ქუთაისის ქუჩებში ახალი ტიპის რეკლამა გამოჩნდა. სტარტაპი, სახელწოდებით „ბარო“ გეგმავს შეცვალოს ის, თუ როგორ ვხედავთ და აღვიქვამთ რეკლამას ქუჩაში მოძრაობისას. ციფრულ ეკრანებთან ჭარბად მიღებული სარეკლამო ინფორმაციების ფონზე, „ბაროს“ დამფუძნებელმა ბექა ბარამბიამ გადაწყვიტა ფუნქცია მიენიჭებინა იმ სივრცისთვის, სადაც რეალურად ვმოძრაობთ. „იარე ჩვენთან ერთად“ – ამ მთავარი გზავნილით, „ბაროს“ პრომო თანამშრომლები მოძრავი ბანერებით იმოძრავებენ ქალაქში და ათიათასობით ადამიანს მიაწვდიან სარეკლამო ინფორმაციას. „ბარო“ სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა ქუთაისის ქუჩებში და უკვე დიდი ინტერესი გამოიწვია. სტარტაპის მიზანია, ერთი მხრივ, ადგილობრივი მცირე მეწარმეებისთვის ხელმისაწვდომი და ეფექტური სარეკლამო საშუალება შექმნას, შესაბამის სამიზნე აუდიტორიაზე წვდომით, მეორე მხრივ კი, დასაქმების საშუალება მისცეს ადამიანებს. დეტალებზე ბექა ბარამბია გვესაუბრა.
M: როგორც ახსენეთ, აქამდე, არაერთი სხვა წამოწყება გქონიათ. „ბაროს“ იდეა კონცეფცია როგორ ჩამოყალიბდა?
უნივერსიტეტში კრიმინალისტიკას ვსწავლობდი, მაგრამ მალევე აღმოვაჩინე, რომ ახალ იდეებთან და რიცხვებთან მუშაობა უფრო მიზიდავდა. ამიტომ, ეკონომიკური განათლების მიღება გადავწყვიტე. ბავშვობიდან მქონდა სურვილი, შემექმნა რამე განსხვავებული და სიახლე შემომეტანა ჩვენს ქალაქში. პირველი ბიზნესპროექტი 2016 წელს დავიწყე, როცა სამრეცხაო გავხსენი ქუთაისში. მას მერე დაახლოებით 9-11 სხვადასხვა ბიზნესი მქონდა: ჩაის მაღაზია, ყავის წარმოება, ბარიც კი… ზოგი წარმატებული იყო, ზოგიც – ნაკლებად. მაგრამ თითოეული მათგანი უზარმაზარი გამოცდილება აღმოჩნდა ჩემთვის.
„ბაროს“ იდეაზე 2017 წლიდან ვფიქრობ, იმ დროიდან, როცა საავტომობილო სფეროში ვმუშაობდი. მაშინ დავინახე მსგავსი კონცეფცია და თავიდანვე დამაინტერესა. თუმცა კოვიდმა გეგმები შეგვიცვალა. ახლა კი, როცა ვხედავ, როგორ იცვლება სარეკლამო ბაზარი, მივხვდი – დროა.
ჩვენ სარეკლამო სივრცე კვლავ რეალურ სამყაროში დავაბრუნეთ. მართალია, ქალაქურ სივრცეში უკვე არსებობს სტატიკური ბილბორდები, თუმცა ისინი უკვე ისე ჩაჯდა არქიტექტურაში, რომ ადამიანები ვეღარც კი ამჩნევენ. ეს არის მიჩვევის ეფექტი. ჩვენ კი გვინდა შევქმნათ რაღაც სრულიად განსხვავებული – მოძრავი, ცოცხალი რეკლამა, რომელიც რეალურად მიიპყრობს ყურადღებას.
M: როგორ მუშაობს „ბაროს” კონცეფცია პრაქტიკაში?
დღეს, Facebook-სა და სხვა სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსება სულ უფრო ძვირდება. მე თვითონ გამომიცდია – საკუთარი ჩაის მაღაზიისთვის 2250 ლარი დავხარჯე რეკლამაში და შედეგი მაინც ვერ მივიღე. სწორედ ამიტომ გვინდა შევქმნათ ხელმისაწვდომი, მაგრამ ეფექტური ალტერნატივა.
