in

ბარბარა მილისენტ რობერტსიდან „ბარბიმდე” – საკულტო თოჯინას ისტორია

1959 წლის მარტში ამერიკულ ბაზარზე თოჯინა, სახელად „ბარბი” გამოჩნდა. წითელტუჩება სათამაშოს შავ-თეთრი საცურაო კოსტიუმი ეცვა, ხოლო ქერა თმა ე.წ. ცხენის კუდივით ჰქონდა შეკრული. მისი სრული სახელი ბარბარა მილისენტ რობერტსი იყო და ის გახდა მასობრივი წარმოების თოჯინა, რომელმაც მომდევნო წლებში საკულტო სათამაშოს სტატუსი მიიღო.

istoriebi
istoriebi

ბარბის „მშობლები”

სათამაშოების კომპანია Mattel-ის დამფუძნებლები იყვნენ რუთ ჰენდლერი და მისი მეუღლე. მათ ჰყავდათ გოგონა, რომელიც ხშირად თამაშობდა ქაღალდის თოჯინებით, რომლებზეც ზრდასრული ქალები იყვნენ გამოსახულები. ამ ამბით შთაგონებულმა მშობლებმა გადაწყვიტეს ისეთი თოჯინა შეექმნათ, რომელიც არ იქნებოდა ძალიან ბავშვური და პატარა გოგონებს გაუჩენდა მეგობარს, რომელშიც ისინი საკუთარ მომავალ „მეს” დაინახავდნენ.

თოჯინას ვიზუალი

იმ დროისთვის არსებობდა გერმანული კომიქსების მოტივებზე შექმნილი თოჯინა – Bild Lilli, რომლის უფლებებიც Mattel-მა იყიდა და საკუთარი ვერსია შექმნა. 

1959 წლის 9 მარტს ბარბი ოფიციალურად გააცნეს მსოფლიოს. პირველი თოჯინა 1950-იანი წლების ვარსკვლავების გლამურულ გარეგნობას ასახავდა, ისეთებს, როგორებიც იყვნენ ელიზაბეტ ტეილორი და მერილინ მონრო. საინტერესოა ისიც, რომ პირველი თოჯინა 300 დოლარად გაიყიდა, ერთი წლის განმავლობაში კი კომპანიამ 300 000 ბარბის თოჯინა გაყიდა. 

ბარბის ოჯახი

ბარბის გამოსვლიდან ორი წლის შემდეგ, თოჯინას წარმატებული წარმოების გამო, შემქმნელებმა გადაწყვიტეს, რომ ბარბის მეგობარი ბიჭიც მოუხდებოდა, ამიტომ იმავე სტილის ოღონდ მამრობითი სქესის თოჯინა გამოუშვეს, სახელად კენი. კენი რუთ ჰენდლერის ვაჟს ერქვა. 

კიდევ ორი წლის გასვლის შემდეგ კი ბარბის საუკეთესო მეგობარი, მიჯი შეუქმნეს. 

ბარბი, როგორც ბრენდი

ბარბი ისეთ ბრენდად იქცა, რომელიც უყვარდათ თავისი პერსონიფიკაციისა და უნიკალური მახასიათებლების გამო. მისით ცნობადი ადამიანებიც იყვნენ დაინტერესებულნი. ამის ნათელი მაგალითია 1967 წელს გამოსული თოჯინა, რომელსაც სუპერმოდელ ტვიგის სახე ჰქონდა. 

მომდევნო წლებში ეს ტრენდი სხვა ვარსკვლავებმაც აიტაცეს და გამოვიდა შერის, ოდრი ჰეპბერნის, დაიანა როსისა და სხვა ცნობილი ადამიანების ბარბები.

პირველი აფროამერიკული თოჯინა და პოპარტისტის მუზა

მიუხედავად იმისა, რომ Barbie-ს კოლექციაში აფროამერიკული გარეგნობის თოჯინები პირველად 1968 წელს გაჩნდა, ოფიციალურად აფროამერიკელი ბარბი 1980 წელს გამოუშვეს. 

ბარბის თოჯინამ მე-20 საუკუნის პოპარტისტის, ენდი ოურჰოლის ყურადღებაც მიიპყრო. 1968 წელს ის შთააგონა თავისი მეგობრის კოლექციამ, რომელიც ათიათასობით თოჯინასგან შედგებოდა. მისი დახატული ბარბი 20 წლის შემდეგ თავად Mattel-მა გამოიყენა ახალი კოლექციის შესაქმნელად.

ბარბის წარმატება დიდწილად იყო დამოკიდებული იმაზე, რომ ბრენდი ძალიან დიდ ყურადღებას უთმობდა მრავალფეროვნებასა და ტრენდებს. ის ყოველთვის უსმენდა მომხმარებელს და შექმნა სამყარო, რომელმაც უამრავი ბავშვის გული დაიპყრო. ის, რომ ბარბი საკულტო თოჯინაა, კიდევ ერთხელ გამოჩნდა 2023 წელს გადაღებულ ფილმში, „ბარბი”, სადაც ცნობილი თოჯინას როლს ჰოლივუდელი მარგო რობი ასრულებს.

ბიზნესისტორიებს წარმოგიდგენთ „ალიანს ჯგუფი”.

#დაძარი

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

ჯეიმს ვების ტელესკოპის მეშვეობით იკვლევენ, რა ბედი ეწევა მზის სისტემას?

ვარსკვლავები მოზაიკაში, რომლებიც წარმოუდგენლის წარმოდგენას გვთავაზობენ