დიდი ხანი არც გასულა Bard AI-ის ამოქმედებიდან, მაგრამ ტექნიკური გიგანტი უკვე მის განახლებასაც გვთავაზობს. კერძოდ, Bard Extensions ჩეტბოტს საშუალებას აძლევს, გუგლის სხვა აპლიკაციებთან და სერვისებთან ჰქონდეს წვდომა — მათ შორისაა Gmail, Maps, YouTube, Drive და Flights.
უფრო დეტალურად რომ განვიხილოთ, Bard მომხმარებლებს უფრო პერსონალიზებულ პასუხებს მიაწვდის და მეტად რთულ შეკითხვებსაც დაამუშავებს. მაგალითად, შესაძლებელია ინდივიდუალურად გამოსადეგი მარშრუტების შემუშავება, Gmail ანგარიშებიდან მონაცემების დამუშავება და ა. შ. თანაც კონფიდენციალურობის საკითხი ნამდვილად არ უნდა გვადარდებს, რადგან Google ირწმუნება, რომ ბარდი პერსონალურ ინფორმაციას არ იყენებს სარეკლამო მიზნებისთვის ან მოდელის გასაუმჯობესებლად.
Bard-ის უახლესი განახლება კიდევ ერთ ღირებულ ფუნქციას მოიცავს, სახელწოდებით „ორმაგი შემოწმება“. ეს არის ღილაკი, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ჩეტბოტის პასუხების სიზუსტე შეამოწმონ. როდესაც მას დააწკაპუნებთ, მოდელი გიჩვენებთ, რამდენად ემყარება კონკრეტული აზრი თუ დასკვნა გუგლის საძიებო სისტემაში არსებულ ინფორმაციას — ფუნქციის გააქტიურების მიზეზი კი ხარვეზების საბოლოოდ აღმოფხვრაა.
გარდა ამისა, ბარდი აფართოებს თავის ჰორიზონტს, საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, თავიანთი საუბრები სხვებს გაუზიარონ და ჩატი უწყვეტად გაგრძელდეს. მართალია, ამჟამად სიახლეები მხოლოდ ინგლისურენოვან სეგმენტზე ვრცელდება, მაგრამ მალე წვდომა 40 ენაზეც გაიზრდება.