„ბაროს“ სერვისი, პირველ რიგში, მცირე მეწარმეებზეა გათვლილი, მცირე ბიუჯეტიდან გამომდინარე, თუმცა, დიდი კომპანიებისთვისაც არანაკლებ საინტერესოა ჩვენი სერვისი. ჩვენი გათვლებით, ქუთაისში დაახლოებით 150,000 ადამიანი ნახავს ჩვენს რეკლამას. თითოეულ რეკლამას უნიკალური დიზაინი ექნება. გვექნება როგორც მოძრავი ბანერები, ასევე სხვა ტიპის კონსტრუქციები. მომავალში ციფრული ეკრანების დამატებასაც ვგეგმავთ.
M: სახელი როგორ შეარჩიეთ?
სახელის შერჩევისას სამი რამ გვინდოდა: ყოფილიყო მოკლე, მარტივად დასამახსოვრებელი და აუცილებლად ქუთაისური. „ბარო” იდეალურად აერთიანებს სამივეს. ეს სიტყვა ყველა რეგიონში იციან, მაგრამ ვფიქრობ, განსაკუთრებულად ქუთაისურ ხასიათს ატარებს. ვიზუალური იდენტობაც შესაბამისია – გაშლილი ხელისგული, რომელსაც ადამიანები ერთმანეთს ვაჩვენებთ ხოლმე მისალმებისას.
M: თქვენი პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება დასაქმებაა. რა შესაძლებლობებს სთავაზობთ ადამიანებს?
ეს ჩვენი კონცეფციის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. გვინდა შევქმნათ სამუშაო ადგილები, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის. მკაცრი მოთხოვნები არ გვაქვს – მთავარია, ადამიანს კომუნიკაციის უნარი და სურვილი ჰქონდეს.
ჩვენი სისტემა ძალიან მოქნილია. თუ სტუდენტს დღეში მხოლოდ სამი საათი აქვს თავისუფალი, შეუძლია სწორედ ამ დროს იმუშაოს. ანაზღაურებაც კონკურენტულია. გვინდა, რომ ჩვენთან მუშაობა ადამიანებისთვის არა მხოლოდ შემოსავლის წყარო, არამედ სასიამოვნო გამოცდილებაც იყოს.
M: დღევანდელ რთულ ეკონომიკურ პირობებში, როგორ გადაწყვიტეთ ასეთ ნაბიჯზე წასვლა?
იცით, ხშირად გვეუბნებოდნენ – „ამას ვინ ატარებს“, მაგრამ საინტერესოა, რომ იდეა ყველას მოეწონა. ვფიქრობ, ეს იმიტომ, რომ ჩვენი კონცეფცია პოზიტიურია – არ აღიზიანებს ადამიანებს, პირიქით, სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნის.
დღეს, როცა ციფრული რეკლამა სულ უფრო ძვირდება, ჩვენი სერვისი რეალურ ალტერნატივას სთავაზობს ბიზნესებს. თანაც, მცირე ბიუჯეტიანი რეკლამა არ ნიშნავს დაბალ ხარისხს – პირიქით, გვინდა ვაჩვენოთ, რომ შესაძლებელია ეფექტური რეკლამის გაკეთება ხელმისაწვდომ ფასად.
M: რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?
ამბიციური გეგმები გვაქვს. ერთი თვის შემდეგ, გვინდა ბათუმსა და თბილისში გავფართოვდეთ. მიზანი მარტივია – გავხდეთ საქართველოს მასშტაბით მოქმედი კომპანია. ვგეგმავთ ახალი ტექნოლოგიების დანერგვასაც – ციფრული ბანერები, მოძრავი რეკლამები, ინოვაციური გადაწყვეტები.
გვინდა პროფესიონალი მარკეტერები მოვიზიდოთ, რათა მათი გამოცდილებით კიდევ უფრო განვვითარდეთ. მჯერა, „ბარო” შეცვლის არა მხოლოდ იმას, თუ როგორ ვაკეთებთ რეკლამას, არამედ იმასაც, თუ როგორ ვქმნით სამუშაო ადგილებს ახალგაზრდებისთვის.