10
Aug
2018

„ბრენდის ქცევა არ დაემთხვა იმ ფასეულობებს, რომლითაც მომხმარებლის გონებაში იყო აღქმული“ – BASSIANI-ს „ქეისი“

10 Aug 2018

გუშინ, 9 აგვისტოს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ 14 სექტემბერს, მოსკოვში გასამართ ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე, Red Bull Music Events-ზე ოთხი ქართველი არტისტი, 3 მათგანი, კლუბ Bassiani/Horoom-ის რეზიდენტი დიჯეი: ZESKNEL (ზუკა ბაბუნაშვილი), Mercurrio (დიტო ჩიქოვანი), Kvanchi (თორნიკე კვანჭიანი) და ასევე, არტისტი Zurkin გაემგზავრებოდნენ. ფესტივალის ოფიციალური გვერდის ცნობით, ბასიანის გუნდთან ერთად, მოსკოვს Bassian/Horoom-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ზვიად გელბახიანიც ეწვეოდა.

0.5 ანაბარზე
0.5 ანაბარზე

გავრცელებულ ინფორმაციას, საზოგადოების მხრიდან, მალევე მოჰყვა ნეგატიური რეაქცია, რაზეც ერთ-ერთმა არტისტმა, ზურკინ ჭყონიამ საკუთარ ფეისბუკგვერდზე გამოაქვეყნა სტატუსი, სადაც ფესტივალის ორგანიზატორის მოწერილ ტექსტს გვიზიარებდა: „ჩვენ გვაქვს იდეა, გავაკეთოთ ერთი ღამე „გასგოლდერში“, რასაც დავარქმევთ „წინააღმდეგობას მუსიკაში“. მინდოდა, თქვენთვის მეთხოვა BASSIANI-ს ხელმძღვანელების საკონტაქტო ინფორმაცია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რუსეთის შემთხვევაში, Outline-მა და Arma 17-მა ვერ იმუშავა. ჩვენ ამ ომში დავმარცხდით, თუმცა, როგორც ჩანს, თქვენ გაიმარჯვეთ. ამიტომ გვინდა, მოგიწვიოთ ჩვენთან, რომ მხარი დაგიჭიროთ“.

სქრინი: ,,ტაბულა”

საზოგადოებამ ნეგატიური რეაქცია სხვადასხვა ფორმით, მათ შორის, სტატუსებით, კომენტარებით, ქოუბებითა და პოსტერებითაც გამოხატა: BASSIANI-ს „ქეისს“ – როგორც მომხმარებლის მიერ ბრენდის აღქმასა და მის მიმართ არსებულ მოლოდინებს, საკუთარ ფეისბუკგვერდზე გამოეხმაურა შოთა ჩინჩალაძე, სააგენტო LIVE-ის უფროსი ბრენდ კონსულტანტი:

„შედარებით გრძელი გაკვეთილი ბრენდინგში: ნებისმიერი ბრენდის სიძლიერე იმით გაიზომება, თუ რამდენად თავისიანად აღიქვამს მას მისი აუდიტორია. „თავისიანად აღქმა“ კი, პირდაპირ კავშირშია ფასეულობებისა და ღირებულებების დამთხვევასთან (ზუსტად ისე, როგორც ადამიანებთან ურთიერთობაში, სიმართლე თუა ჩვენი ფასეულობა, მართალი კაცი უფრო მეტად გვიყვარს და გვეჩვენიანება, ვიდრე მატყუარა და ფლიდი).

ბასიანის ამბებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბასიანი ძლიერი, საკმაოდ გამოკვეთილ ფასეულობებზე აგებული (არ დაგვავიწყდეს, რომ კომერციული) ბრენდია და რომ მის ერთგულ მომხმარებელში ის (თუკი ასეთი არსებობს) „თავისიანად აღქმის ინდექსით“ საქართველოში ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი „მოწინავეა“.

