15
Oct
2018

სანამ ვიქცევით სამუდამოდ მეინსტრიმად – ბასა მეტრეველის #აზრები

15 Oct 2018

M2
M2


აუცილებლად რაც უნდა ნახოთ, მაგას ისედაც აუცილებლად ნახავთ. კრეატიული ინდუსტრიის წარმომადგენელი თუ ხართ, მით უმეტეს. აქ ისეთები ხდება, შეიძლება უკვე ყველაფერი ნანახი გქონდეთ. მინახავს ეგეთი ადამიანები. და „რაც გინახავთ, მაგას ვეღარ ნახავთ. ნიახური ხომ არა ხართ, ამქვეყნად, მეორედ მოხვიდეთო?“ – ფიცხელამა თქვა, მე არა.

ამ ქვეყანაში ერთხელ მოსულებს კი, მსოფლიო მასშტაბების ჰიფსტერულ დონეებზე ყველაზე ჰიფსტერულად გაგვიმართლა. მსოფლიო არტისტულ ასპარეზზე დასაბამიდან ანდერგრაუნდს ვაწვებით. იმიტომ კი არა, რომ მეინსტრიმს ვერ გავქაჩავდით, უბრალოდ, იმის გამო, რომ მეინსტრიმს ჩვენი არ ესმის. შვიდ მილიარდიანი აუდიტორიიდან ხუთ მილიონამდე გამგები თუ ჰყავს ქართველ ხელოვანთ. ჩვენებურების შემოქმედება დანარჩენი სამყაროსთვის განსაკუთრებით გაუგებარი ხდება, თუ ეს შემოქმედება ენობრივ და სხვა რთულ კულტურულ პატერნებს შეიცავს. მოკლედ, ჩვენი საამაყო მეთოთხმეტე ანბანის წყევლაა პატარა აუდიტორია.

ბასა მეტრეველი – ციფრული პროდუქტების დირექტორი, Redberry

მეინსტრიმი კიდევ ამასობაში ხელოვნების ხარისხს ყოველთვის რაოდენობრივად გაზომავს. მეინსტრიმში ხარისხის განმსაზღვრელი ცვლადი ბოლოს მაინც რიცხვებში დაჯამდება. შესაბამისად, ჩვენ, როგორც სამყაროს უკუნეთ მიწისქვეშეთს, მსოფლიო მეინსტრიმისგან დაფასება წინასწარ განსაზღვრული მოცემულობებით დიდად არასდროს გვიწერია.

სამაგიეროდ, ამ ანბანის აუდიტორიას, უკვდავი ანდერგრაუნდი გვიწერია მეორედ მოსვლამდე, სანამ იოანე ზოსიმეს „დაქასთული“ მაგიის შეწევნით დედის (რაც გაგიხარდებათ) გინებას არ მოვიშლით და „ბაკაკი წკალში კიკინებსზე“ გულიანად ვიცინებთ.

„ვითარმედ ყოველი საიდუმლოჲ ამას ენასა შინა დამარხულ არს“. მეორედ მოსვლისას კი, ვიქცევით სამუდამოდ მეინსტრიმად.

ამ პირველ მოსვლაში კი – თუ ქართულ კრეატიულ ინდუსტრიაში მოღვაწეობთ, გალაქტიკათაშორის კრეატიულ ინდუსტრიებში მარტო თქვენ გაქვთ პრივილეგია, აქაური რეჟისორების შემოქმედებაში ეძებოთ ინსპირაცია, სინამდვილეში.  დაფასებითაც, თქვენზე უკეთ ვერავინ დააფასებს მათ.

