაიწყო. ადამიანები სპეციალურ ჯგუფებში თავიანთ რეცეპტებს აქტიურად აზიარებდნენ. ვფიქრობთ, ამ სერვისის საშუალებით, ადამიანები შეძლებენ ისწავლონ „ბარბარესგან“, კერძი მოამზადონ დამოუკიდებლად და ამ პროცესით სიამოვნებაც მიიღონ.

ამ სერვისის შექმნა ჩვენს გეგმებში შედიოდა. თუმცა, პანდემიის დროს, საკვების გამოძახების კულტურა ბევრად სწრაფად ჩამოყალიბდა, ვიდრე ველოდით. ამდენად, ის აქტუალური იქნება გრძელ ვადაში. ამ პროექტის სახით, ჩვენ თანდათან ჩამოვაყალიბებთ სრულიად ახალ ბრენდს, თავისი მენიუთი, სამზარეულოთი. ნუცუბიძეზე გავხსენით გატანის წერტილი ეგრეთწოდებული „dark kitchen” და მომავალშიც გავაგრძელებთ სხვადასხვა ლოკაციების ათვისებას. ამით კიდევ უფრო ფართო სეგმენტს მივეცით საშუალება ეს გამოცდილება სათანადოდ შეეგრძნოთ.“

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

London Stock Photography ქართველი ვებ-დეველოპერების დასაქმებით დაინტერესდა

მელანთევზმა ბაშვებისთვის განკუთვნილი ტესტი წარმატებით ჩააბარა