შესაბამისად, მოხდა ის, რაც მოხდა, ბრენდის ერთ-ერთი ქცევა არ დაემთხვა იმ ფასეულობებს, რომლითაც ის მომხმარებლის გონებაში იყო აღქმული (არ აქვს რეალობას მნიშვნელობა, მთავარია აღქმული როგორ იყო). ამან გამოიწვია ბრენდის სწორედ იმ აუდიტორიის წყრომა, რომელიც ამ ბრენდს, როგორც თავისუფლებისა და ახალი ქართული ფასეულობებისთვის მებრძოლად აღიქვამდა. ჰოდა ახალ ქართულ ფასეულობებში, თუ რამეზე ვართ შეთანხმებული, არის, რომ რუსეთი ნაგავი და მტერია (სრულად):

საზოგადოების რეაქციაზე BASSIANI-ს პასუხი იყო მოსკოვში დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობაზე უარი, რის შესახებაც, ოფიციალური ინფორმაცია საკუთარ ფეისბუკგვერდზე გაავრცელა: „საკლუბო სცენასა და რეივ-კულტურას ყოველთვის ჰქონდა უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური დატვირთვა უსამართლო და რეპრესიული სისტემის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენ ამის არაერთი მაგალითი გვახსოვს არა მხოლოდ მსოფლიოს, არამედ საქართველოს უახლოესი წარსულიდან.

12-13 მაისის მოვლენებმა ნათლად გვანახა, რომ სახელმწიფო სისტემაც კი უძლურია საერთო იდეებისა და ღირებულებების გარშემო გაერთიანებული თავისუფალი ადამიანების წინაშე. ჩვენი ერთობლივი ცეკვა და ბრძოლა სამაგალითოდ იქცა მსოფლიოს არაერთი ქვეყნისთვის, არაერთ ახალ საპროტესტო ტალღას დაუდო საფუძველი და ამ სცენას პოლიტიკური მნიშვნელობა დაუბრუნა. ამაში უდიდესი წვლილი პირველ რიგში, სწორედ ჩვენს მოცეკვავეებს მიგიძღვით და იმ ნდობასა და სოლიდარობას, რაც ერთმანეთს გამოვუცხადეთ.

სწორედ 12 მაისის მოვლენები გახდა მთავარი მიზეზი იმისა, რომ მსოფლიოს მასშტაბით უამრავმა ქალაქმა გამოგვიცხადა სოლიდარობა. პეკინი, ამსტერდამი, პულა, ბერლინი.. – ეს ის ქალაქებია, სადაც უახლოეს მომავალში გაიამრთება BASSIANI-ს შოუქეისები. საკლუბო ღამეების მთავარი მესიჯები კი უცვლელია – ცეკვა თავისუფლებისთვის.

ჩვენს გულწრფელ სურვილს, მონაწილეობა მიგვეღო წინააღმდეგობრივი შინაარსის ღამეში, არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა ერთგული მხარდამჭერების, მეგობრებისა და საზოგადოების მხრიდან. ჩვენ სრულად ვიაზრებთ იმ გულისტკივილს, რაც თანამოქალაქეებმა გამოხატეს კლუბის მიმართ. ვიაზრებთ იმასაც, რომ ეს ღამე საქართველოს ისტორიისთვის უმძიმეს დროს, აგვისტოს ომის 10 წლისთავის დღეებში დაანონსდა, რამაც ცხადია, გაამძაფრა მოქალაქეთა გულისტკენა. გულწრფელი საზოგადოებრივი პროტესტის გათვალისწინებით, ჩვენმა გუნდმა მიიღო ღონისძიების გაუქმების გადაწყვეტილება, იმ ღონისძიების, რომელიც უნდობლობის გამო ანგარიშსწორებისა და დაპირისპირების იარაღად იქცა“, – ვკითხულობთ „ბასიანის“ განცხადებაში (სრულად):

განცხადებაზე გაკეთებულ კომენტარებს თუ გადავხედავთ, მათი უმრავლესობა კვლავაც ნეგატიური შინაარსის მატარებელია.

განხილვა