in

გააფერადე! – მარიამ ცანავას ჩანაწერები ბარსელონადან

pasha-statiebi
pasha-statiebi

თავში სხვადასხვა კადრი, განსაკუთრებით კი მუსიკა მიტრიალებს. კადრი ნელ-ნელა იხსნება და ჩნდებიან მოცეკვავე წყვილები, რომლებიც სინქრონში მიემართებიან ერთი ბოლოდან მეორე მხარეს. ლიდერი ქალია და ალბათ ეს ფაქტი პედრო ალმოდოვარის ფილმში ბევრს არ უნდა გაუკვირდეს. ყველაზე მეტად მუსიკა მახსოვს და დარწმუნებული ვარ, მის გარეშე ეს ფილმი ასე არ მომეწონებოდა. „რაკელი“ ამ მომენტშიც ჩამესმის და სხვადასხვა კადრებს მახსენებს ჩემი საყვარელი ფილმიდან. ენის სწავლის მშვენიერი მეთოდია უყურო ფილმებს და მე ამ მეთოდს ხშირად მივმართავ.

მორიგი მეტროს გაჩრება მაფხიზლებს, ირგვლივ ვიხედები და ხმამაღლა მოსაუბრე ხალხს ვაკვირდები. მზისფერი ბარსელონა მზად არის დაიწყოს დღე და ადამიანებს ბედნიერება აჩუქოს. ერთი შეხედვით, ირგვლივ ყველაფერი არეული და ქაოსურია და ხალხიც არ ჩანს დიდად ორგანიზებული თუმცა, ამ ქალაქში, საბოლოოდ, ყველაფერი თავისებურად, შეიძლება ზოგისთვის გაუგებრად, მაგრამ მაინც ლაგდება და საინტერესო სიმფონიას ქმნის. ის ენერგია, რასაც აქაურები ასხივებენ და რაც ამ ქალაქს მოაქვს, უკვე 6 თვეა მაიძულებს ყველაზე პროდუქტიული, კრეატიული და მომღიმარი ვიყო, რაც 24 წლის განმავლობაში ვყოფილვარ და 08:30-ზე დაწყებულ ლექციებს ენერგიულად შევუდგე.

დღეს ჩემი TO DO LIST-დან სადღაც 15 პუნქტი მოვიშორე და სწრაფად გავვარდი შემდეგი მეტროს გაჩერებისკენ, რადგან არ მინდა დამაგვიანდეს. მეტროში ჯდომისას ვუყურებ ტელეფონს, რომ არ გამომრჩეს რაიმე, რაც იმ დღეს მაქვს გასაკეთებელი. იმდენ სხვადასხვა ჯგუფში ვარ გაწევრიანებული და იმდენი სხვადასხვა წვრილმანია გასაკეთებელი, პატარა დეტალებსაც ვიწერ, რომ არაფერი დამავიწყდეს. ამას ემატება ესპანურის კლასები, ვარჯიში, პრაქტიკის ძებნა მილიონ სხვადასხვა საიტზე და მუდმივი ფიქრი, თუ რომელ პატარა თუ დიდ ესპანურ ქალაქში უნდა წავიდე თავისუფალ დღეებში მეგობრებთან ერთად, სანამ საქართველოში დავბრუნდები ესპანეთის დიდი ნაწილის ნახვა რომ მოვასწრო.

აქ წამოსვლით კომფორტის ზონიდან ძალიან შორს გამოვედი. იმდენად შორს, რომ პირველი თვე ყოველდღე თავი მტკიოდა, შეკრული შუბლით დავდიოდი და მქონდა მუდმივი პანიკა, რომ ვერაფერს ვასწრებ, არადა იმდენი რამის მოსწრება მინდოდა…