საბჭოთა ტოტალიტარულ რეჟიმში დაბადებულმა ქართულმა კინომ კი, დასაბამიდანვე მოახერხა, ყოფილიყო მაინც თან ძალიან მაგარი, თან ძალიან ქართული და უბრალოდ, არაჩვეულებრივი. თუ ნანახი არ გაქვთ, მეორედ მოსვლამდე, მინიმუმ, რამდენიმე მათგანის ნახვას გირჩევთ:

არაჩვეულებრივი გამოფენა – ქართული კინოშემოქმედება თავად უეჭველად არის არჩვეულებრივი გამოფენა. „არაჩვეულებრივი გამოფენა“ კი, ყველაზე არაჩვეულებრივი ექსპონატია ამ გამოფენისა. თუ გაინტერესებთ თქვენი პიკასოს ბიჭი რა სიმაღლიდან გადმოხტებოდა თავით და თან ცდილობთ, გაისიგრძეგანოთ, რას ნიშნავს უსასრულო დროსა და სივრცეში უკვდავი მომენტების გამოქანდაკება, მაშინ ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა გქონდეთ ნანახი აგული ერისთავის შემოქმედებითი „ატხადნიაკის“ დილა თავისივე მოწყობილ ოცნებების სასაფლაოზე.

პირველი მერცხალი – კრეატიული ინდუსტრიის თლა პირველი მერცხალი თავად თუ არ ხართ ამ ქვეყანაში, მეორე მაინც იქნებით. უბრალოდ, იმას ვგულისხმობ, რომ ახალგაზრდა ინდუსტრია ვართ. „პირველი მერცხალი“, ასევე, საკმაოდ კრეატიული ინდუსტრიის, ქართული ფეხბურთის პირველი მერცხლებისადმი მიძღვნილი ეპიკური პოემაა. იასონის პენალტების სულისკვეთებაში ამოიკითხავთ  რას ნიშნავს საქმისადმი პროფესიონალური მიდგომა და საქმის სიყვარული. იასონის ცხოვრებისეულდილემებში კი  ამოიკითხავთ რა დაგიჯდებათ იყოთ თქვენი საქმის ნამდვილი პროფესიონალი.

ნატვრის ხე – „მხეცივით შემოტეული“ რეალობებიდან ოცნებებში გაქცეული სანამ საკუთარ ნატვრის ხეს იპოვით, მანამდე იქნებ, ელიოზისას შეავლოთ თვალი. ასახდენი ოცნებები ახდენამდე მსხვერლპშეწირვას ითხოვენ. ან ახდენის შემდეგ.  მსხვერპლს მოითხოვს სილამაზეც. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ სანამ ელიოზის „ნატვრის ხეს“ თქვენი თვალით არ ნახავთ, ისეთი არაფერი ინატროთ ღმერთი ქე რო მოგცემთ, მაგრამ თქვენ ვერ  მიიღებთ.

ნამე – გადასარევი შეხსენებაა იმისა, რომ შედევრები  მხოლოდ ბაბუაჩვენის ბაბუის დროს არ იქმნებოდა და რომ მარტო სამხრეთ ამერიკაში არაა რელობა მაგიური. თურმე, აჭარის მთები, დიდი ხანია, თავისთავად, თავისთვის ჩუმად იტევს მარტოობის ყველა წელიწადს და თავის რელობას ამ მაგიით აცოცხლებს. ამ მაგიის ძალით კი  კინოს ჯადოქრები შედევრებს დღეს, აქ და ახლა თქვენ გვერდით ქმნიან.

„წელს ოსკარების დაჯილდოებაზე უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში საქართველოდან სწორედ „ნამეა“ წარგზავნილი. ვნახოთ, დროულადვე დაგვაფასებს ამერიკის კინოაკადემია, თუ მაინცდამაინც მეორედ მოსვლას უნდა ველოდოთ. ჩვენ მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, ლოცვა გავაძლიეროთ.

P.S ისე, თუ ფილმებზე მართლა რაიმე ადეკვატური აზრი დაგაინტერესებთ – „ია პროსტა ჩლენ“. მანქურას (იოანე ცქიტიშვილი) მიაკითხეთ, სანამ ცოცხალია და სანამ მისგან მხოლოდ ქანდაკებაღა დარჩენილა. მაგას ყველაფერი აქვს ნანახი.

განხილვა