ახლა რაზეც მოგიყვებით, ცოტა დაუჯერებლად შეიძლება ჟღერდეს ან ძაღლის მფლობელების ასრულებულ ოცნებას ჰგავდეს, თუმცა ფაქტია, ძაღლებისთვის მსოფლიოში პირველი ავიაკომპანია BARK Air შეიქმნა, რომელიც პირველ ადგილზე ჩვენ კი არა, ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს აყენებს.
თუ ძაღლთან ერთად ფრენა მრავალ გამოწვევას უკავშირდება, BARK Air ახლა White Paw ფრენას გვთავაზობს, რომლითაც ძაღლები ავტომატურად განებივრებულ მგზავრებად იქცევიან — მათზე მორგებული საწოლები, დამამშვიდებელი ფერომონები, ფრენის დროს გასართობი საშუალებები და ჰაერში არსებული ძაღლების პარკი Tail Winds…
BARK Air-ის სერვისის ყველა დეტალი მიგვანიშნებს იმაზე, რომ ისინი პირველ ადგილზე ძაღლს აყენებენ, დაწყებული დაჯავშნის ადგილიდან, გაგრძელებული Belly Rubs-ის ღილაკით და დამთავრებული საპირფარეშოში არსებული ნიშნით, რომ იგი ძაღლის მიერაა დაკავებული. თითოეული ბილეთი მოიცავს ადამიანის უფასო საშვს, ესეც იმიტომ, რომ ყველა ძაღლს შეეძლოს ფრენის დროს ნაცნობი სახის დანახვა.
„2011 წელს, როცა ძაღლების კვებისა და სათამაშოების ბრენდი BARK ჩავუშვით, ჩვენ გვქონდა მისია, შეგვექმნა ძაღლების სივრცე და პროდუქტები, რომლებიც ძაღლებსა და მათ ადამიანებზე იქნებოდა გათვლილი. მოხარულები ვართ, რომ წლების მანძილზე მიღებული ინსაითი გამოვიყენეთ, რათა შეგვექმნა გამოცდილება, რომელიც ძაღლს პირველ ადგილზე აყენებს. ეს მნიშვნელოვნად განსხვავდება უბრალოდ ძაღლების მიმღებლობიდან მიწიდან ცამდე“, — აცხადებს მატ მიკერი, BARK-ის თანადამფუძნებელი.
BARK Air თავდაპირველად ნიუ-იორკის Westchester County Airport-იდან (HPN) შეასრულებს ფრენებს ლოს-ანჯელესში VNY-ის გავლით და ლონდონში Stansted Airport-ის გავლით. Argus Platinum პასუხისმგებლობას აიღებს ეკიპაჟის წევრებზე, მათზე ზრუნვასა და დაზღვევაზე, როცა BARK სრულად პირველი კლასის გამოცდილების მიწოდებაზე იქნება ორიენტირებული.
ძაღლები თავიანთ პატრონებთან ერთად გამგზავრებამდე 45-60 წუთით ადრე უნდა გამოცხადდნენ და დარეგისტრირდნენ, ისიამოვნონ კერძით, რომელსაც ადგილობრივი მზარეული მოამზადებს. BARK Air-ის კონსიერჟი ყველა ძაღლს ხვდება ე. წ. გეითთან, რითაც ფრენის წინ სოციალიზაციას ცდილობენ, რათა უზრუნველყონ, რომ ყველა ძაღლი მშვიდად გრძნობს თავს და მზად არიან ფრენისთვის. უკვე თვითმფრინავში კი ძაღლებს სპეციალურ საკვებსა და სათამაშოებს სთავაზობენ. ხოლო ადამიანებს მთელი ფრენის მანძილზე აწვდიან ინფორმაციებს, თუ როგორ გრძნობს მათი შინაური ცხოველი თავს ან რაიმე ხომ არ სჭირდება.
BARK Air-ს 15 ძაღლისა და მათი პატრონის მოთავსება შეუძლია, თუმცა ამბობენ, რომ ჯავშნებს 10 ბილეთამდე შეზღუდავენ, რათა საკმარისი სივრცე და მშვიდი გარემო უზრუნველყონ. ეს ყველაფერი რაღაც ზღაპრულად კი ჟღერს, მაგრამ ფაქტია, პირველი ფრენა მარშრუტებით, რომლებიც ნიუ-იორკს, ლოს-ანჯელესსა და ლონდონს მოიცავს, 23 მაისს შესრულდება!