პირველ თვეებში ისეთ საგნებსა და პროექტებზე მომიწია მუშაობა, რომელთა შესახებაც არაფერი გამეგო, ისეთ ხალხთან ერთად, რომლებთანაც კულტურული განსხვავება იმდენად დიდი იყო რომ, ერთად მუშაობის პირველი საათები იმის გარჩევაში გადიოდა ვინ რა იგულისხმა, შემდგომი 3-4 საათის მანძილზე კი ვცდილობდით შეგვეჯამებინა კიდევ უფრო განსხვავებული აზრები და საერთო დასკვნამდე მივსულიყავით. ეს შფოთვები ნამდვილად სჯობს იმ შფოთვებს, რაც აქ წამოსვლამდე მქონდა, იმასთან დაკავშირებით, ვატარებ თუ არა ჩემს ცხოვრებას მთელი სიძლიერით, ვაკეთებ თუ არა იმას, რაც გულით მაინტერესებს და სწორად ვხარჯავ თუ არა იმ უზღვავ ენერგიას, რაც ადამიანს 24 წლის ასაკში გააჩნია.

ძლივს მოვაღწიე დანიშნულების ადგილას. რა უცნაურია, ხალხი ისევ ბანაობს ზღვაში, არადა მზე ისე ძალიან აღარ აცხუნებს. სანაპიროზე ვცდილობ კვირაში 2-ჯერ მაინც გამოვიდე. არაფერი სჯობს მარილიანი ჰაერის შესუნთქვას, მზის სხივებით გათბობას და გაფერადებას, გადაღლილი დღის მიწურულს.

ალბათ ყველაზე მნიშვნელოვაში, რაც ამ ქალაქში ვისწავლე, არის უნარი რომ სულ რამდენიმე წუთით ყველაფერი განზე გავწიო, ღრმად ამოვისუნთქო და დავფიქრდე სად ვარ, რატომ ვარ იქ სადაც ვარ და სად მინდა რომ ვიყო. მსგავსი პატარა ქმედებები არის იმ სიმშვიდის ნაწილი, რომლის მიღწევაც ყოველთვის მიჭირდა ხოლმე.

ასევე დღითიდღე ვრწმუნდები, რამდენად აუცილებელია 100%-ით იყო იქ, სადაც ხარ. ქუჩაში, მეგობრებთან ერთად,ლექციაზე, შეხვედრაზე, მეცადინეობის დროს თუ სამზარეულოში მარტო, საჭმლის კეთებისას. ერთი შეხედვით, ეს მარტივი ქმედება თითქმის შეუძლებელი ხდება, როდესაც თავს მუდმივად მილიონი ახალი ინფორმაცია გვატყდება და ჩვენს გადაუდებელ ყურადღებას მოითხოვს. ასეთ დროს ძალიან რთულია დააფასო პატარა ბედნიერებები, რომლებიც ყოველდღე იბადება ჩვენს ცხოვრებაში.

მიუხედავად იმისა, რომ თავისუფალი დრო არც ერთი წუთით არ მაქვს, ბევრად უფრო აღვიქვამ ფერად დეტალებს, რომლებიც სტუდენტობას ახლავს თან. ადრე ჩემი ენერგიის უდიდესი ნაწილი ნერვიულობაზე მიდიოდა, ახლა კი ნელ ნელა ვსწავლობ როგორ მოვახმარო ენერგია პრობლემების მოგვარებას და არა მათზე უაზრო ნერვიულობას. ასეთი მიდგომა მეხმარება ყველაფერში დადებითი ვიპოვო და ახალ გამოწვევებს თავდაჯერებული შევხვდე.

…მზე ნელ-ნელა ჩადის და  და შემცივდა. უკანა გზაზე საშინელი ხმაური მესმის, რომელსაც უკვე შევეგუე. საღამოს 10 საათია და როგორც წესი, კატალონიელები აივნებზე არიან გამოსულები და პროტესტის ნიშნად  დანა-ჩანგალს უბრახუნებენ ჭურჭელს, რომელიც იწვევს საშინელ ხმაურს. ეს ყველაფერი უკვე მესამე თვეა გრძელდება ამიტომ დიდათ არ მიკვირს და მშვიდათ ვაგრძელებ გზას მეტროსკენ.

ავტორი: მარიამ ცანავა



რას არ ამბობენ თბილისის პირბადიანი ძეგლები? აქცია-პერფორმანსი უცნობი ავტორებითა და მოტივით

ყველას სჭირდება რაღაც! – პრინტ პროექტი ორგანოების დონორობასთან დაკავშირებით