in

90-იანების ყველაზე გემრიელი ბურთულები ბრუნდება! თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით, თბილისში „ბასკინ რობინსი“ იხსნება

კომპანიის გუნდი გეგმავს, საქართველოს მასშტაბით, მინიმუმ, 20 ობიექტის გახსნას: თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში.

თითქმის 30 წლის შემდეგ, „ბასკინ რობინსი“ საქართველოში 4 ახალი ობიექტითა და ამბიციური გეგმებით ბრუნდება და პირველ ფილიალს განახლებული ჭავჭავაძის გამზირის #17-ში ხსნის.

აღმაშენებელზე, ბნელ 90-იანებში, როგორც ამ წლებს ხშირად ვუწოდებთ, სწორედ „ბასკინ რობინსი“ იყო ის ნათელი და გემრიელი წერტილი, რომლის ნაყინის ფერადი ბურთულებიც ჩვენს წილ თავისუფლებასთან, ამერიკულ ოცნებასთან გვაახლოებდა.

გაურკვეველია, ერთ დღესაც, რა მიზეზით გაქრა სანაყინე თბილისიდან… თუმცა კარგი ამბავი ისაა, რომ ამიერიდან, მონატრებული „ბასკინ რობინსი“ ჩვენს ყოველდღიურობაში შემოაბიჯებს და გაგვიახლებს იმ შეგრძნებებს, მისი პირველი ბურთულის გასინჯვას რომ მოჰყვა.

ამ სასიამოვნო ნოსტალგიასთან ერთად, უნდა აღვნიშნოთ იმ მხარდამჭერი ორგანიზაციის დამსახურებაც, რომელმაც „ბასკინ რობინსის“ საქართველოში დაბრუნებაში თავისი წვლილი შეიტანა:

მოგეხსენებათ, ახალი ბიზნესის დაწყება და შემდგომ, მისი განვითარება დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ქართულ ბიზნესს ნებისმიერ ეტაპზე – დავუფინანსოთ საჭირო დანადგარები და ამით გამოვუთავისუფლოთ ფულადი რესურსი, რომელსაც საქმიანობის განვითარებისკენ მიმართავენ. გვიხარია, რომ საქართველოს ბაზარზე ასეთი წარმატებული და ხარისხიანი ბრენდის შემოსვლის მონაწილენი გავხდით და მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ყველა მსგავს წამოწყებას, – გვიყვება თეკლა რობაქიძე, თიბისი ლიზინგის წარმოებისა და სოფლის მეურნეობის სექტორის უფროსი.

თავის მხრივ, თიბისი ლიზინგმა, როგორც აქტიურმა დაფინანსების ინსტრუმენტმა ბიზნესებისთვის, ბასკინ რობინსს საქმიანობისთვის საჭირო დანადგარები, კერძოდ სპეციალური მაცივრები დაუფინანსა.

მსგავსი ხელშეწყობა, თიბისი ლიზინგის მხრიდან, პირველი არაა, ვინაიდან კომპანია სხვადასხვა ბიზნესსექტორისთვის აფინანსებს: ტექნიკას, მანქანა-დანადგარებს, ტრანსპორტსა და უძრავ ქონებას, მათ შორის, წარმოებისა და კვების ობიექტებისთვის.

„მოხარულები ვართ რომ მაისის თვიდან გვაქვს შესაძლებლობა მომხმარებლები გავანებივროთ უმაღლესი ხარისხის ნაყინებით, რაც ვფიქრობდით რომ ძალიან აკლდა ქართულ ბაზარს. რეალურად პრემიალური ხარისხის ნაყინის შეძენა საქართველოში ფაქტიურად შეუძლებელი იყო, ამიტომ გადავწყვიტეთ რომ ამერიკული ბრენდი შემოგვეყვანა, რაც თავისთავად არ აღმოჩნდა მარტივი და ამისათვის საკმაოდ ვრცელი და საინტერესო გზა გავიარეთ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ თიბისი ლიზინგის ფაქტორი ჩვენი კომპანიის წარმატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მათი მხრიდან შემოთავაზებული პირობები მისაღები აღმოჩნდა და საკმაოდ მცირე დროში შევძელით შეთანხმება”- აცხადებს ევან გოგავა, ბასკინ რობინს საქართველოს თანადამფუძნებელი.

„ბასკინ რობინსი“, თბილისის მასშტაბით, პირველ ეტაპზე, კიდევ სამ ფილიალს გახსნის, კერძოდ: „სითი მოლში“, „თბილისი გალერიასა“ და „ისთ ფოინთში“.

სამომავლოდ, კომპანიის გუნდი გეგმავს, საქართველოს მასშტაბით, მინიმუმ, 20 ობიექტის გახსნას: თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში. რაც, რასაკვირველია, გულისხმობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და მომხმარებლისთვის ფართო ასორტიმენტის შეთავაზებას.

ამერიკული ბრენდი „ბასკინ რობინსი“ 1945 წელს, კალიფორნიაში, ბურტ ბასკინისა და ირვ რობინსის მიერ დაარსდა. კომპანია ნაყინების ინდუსტრიაში, მსოფლიოში ყველაზე დიდ ქსელს წარმოადგენს და დღეისათვის, მსოფლიოს მასშტაბით, 8000 კაფეს მოიცავს. ბრენდი ოპერირებს 50 ქვეყანაში, მათ შორის, უკვე მეორედ, უფრო მასშტაბური გეგმებით, საქართველოშიც.

თავდაპირველად, „ბასკინ რობინსი“ მომხმარებლებს 31 სახეობის ნაყინს სთავაზობდა, რაც მათ ლოგოშიც აისახებოდა. რიცხვი „31“ აღნიშნავდა შესაძლებლობას, მომხმარებელს თვის განმავლობაში, ყოველდღე, ახალი გემო გაესინჯა.

დღეს, კომპანიაში უკვე 1300-მდე სახეობის ნაყინი იწარმოება, მათ შორის, ვეგანური. აქვე იმასაც აღვნიშნავთ, რომ „ბასკინ რობინსის“ ნაყინები არ შეიცავს გლუტენს, პროდუქცია მზადდება ნამდვილი რძისგან და არის პრემიუმ ხარისხის ნაწარმი.

[R]

ნახეთ: Facebook-ის ახალი ფუნქცია – Neighborhoods, რომელიც სოციალიზაციაში დაგეხმარებათ

უბრალოდ, ჩაკი დამიძახე – ჩაკ რულო! [ვიდეო]