ვინ იფიქრებდა, რომ ევროპულ საფეხბურთო სეზონთან დაკავშირებით, adidas-ის კამპანიისთვის მთავარ კითხვაზე „რას ნიშნავს იყო გერმანელი, დღეს?“ ქართველი ქოფირაითერი დაჯდებოდა საფიქრალად და ბრიფს ნიგერიელ არტ-დირექტორთან ერთად ამოხსნიდა… შემდეგ კი, „ტიპური გერმანელი“ ჯერ გერმანელების საყვარელ კამპანიად იქცეოდა და საერთაშორისო კრეატიულ ფესტივალებზეც მოიგებდა ჯილდოებს… თუმცა, ამბავი ამით არ სრულდება. რიგში კიდევ სხვა მასშტაბური კამპანიებია, რომლებზეც ბასკი ასათიანმა Jung von Matt-ის შემადგენლობაში იმუშავა. adidas-თან ერთად, გიამბობთ, თუ როგორ გაიმარჯვეს Hyundai-ის კამპანიის მოსაპოვებლად Droga5-თან კონკურენციაში, მთავარი „გოლის გატანა“ სტივენ ჯერარდთან ერთად ცადეს, ბრენდ Topps-ის კამპანიისთვის ჟოზე მოურინიო მიიწვიეს და FIFA-ს პროექტით Webby Awards-ზე სამი ჯილდო მოიპოვეს, Arsene Wenger-თან კოლაბორაციაც შედგა… სათქმელი მართლაც ბევრია, ამიტომ მოდით, მივყვეთ თანმიმდევრულად და ბასკი ასათიანისგან მოვისმინოთ, როგორ იქმნებოდა გამორჩეული კამპანიები მსოფლიო ბრენდებისთვის.
adidas-ის კამპანია „ტიპური გერმანელი“
M: მოდი, adidas-ზე საუბრით დავიწყოთ. როგორი იყო სააგენტოს დავალება ბრენდისგან?
adidas-ს, EURO24თან დაკავშირებით, გერმანიის ეროვნული ნაკრებისთვის ფორმა უნდა გამოეშვა. წელს, EURO24 გერმანიაში ტარდებოდა და განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ლოკალური ბაზრისთვის ამ ფორმას, ე.წ. ტრიკოს, როგორც გერმანელები ეძახიან.
M: როგორ ჩაერთე ბრიფზე მუშაობის პროცესში და როგორ აღმოჩნდი მთავარი იდეის ავტორი?
თავიდან, როცა ბრიფი გაგვაცნეს, უკვე სხვა, სამი თუ ოთხი გუნდი მუშაობდა ამ პროექტზე და სხვა კამპანიის სლოგანი ჰქონდათ არჩეული. ჰოდა, ისე მოხდა, რომ მე და ერთ არტ-დირექტორს გვთხოვეს დახმარება. საბოლოოდ, გერმანული ფორმის სლოგანი და რეკლამის მთავარი ინსაითი ნიგერიელმა არტ-დირექტორმა და ქართველმა კოპირაითერმა მოვიფიქრეთ. რა თქმა უნდა, მერე ამ რეკლამაზე Division Global-მა და მილიონმა სხვადასხვა ადამიანმა იმუშავა. ჩვენი სარეკლამოდანაც Jung Von Matt Sports და ჩვენი იდეა ბევრად უფრო საინტერესოდ აქციეს, მაგრამ ფაქტობრივად, ბრიფი ამოვხსენით ჩვენ – ორმა უცხოელმა.
ბრიფის ამოსახსნელად, საკუთარ თავს დავუსვით კითხვა – „რას ნიშნავს იყო გერმანელი 2024 წელს?“. ალბათ, ამოცანის ამოხსნაში ბერლინში ცხოვრებაც დამეხმარა, რადგან გაჩნდა კითხვა – თუ რა არის ტიპიურად გერმანული – Typisch Deutsch. პირველივე პასუხი რაც მოგვივიდა, არის შაურმა (Döner), რომელიც თურქმა ემიგრანტებმა შექმნეს გერმანიაში. აღმოჩნდა, რომ ტიპური გერმანული მანქანაცაა და ველოსიპედიც, ბრატვურსტიც და შაურმაც, პუნქტუალობაც და დაგვიანებაც. ეს ყველაფერი იყო ამოსავალი წერტილი, საიდანაც იწყება კიდეც სარეკლამო რგოლი – ერთი ბიჭი ეკითხება გოგოს, თუ რას ფიქრობს გერმანიის ახალ ფორმაზე, რაზეც გოგო პასუხობს, „რა ვიცი რა, ტიპურად გერმანულია“. ამის შემდეგ, ვიდეოში ვიწყებთ იმის ახსნას, რომ ტიპურად გერმანული ნიშნავს მრავალფეროვანს.
