„ნამდვილი ქართული“ – ამ სიტყვების გაგონებაზე გული სიამაყით ივსება და ვიაზრებთ, რომ ჩვენს ქვეყანაში ხარისხიანი, პრემიალური კლასის და რაც მთავარია, ქართული პროდუქტი კვლავაც იქმნება. საქართველოს საიუველირო მიმართულებით მდიდარი ისტორია აქვს. ამ ისტორიის ღირსეულად გასაგრძელებად, ვახტანგ წიკლაურმა, თავის გუნდთან ერთად, კომპანია Barron დააფუძნა. ეს ახალი ქართული საიუველირო ბრენდია, რომელიც პრემიალური ხარისხის პროდუქციას ქმნის და მასში ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას სიამაყით აქსოვს. კლასიკური და თანამედროვე სტილისა და მასალების ერთობლიობით, „ბარონი“ მომხმარებელს ისეთ სამკაულს სთავაზობს, რომელიც მთელი ცხოვრება ემეგობრება თავის მფლობელს.
„ჩვენი კონცეფციის ძირითადი ნაწილი თითოეული სამკაულის ექსკლუზიურობაა, როგორც ხარისხით, ასევე გამორჩეული დიზაინითა და ხასიათით“, – ამბობს ვახტანგ წიკლაური.
M: კომპანია სულ ახლახან გამოჩნდა ქართულ ბაზარზე – გვიამბეთ, როგორია Barron-ის კონცეფცია და რას გულისხმობს ბრენდის პრემიალურობა?
ჩვენი ბრენდის კონცეფციაა უნიკალურობა, რომელიც ამა თუ იმ გზით, კომპანიის მთავარი ნაწილია და მათ სხვებიგან გამოარჩევს. ვფიქრობ, კონცეფციის აღწერის საუკეთესო გზაა სიტყვების კომბინაციების რეალურ სახედ გარდაქმნა, რაც ბრენდს განასახიერებს.
არსებობს მშვენიერების აღმწერი უნივერსალური განსაზღვრება, რომლის გარკვეული ანალოგიც ყველა ენასა და კულტურაში მოიპოვება. ეს განსაზღვრება არის „შეუდარებელი“, რაც გულისხმობს ექსკლუზიურს, გამორჩეულს, ანალოგის არმქონეს. „ბარონი“ ბრენდია, რომელიც შეუდარებელ პროდუქციას ქმნის და ამას მომხმარებლებს უზიარებს. სწორედ ეს ანიჭებს კომპანიას პრემიარულობასა და უნიკალურ იდენტობას.
M: თქვენი ხედვით, რა საჭიროება იყო ბაზარზე, რამაც ამ მიმართულების ბიზნესის ჩამოყალიბებისკენ გიბიძგათ?
სამწუხაროდ, ქართული ბაზრის დიდი ნაწილი ნაკლებადაა ორიენტირებული მაღალ ხარისხსა და სერვისზე, რაც არაერთხელ გამომიცდია საკუთარ თავზე. ვფიქრობ, ქართული ბაზრის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნაკლი სწორედ ესაა. იგივე ვითარებაა საიუველირო სფეროშიც. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ქართული, თანამედროვე და მაღალი ხარისხის პროდუქციის საიუველირო ბრენდი ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს. არადა, კვლევამაც დაადასტურა, რომ ასეთ პროდუქტზე მოთხოვნა არც თუ ისე დაბალია.
M: რით არის Barron უნიკალური – გვიამბეთ მის კონკურენტულ უპირატესობებზე…
ჩვენი ხარისხი ნამდვილად უკონკურენტოა ქართულ ბაზარზე – როგორც წარმოების ხარისხით, ისე მასალების, ძვირფასი ქვებისა და შენადნობების მხრივაც. მნიშვნელოვანია, აღვნიშნოთ, „ბარონის“ პროფესიონალური გუნდის თავდაუზოგავი შრომა და წარმოების თითოეულ დეტალზე ორიენტირება, რაც სასურველი შედეგის მიღებაში გვეხმარება.
გარდა ამისა, შეგვიძლია ჩვენი შემოქმედებითი და კულტურული სიმდიდრე გავშალოთ, ესთეტურ ნამუშევრებში გადავთარგმნოთ და ამავდროულად, ტექნოლოგიურად უმაღლესი ხარისხი დავდოთ. ეს არ არის უბრალოდ პროდუქტი, ან სამკაული – არამედ, ფართო გაგებით, ეს არის კულტურა, რომელსაც ჩვენ ვქმნით.
M: ვის მოიაზრებთ თქვენს სამიზნე სეგმენტად?
