Barbie-სთან კოლაბორაციებით ბოლო დროს განებივრებულნი ვართ, ახლა კი მათ რიცხვს Kodak დაემატა. სათამაშოც დრამატულად შეიცვალა ბოლო წლებში, მაგრამ არსი მაინც იგივე დარჩა. ისევ სახალისოა და ისევ იზიდავს ვარდისფრის მოყვარულებს. ამჯერად კი Barbie x Kodak შეზღუდული გამოშვების კამერასა და პრინტერს გვთავაზობენ, რითაც ნებისმიერი ასაკისა თუ გენდერის ადამიანს შესაძლებლობას აძლევენ, გადაიღონ და გააზიარონ განსაკუთრებული მომენტები ვარდისფერი აქსესუარებით.
მართალია, Polaroid-თან შედარებით, შეზღუდულ ფუნქციებს გვთავაზობს, მაგრამ სწორედ ამით შეიძლება გახდეს მომხმარებლებისთვის მიმზიდველი — როგორც ამბობენ, უბრალოდ ღილაკზე ხელი დაჭერაში, მომენტის დაფიქსირებასა და დაბეჭდვაშია რაღაც მაგიური…
KODAK Printomatic Barbie Edition-ს, რაღა თქმა უნდა, ბარბის ვარდისფერ ფერებსა და ლოგოებში ვხედავთ, დიახ, აქვეა კოდაკის ლოგოც. რაც შეეხება ტექნიკურ მხარეს, ZINK-ის ტექნოლოგიას იყენებს ფოტოების დასაბეჭდად. 5-მეგაპიქსელიანი სენსორი აქვს, რომელიც რეტრო ხარისხის სურათების გადაღების საშუალებას მოგცემთ. თავად სურათები კი მომავალში microSD ბარათზეც შეგიძლიათ, შეინახოთ.
როგორც უკვე გითხარით, ნოსტალგიური ფოტოგრაფიული გამოცდილებისთვის ბარბის თემატიკის KODAK STEP Slim Instant Photo Printer-საც გვთავაზობენ. სმარტფონს უკავშირდება და მარტივად იძლევა სურათების ბეჭდვის საშუალებას. შეგიძლიათ, ასე თქვენი სმარტფონით გადაღებული ფოტოებიც დაბეჭდოთ და ისინიც, რომლებიც Kodak Printomatic Barbie Edition-ის კამერაში შეინახეთ.
რაც შეეხება ბარბისა და კოდაკის პროდუქტების ჩაშვების თარიღს, ამ ეტაპისთვის ჯერ ოფიციალურად არაფერს ამბობენ…