M: როგორი იყო გამოხმაურება კამპანიის გარშემო – როგორც ვიცით, არამხოლოდ საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა, არამედ საერთაშორისო ჯილდოებიც მოიპოვა…
კამპანიამ მოიპოვა New York Festivals-ის სამი ოქრო მიიღო პროდუქტისა და სერვისის კატეგორიაში. ქვეყნის ფარგლებში, მგონი, გერმანელების ყველაზე საყვარელი რეკლამა იყო წელს და ალბათ სწორედ მასშტაბურობით მოიგო. გერმანია ძალიან გულდაწყვეტილი იყო ყატარის ჩემპიონატის მერე და ამ რეკლამამ, ფაქტობრივად, მთელი ერი შთააგონა და ძალიან კარგადაც ითამაშეს (თუმცა, მთლად საქართველოსავით დასამახსოვრებლად ვერა). ისე, ჩემმა სააგენტომ მერე ბილეთიც მაჩუქა საქართველოს თამაშის სანახავად.
კამპანიამ ADC*E-ზეც მიიღო ჯილდოები – ერთი ოქრო, ერთი ვერცხლი და ორი ბრინჯაო. ამ კონკურსზე გამარჯვება გერმანელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ აქაურ არტ-დირექტორთა კლუბს ძალიან კრიტიკული შემფასებლები ჰყავს.
M: კამპანიების ისეთი გლობალური ბრენდებისთვის შექმნა, როგორიც adidas-ია, უამრავი კრეატორის ოცნებაა. შენთვის რას ნიშნავს adidas-ის პროექტზე მუშაობა?
სიმართლე რომ ვთქვა, adidas არც არის ის კლიენტი რომელთანაც ხშირად ვმუშაობ, მაგრამ Typisch Deutsch-ის იდეა რომ მომივიდა, გამიჩნდა შეგრძნება, რომ რაღაც მნიშვნელოვანი მოხდა.
ჩემთვის ამ კამპანიაში ყველაზე დასამახსოვრებელი ის იყო, რომ გერმანიის ფანებმა Major Tom აიტაცეს, როგორც ნაციონალური ჰიმნი. ყველა სტადიონზე იმ სიმღერას მღეროდნენ, რომელიც ჩვენს რგოლს ედო.
Hyundai – Goal of The Century
საინტერესოა, რომ Hyundai-ისთან თანამშრომლობის მოსაპოვებლად, სააგენტომ Droga5-თან კონკურენცია დაძლია. მაშინ, როდესაც FIFA-ს მსოფლიო თასის მხარდამჭერი კომპანიები გაყიდვების ზრდასა და უფრო „მეტისკენ“ იყვნენ მომართულები, Jung von Matt-ის შემოქმედებითმა გუნდმა Hyundai-ის კამპანია „ნაკლებისკენ“ მომართა და მთავარ ამოსავალ მიზნად დაისახა „ნაკლები გამონაბოლქვი, ნაკლები ნარჩენები და ნაკლები ზიანის მიყენება გარემოსთვის“. ამას მათ უწოდეს „საუკუნის მიზანი“ – Goal of the Century. მისი მთავარი გმირი ლეგენდარული ფეხბურთელი სტივენ ჯერარდია, რომელმაც ამჯერად, შესანიშნავი საქმის კაპიტნობა ჩაიბარა და სიტყვა დადო, მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრების გატანილი ყოველი გოლის აღსანიშნავად 500 ხეს დარგავდა. საერთო ჯამში, კამპანიაში 8200 ხე დაირგო.
„ამ კამპანიის მოსაპოვებლად, Droga 5-ს მოვუგეთ. დავალება მსოფლიო ჩემპიონატის სლოგანის მოფიქრება იყო. Hyundai-ს უნდოდა სამყაროსა და ეკოლოგიისთვის რამე დადებითი გაეკეთებინა მსოფლიო ჩემპიონატის დროს.
Brief-ზე მე და ჩემი გერმანელი პარტნორი ფელიქს ებელი ვმუშაობდით. შევნიშნეთ, რომ Hyundai იყო ყოველკვირეული საუკეთესო გოლების მიმოხილვის Goal of the Week სსპონსორი. ამის გაგების მერე დაიბადა იდეა გაგვეერთიანებინა „გოლები“ (მიზნები), რომლებიც სამყაროს შეცვლიდა და შევქმენით Goal of the Century. თუმცა საქმე ასე მარტივად არ დამთავრებულა. შევქმენით Team Century გუნდი რომელიც შედგებოდა 11 ყოფილი ფეხბურთელისგან და ეკოლოგიური აქტივისტისგან, რომლებმაც დადეს სხვადასხვა ფიცი, Hyundai-სთან ერთად. ამ გუნდის კაპიტნად ავირჩიეთ სტივენ ჯერარდი. მისი მონაწილეობით გადავიღეთ მთავარი სარეკლამო რგოლი. ვირეოს „ვოის-ოვერი“ მე დავწერე, ხოლო შემდეგ, BTS-ის მომღერალმა RM-მა გაახმოვანა.