ჩვენი სამიზნე სეგმენტი არის მომხმარებელი, რომელსაც ესმის და აფასებს ხარისხს და რომლისთვისაც კონცეპტუალური მნიშვნელობა აქვს საკუთარ ცხოვრებაში უნიკალური პროდუქტის შეტანას. ეს უფრო კულტურული კლასიფიკატორისკენ მიმართული სეგმენტირებაა, ვიდრე საშემოსავლოზე, ვინაიდან, არსებობს ძვირი პროდუქტი და არსებობს ძვირადღირებული პროდუქტი. იმისთვის, რომ ძვირსა და ძვირადღირებულს შორის განსხვავება შევძლოთ, შესაბამისი ღირებულებები და ცოდნა გვჭირდება. ჩვენი სამიზნე სეგმენტი სწორედ ის ხალხია, ვისაც ასეთი ხარისხის სამკაულის შეფასება და დაფასება შეუძლია.
M: როდესაც საუბრობთ პრემიალურ ხარისხზე, რას გულისხმობთ?
როცა საქმე პრემიალურ ხარისხს ეხება, ეს აუცილებლად გულისხმობს სამკაულის წარმოებასთან დაკავშირებული უამრავი დეტალის უმაღლეს დონეზე უზრუნველყოფას. მათ შორის, ისეთი დეტალების, რომლებზეც შესაძლოა, წარმოდგენაც არ ჰქონდეს ადამიანს. თითოეული სამკაულის დამზადება დიდ შრომასთან, ენერგიასთან და ცოდნასთანაა დაკავშირებული. ჩვენი მთავარი ამოცანა მომხმარებლისთვის უნაკლო სამკაულების შექმნა და სრულყოფაა. მან განსაკუთრებული განწყობა და საკუთარი ფერი უნდა შეიტანოს ჩვენი მომხმარებლის ცხოვრებაში. ამ დონეს ჩვენი გუნდის დახმარებით ვაღწევთ. წარმოებისას უახლეს დანადგარებს ვიყენებთ. ინოვაციური ტექნოლოგიები საშუალებას გვაძლევს, იდეალურად შევინარჩუნოთ სამკაულის ფორმები და პარამეტრები.
ახალ ტექნოლოგიურ სტანდარტს ქვების ჩასმის კუთხითაც ვიყენებთ. ეს სამკაულისა და ქვების დაუზიანებლად დამაგრებასა და მეტ ბუნებრივ ბზინვარებას უზრუნველყოფს. შენადნობებისთვის კი უნიკალურ ფორმულასა და მინარევებს მივმართავთ, რაც პროდუქტის სიმტკიცეზე, ფერზე, ბზინვარებასა და მდგრადობაზე აისახება.
მომხმარებლებს ჩვენი მუშაობის სრულ გამჭირვალობას ვთავაზობთ. გვსურს, თვალსაჩინო იყოს ჩვენ მიერ შექმნილი სამკაულების ბიოგრაფია: როგორ იბადება და რა გზას გადის პროდუქტი, რომელიც შესაძლოა, მისი მფლობელისთვის მთელი ცხოვრების უცვლელ აქსესუარად იქცეს.
M: რა გაძლევთ ამ საქმის კეთების მოტივაციას?
უმნიშვნელოვანესი გავლენა ჰქონდა ოჯახურ ბიზნესსა და მშობლების ძვირფას ლითონებთან და ქვებთან მუშაობის მრავალწლიან გამოცდილებას. ამ ყველაფერმა „ბარონის“ დაარსებისკენ მიბიძგა. მუდმივი სწავლა, თავდაუზოგავი შრომა, გამოწვევების მიღება, დროის ფასი და დიდი მოტივაცია გახლავთ ის, რამაც დასახულ მიზნამდე მიმაღწევინა.
რაღაც ეტაპზე მივხვდი, რომ ამ სფეროში ისეთი ცოდნა დავაგროვე, რომლის უპირატესობების სხვებისთვის გაზიარებაც აუცილებელი გახლდათ. პროფესიული მოტივაცია თავად პრფესიის სიყვარული და ის სიამოვნებაა, რასაც ჩვენი შრომისგან ვიღებთ. ეს არის საქმე, რომელიც გვიყვარს და რომლის კეთებაში შედეგის მისაღწევად მთელ რესურსსა და ენერგიას ვდებთ.
M: როგორ გეგმავთ კომპანიის განვითარებას?
დასაწყისისთვის, კომპანიის მთავარი მიზანია ჩვენი კომპანიის ღირებულებებისა და იდენტობის მომხმარებლისთვის გაცნობა. ჩვენ ვქმნით უნიკალურ სახეს ქართულ ბაზარზე და ვაპირებთ, შევინარჩუნოთ ბრენდის უნიკალური პოზიციონირება. ასევე, აქტიურ თანამშრომლობას ვიწყებთ სხვადასხვა კომპანიასთან და უახლოეს მომავალში, პირველი მაღაზიის გახსნასაც ვგეგმავთ.
[R]