ღამის რეჟიმი.

დღის რეჟიმი.

in

ბარბის ფილმი, როგორც თერაპიის მეთოდი

M2
M2

კოგნიტიური დისონანსი მაშინ წარმოიქმნება ადამიანში, როდესაც ურთიერთსაწინააღმდეგო რწმენებსა და ქცევებს განიცდის. მაგალითად, კოგნიტიური დისონანსია, როდესაც ინდივიდს ფინანსების მიმართ პასუხისმგებლობის გამოჩენა მოსწონს, მაგრამ ხშირად იმპულსურად ხარჯავს ფულს.

როდესაც ჩვენი არჩევნები და ქცევები შინაგან წარმოდგენებთან კონფლიქტში მოდის, სანაცვლოდ სტრესსა და შფოთვას ვიღებთ. თავის მხრივ, ეს უარყოფითად მოქმედებს ჩვენს ყოველდღიურ მდგომარეობაზე, რაც ხანგრძლივ პერსპექტივაში დამღლელ რუტინად იქცევა.

Harvard Medical School-ის ასოცირებულმა პროფესორმა, ლუანა მარქესმა, კი აღნიშნული დისკომფორტი „ბარბის“ ჭრილში განიხილა, რაც საინტერესო პერსპექტივიდან დაგვანახებს როგორც ფილმს, ისე კოგნიტიურ დისონანსს.

ბარბილენდის იდეალურობა

ბარბილენდში ყველა და ყველაფერი იდეალურია — ლამაზი, შთამბეჭდავი, მხიარული და მომხიბლავი, მოწყენილობისთვის კი ადგილი არასდროს რჩება. ამგვარი გარემოს ფონზე, ბარბის ყველანაირი შესაძლებლობა უჩნდება, რათა მხოლოდ დადებითი რწმენა-წარმოდგენები ჩამოიყალიბოს: მაგალითად, „ქალები ძლიერები არიან, მათ ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ, მათ შეუძლიათ, მსოფლიო მართონ. ისინი სრულყოფილები არიან“.

ამასთან, ბევრი ჩვენგანის მსგავსად, ბარბი თავის რწმენით სისტემას ერთგვარი „წინასწარმეტყველებისთვის“ იყენებს — თუნდაც, ფიქრობს, რომ ის ყველას მოეწონება. ხოლო როდესაც მართლა მოსწონს ხალხს, ეს კიდევ უფრო მეტად ამყარებს შინაგან წარმოდგენებს, ტვინი კი ბედნიერების ჰორმონით ივსება, რადგან სამყაროში ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს.

თუმცა ამ სრულყოფილებაში მაშინ ჩნდება ხარვეზი, როცა ბარბი სიკვდილზე დაფიქრდება, ტერფი კი „უბრტყელდება“ — „მე იდეალური ვარ“ იდეა კი მის რეალობას აღარ შეესაბამება. სწორედ ამ დისონანსის აღმოსაფხვრელად და სინამდვილის თავიდან ასარიდებლად მიემართება „რეალურ სამყაროში“. მას სჯერა, რომ ყველა პრობლემა ავტომატურად მოგვარდება, თუკი მისით მოთამაშე ბავშვს იპოვის და გაამხიარულებს.

რეალური სამყაროს არასრულყოფილება

მოლოდინის საპირისპიროდ, ბარბის დისონანსი მეტად იზრდება. ლოს-ანჯელესი სულაც არ არის ის, რაც ეგონა — არც იდეალურია და არც ქალები ჰგვანან ბარბის. მისი წარმოდგენა სამყაროს სრულყოფილებაზე, ქალების მმართველობასა და ყველას სიყვარულზე რეალობას აღარ შეესაბამება.

ადამიანებს არ უყვართ ბარბი. თავს დაუცველად გრძნობს, რადგან აღმოაჩენს, რომ მის გარეგნობას ბევრი აკრიტიკებს. ასევე, თინეიჯერი გოგონა კრიტიკულად უხსნის, როგორ ნეგატიურად იმოქმედა ბარბის სრულყოფილების სტანდარტებმა ქალების თვითაღქმაზე. ამ ყველაფრის შედეგად, მისი კოგნიტიური დისონანსი ტკივილამდე მიდის, რაც ფილმში მისი პირველი ცრემლებითაა გამოხატული.

კოგნიტიური დისონანსის თავიდან არიდება

ნამდვილ სამყაროში გარკვეული დროის გატარების შემდეგ ბარბი მეტად ადამიანური ხდება — ცდილობს, ტკივილსა და დისკომფორტს თავი აარიდოს. ასე „ფსიქოლოგიურ არიდებამდე“ მიდის, რაც მხოლოდ მცირე ხნით აუმჯობესებს მის განწყობას. ამას მოჰყვება კენის მმართველობის ქვეშ მყოფ სამყაროში მოხვედრა, რაც დისონანსის მორიგ ტალღას იწვევს. ამ პატრიარქალურ გარემოში მისთვის არაფერია სრულყოფილი.

რა თქმა უნდა, ბარბი ვეღარ ახერხებ წარსულ წარმოდგენებთან დაბრუნებას და უწევს, რეალობას სულ სხვაგვარი თვალით შეხედოს. ამრიგად, ფილმი იდეალურად ასახავს კოგნიტიური დისონანსის ძალას, პრობლემის გაცნობიერების მნიშვნელობას და შინაგანი რწმენის რეალობასთან შესაბამისობას.

კოგნიტიური დისონანსის პოზიტიურ მუხტად გარდაქმნა

შესაძლოა, ეს რთულად დასაჯერებელი იყოს, მაგრამ ლუანას თქმით, ბარბის ფილმი თერაპიის ერთ-ერთ ფორმად გვევლინება. როგორც განმარტავს, კოგნიტიური დისონანსის ფანტასტიკურ ფილმში ხილვა მეტად დაგვეხმარება საკითხის გაცნობიერებაში და ბევრ ადამიანს დააფიქრებს.

აქვე გვიზიარებს რჩევებს, რომელთა მეშვეობითაც, პრობლემას დადებით კონტექსტში მოვაქცევთ:

  1. შეჩერდით და დაფიქრდით დისკომფორტზე, როგორც მენტალური მდგომარეობის განგაშის ზარზე. იმის ნაცვლად, რომ მისი გაჩუმება სცადოთ, პირიქით, უფრო მეტად დაუგდეთ ყური;
  2. დისკომფორტს მიეცით მეგობრის ვიზუალური სახე, რომელთან ერთადაც ყავის ფონზე საუბრობ — გაიგეთ, რის თქმას ცდილობს ის;
  3. კოგნიტიური დისონანსი ჩვენგან რაღაცის შეცვლას მოითხოვს — ან რწმენების, ან ქცევების… თავად უნდა განსაზღვროთ, რომელი საჭიროებს გარდაქმნას და შემდეგ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად იმოქმედოთ.

წყარო: Washington Post

როგორ უნდა შექმნას გლობალურმა კომპანიამ მომხმარებელთა მდგრადი გამოცდილება?

ნიუ-იორკის მეტროს ესთეტიკა 1970-1980-იან წლებში — Hell on Wheels

Back to Top

Log In

Forgot password?

Forgot password?

Enter your account data and we will send you a link to reset your password.

Your password reset link appears to be invalid or expired.

Log in

Privacy Policy

To use social login you have to agree with the storage and handling of your data by this website. %privacy_policy%

Add to Collection

No Collections

Here you'll find all collections you've created before.