რამდენიმე დღეა, მთელი მსოფლიოს ყურადღება კატალონიის „ბარსელონასა“ და ლიონელ მესისკენ არის მიმართული. საუბარია არა მხოლოდ იმ ადამიანებზე, რომლებიც ამ კლუბს, ფეხბურთელს ან სპორტის ამ სახეობას გულშემატკივრობენ, ზოგადად, კვირის ერთ-ერთი მთავარი ტრენდული ამბავი სწორედ არგენტინელი სუპერვარსკვლავის მიერ, „ბარსელონას“ დატოვებაა. აღნიშნული საკითხი განიხილება თითქმის ყველა სოციალური მედიის პლატფორმაზე, ფორუმებზე, ვებგვერდებზე, ტელევიზიებსა თუ ბეჭდურ მედიებში, ქუჩაშიც კი შეიძლება, მოულოდნელად, გამვლელებს შორის, აღნიშნული თემის განხილვის მომსწრენი გახდეთ.
მართლაც, ეპოქა დასრულდა და ლიონელ მესი „ბარსელონას“ ფეხბურთელი აღარ არის. გავრცელებული ინფორმაციით, ის დღეს, პარიზში ჩაფრინდება და დედაქალაქური გრანდის – პარი სენ ჟერმენის მაისურს მოირგებს. იქ მას ნეიმარი და კილიან მბაპეც ელოდებიან.
1 თვის წინ, პარიზელებმა მადრიდის „რეალს“ კაპიტანი მოსტაცეს და სერხიო რამოსიც გააპარიზელეს. ლიონელ მესის წასვლას უამრავი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია და ცნობა მოჰყვა. და მაინც, რატომ ვერ შეინარჩუნა კატალონიურმა კლუბმა მათი ლეგენდა და მსოფლიოს ნომერ პირველი ფეხბურთელი? – როგორც ამბობენ, ბიუროკრატიულმა პრობლემებმა ეს სიმბიოზი და ერთობა შეიწირა, ესპანეთში არსებული შრომითი რეგულაციით, დასაქმებულის ახალი კონტრაქტისთვის ხელფასის შემცირება, მაქსიმუმ, 50%-ითაა შესაძლებელი. ფეხბურთელმა პრესკონფერენციაზე ცრემლების ფონზე გააჟღერა, რომ ამ დათმობაზე წასასვლელადაც კი მზად იყო: „ჩემს დასარჩენად ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეიძლებოდა. ხელფასის 50%-ით შემცირებაზე თანახმა ვიყავი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამაზე მეტს ვერაფერს მოვახერხებდი. როგორც ვთქვი, ყველაფერი გავაკეთე“, – განაცხადა არგენტინელმა.
ფაქტია, რომ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. არის მეორე ვერსიაც, რომელიც უფრო მარტივი და რაციონალურია. საუბარია თავად ფეხბურთელის სურვილსა და შიდა კონფლიქტებზე, რომელიც წლებია, გრძელდება კლუბის მენეჯმენტსა და ფეხბურთელს შორის. ასევე, მოქმედი ფიგურა, ფეხბურთელის აგენტი, მისივე მამაა, რომელსაც კატალონიურ კლუბთან ურთიერთობა ბოლო წლებში საკმაოდ დაეძაბა. გავრცელებული ინფორმაციით, მესის კლუბის დატოვება შარშანაც გადაწყვეტილი ჰქონდა, თუმცა კონტრაქტის გაწყვეტა და პუნქტების დარღვევა, საბოლოოდ, გადააფიქრებინეს. ერთ-ერთი ესპანელი ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ კლუბმა მესის შესანარჩუნებლად ყველა ძალა და შესაძლებლობა, უბრალოდ, არ გამოიყენა და ამ ბრძოლაში ადვილად დანებდა: „ყოველი წუთი, რომელიც გადის, ბადებს გრძნობას, რომ დირექტორთა საბჭომ ლეო მესის შესანარჩუნებლად ყველაფერი არ გააკეთა. არგენტინელის პასუხებში გარკვეული სიჩუმე იკვეთება, რომელიც დირექტორთა საბჭოს მიმართ იმედგაცურებას გამოხატავს“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.
Sport-ის მიერ, Brand Finance-ის მიხედვით გავრცელებული ინფორმაციით, „ბარსელონას“, შესაძლოა, ლიონელ მესის გაშვება ბრენდის ღირებულების 137 მილიონი ევრო დაუჯდეს. ზარალი, ძირითადად, „ბარსას“ კომერციული შემოსავლების შემცირებით იქნება განპირობებული.
„ბარსა“ 17 მილიონ ევროს მატჩის დღეებში დაკარგავს, 43 მილიონს – მაისურების გაყიდვებიდან, 77 მილიონს კი – ბიზნეს შემოსავლებში. ზარალის სრული ოდენობა 137 მილიონი ევრო იქნება, რაც კლუბის, როგორც ბრენდის ამჟამინდელი 1 266 მილიონიანი ღირებულების 11%-ით შემცირებას გულისხმობს.
„ბარსელონა“ მსოფლიოში მეორე ყველაზე ძვირადღირებული საფეხბურთო ბრენდია. კატალონიურ კლუბზე წინ მადრიდის „რეალი“ იმყოფება, რომლის ღირებულებაც 1 276 მილიონ ევროს შეადგენს. ვნახოთ, სად გააგრძელებს კარიერას ლიონელი და როგორ განვითარდება საფეხბურთო დრამა. პარიზში დედაქალაქურმა კლუბმა 10 აგვისტოსთვის ეიფელის კოშკი დაჯავშნა და იქირავა/ სწორედ აქ უნდა შედგეს მესის პრეზენტაცია. კლუბის ფანები კი აეროპორტის ტერიტორიაზე უკვე დილიდან იკრიბებიან.