Youtube-ზე დაწერილ კომენტარებში შეგიძლიათ ნახოთ კიდეც, როგორ უხდის ყველა მადლობას RM-ს შთამაგონებელი სიტყვებისთვის, რაც ჩემთვის ცოტა ღიმილისმომგვრელია… კამპანიის ფარგლებში, ბევრი კარგი რამ გავაკეთეთ, მაგალითად, ჯერარდი ფანებს დაჰპირდა, რომ ინგლისის ნაკრების მიერ გატანილი ყოველი გოლისთვის 500 ხეს დარგავდა ინგლისში. საბოლოოდ 8200 ხე დავრგეთ გაუტყეურებულ რეგიონებში. Fun Fact: რგოლის ბოლოს მოუსმინეთ, როგორ ამბობს სტივენ ჯერარდი “Are you in?”-ს. ძალიან უჭირს სკაუსერული აქცენტის დამალვა“.
Goal Of The Century-ის ფარგლებში, Hyundai-მ ითანამშრომლა Grimshaw-ის არქიტექტორებთან, FIFA-სთვის სრულად ეკოლოგიური, მიწით ნაშენი მუზეუმის შესაქმნელად.
FIFA
ფეხბურთი ყველაზე აქტიური სპორტია. მას ყველაზე მეტი ადამიანი თამაშობს და გულშემატკივრობს მთელ მსოფლიოში. FIFA-ს პროექტზე მუშაობისას, შემოქმედებითი გუნდის მიზანი იყო, რომ ციფრულ სამყაროსთან დაახლოებული ახალი თაობის ინტერესი მიემართა ფეხბურთისკენ. ბასკიმ საფეხბურთო ციებ-ცხელება ზეტ თაობისთვის დამახასიათებელ ციფრულ სამყაროსთან დააკავშირა. მთელი თამაში აქტიურ ინტერაქციულ პროცესად იქცა. კამპანიამ Webby-ზე სამი ჯილდო მიიღო.
„FIFA-თვის შევქმენით ქეის ფილმი რომელმაც Webby-ის სამი ჯილდო მოიპოვა. Webby ინტერნეტის ოსკარია. შემიძლია ვთქვა, რომ მე და ტეილორ სვიფტმა, წელს, ორივემ Webby მოვიგეთ. მინდა წარმატებები ვუსურვო ტეილორს, როგორც დამწყებ მუსიკოსს.“
Topps
„Topps-თვის გადავიღეთ რეკლამა, ჟოზე მოურინიოს მონაწილეობით. Topps აწარმოებს შესაგროვებელ ბარათებს, სადაც ჟოზე პაუერ რეინჯერად გადავაქციეთ და მის მთავარ მტერს, დოქტორ დრიბლერს დავაჯახეთ. მეორე რგოლში კი, ჟოზე კამერიკული 90-იანების სიტკომის გმირი ხდება, სადაც ყველა ჟოზე მოურინიოა.
სიმართლე ვთქვა სხვა სცენარიც გვქონდა რომელიც უფრო მოგვწონდა, მაგრამ ჟოზემ უარი თქვა, იმიტომ რომ არ უნდოდა ძროხაზე „ამხედრება“.
Arsene Wenger – არსენალის ლეგენდა
„FIFA-მ გაწყვიტა ურთიერთობა EA SPORTS-თან. ამის გამო, ახალ თამაშს ჰქვია EA FC 24 და არა FIFA 24. სანამ FIFA ახალ თამაშს გამოუშვებს, სხვადასხვა თამაშების მსოფლიო ჩემპიონატების შექმნა მოიფიქრეს. მაგალითად Rocket League-სა და Football Manager-ის მსოფლიო ჩემპიონატები იქნება. ამ ნიუსის დასაანონსებლად შევქმენით სარეკლამო რგოლი, რომელშიც ერთ-ერთი ფეხბურთის ლეგენდარული მწვრთნელი არსენ ვენგერი თამაშობს.
სასაცილო ამბავი ისაა, რომ არსენ ვენგერმა გადაგვაგდო რგოლის გადაღების დღეს. ვერ მივხვდით, რატომ. მერე ვნახეთ, რომ ევროპაზე საფრანგეთის თამაშს ესწრებოდა თურმე. ამის გამო სულ სხვა სცენარის დაწერა მოგვიწია შაბათ-კვირას და ორშაბათს ჩქარ-ჩქარა გადაღება“.
ავტორი: თამარ მეფარიშვილი













