იცოდით, რომ „ბასტი–ბუბუ“ ქართული სიტყვაა და ხმაურს, აურზაურს ნიშნავს? – სულხან–საბა ორბელიანი განმარტავს, რომ „ბასტი“ „როკვაჲ არის ფერჴის ცემითა“, „ბუბუნი“ – „ყურის გამოჴმიანობაჲ“. ამ ორის შეერთებით კი, საბოლოო ჯამში, ცეკვისას ფეხის ცემით გამოწვეული გამაყრუებელი ხმაურის, „დიდი ჟრიამულის“ სინონიმი გახდა.
ყველაფერი კი 1992 წელს დაიწყო. მაშინ, როცა არა ბავშვების, არამედ „სახალხო აჯანყების“, ზვიადისტების ბუბუნი ისმოდა: „ზვიადი, ზვიადი!“ ფეთქდებოდა მანქანები, ზუოდნენ ტყვიები, ერთადერთ ტელევიზიაში გადიოდა მხოლოდ პოლიტიკური გადაცემები ბნელ, უიმედო და უფერულ ამბებზე, უცებ კი იწყებოდა: „წვიმა იყო, გადაიღო, მზემ პირი დაიბანა“. არსებული სოციალური თუ პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, „ბასტი-ბუბუ“ ვერ და არც უნდა შექმნილიყო. „არ დაიწყოთ! პირდაპირ გვირჩიეს სპეციალისტებმა. გააკეთეთ პოლიტიკური გადაცემა იმიტომ, რომ ცხელი ახლა ეს არის, ხალხს ეს სჭირდება, მაგრამ თურმე, სულ სხვა რამ სჭირდებოდა ხალხს! ამიტომ, მე ამას უფრო ვუყურებ ისე, რომ ჩვენ ვიპოვნეთ ჩვენი მისია და ბედნიერები ვართ! – თამარ სხვიტარიძე, „ბასტი-ბუბუს“ 4 დამფუძნებლიდან ერთ-ერთია, რომლებმაც საკუთარი პულსაცია დედამიწაზე დიდი ჟრიამულის უნიკალურ ხმად, ბნელი პერიოდის სანუკვარ მოგონებად გარდაქმნეს და ჩვენს ხანგრძლივ მეხსიერებაში თვალსაჩინო ადგილი მიუჩინეს ორ კეთილ არსებას: ჯიუტ ბასტისა და ჭკვიან ბუბუს.
https://www.youtube.com/watch?v=CPP4WMMEd6I&fbclid=IwAR1UEwr9IkmLUQ62aEa0_up4J8NM28imgi0TOTIkzmyFRWezta573l_74nM
„ბასტი-ბუბუს“ განვლილ გზაზე თამარ სხვიტარიძემ გვიამბო:
M: რა იყო საბავშვო გადაცემის შექმნის მოტივაცია? და რამდენად რთული იყო, იმჟამინდელ მოცემულობაში, ამ იდეის განხორციელება?
ეს იყო არც ისე კარგი პერიოდი საქართველოსთვის. პრაქტიკულად, პარალიზებული იყო პირველი არხი, კიბეებზე ისხდნენ თანამშრომლები და ტელევიზია, სადაც საბავშვო გადაცემების რედაქციაში ვმუშაობდი, იშლებოდა სხვადასხვა ტელეკომპანიად. სახლში კი იყო ჩემი შვილი, დედისერთა ნიცა, რომელსაც პრატიკულად, არ ჰქონდა ბავშვობა. ძალიან ძლიერი მოტივაცია მქონდა, შემექმნა ისეთი სამყარო, რომელიც ჩემს შვილს თავს ბედნიერად აგრძნობინებდა. შევიკრიბეთ ბავშვის სიყვარულით დამუხტული ადამიანები – და დავიწყეთ ფიქრი ძალიან მაგარ საბავშვო გადაცემაზე. იდეები ბევრი იყო, ვკამათობდით, ზოგი წავიდა, ზოგი მოვიდა და საბოლოოდ, შევიკარით 4 ადამიანი: მაკა აროშიძე – კომპოზიტორი, ხათუნა წულაია – არტ მენეჯერი, ნინო გოგაძე – რეჟისორი და მე, თამარ სხვიტარიძე – პროდიუსერი. ჩემი მეუღლის, პაატა ამონაშვილის რჩევით, დავაფუძნეთ შ.პ.ს. „ბასტი-ბუბუ“ და სწორედ ეს ფირმა გახდა სახელი „ბასტი ბუბუს“ მცველიც, დამხმარეც და გადამრჩენელიც.
ძალიან ბევრი ადამიანი იკრიბებოდა ჩვენ გარშემო, მათ შორის, მეთოჯინე რეჟისორები: თემურ ბადრიაშვილი და მიშა ბუკია. გადაცემის სახელზე რომ ვსაუბრობდით, ვფიქრობდით, რომ „ენკი-ბენკი“ დაგვერქმია, მაგრამ თემურ ბადრიაშვილმა გვითხრა: „ჩვენს ოჯახში, როცა ბავშვები ხმაურობენ, ამბობენ, რა ბასტიბუბუ გაგიმართვათ“ და ხომ არ მოგწონს ეს სიტყვა გადაცემის სათაურადო. როგორც კი გავიგე, მივხვდი, რომ ეს სიტყვა ჩემი ცხოვრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. გადავწყვიტე, რომ „ბასტი-ბუბუ“ ერქმეოდა ამ გადაცემას და მინდა, გითხრა, რომ ჯგუფში ამ ამბავს დიდი სიხარული არ მოჰყოლია.
M: პირველად, როდის გავიდა გადაცემა ეთერში და რა ფორმატით?
ჩვენი პირველი გადაცემა 1992 წლის 10 მაისს გავიდა ეთერში და რომ ვუყურე, საკმარისად ვერ ვიგრძენი მისი მნიშვნელოვნება. არ მეგონა, რომ მომავალი 25 წელიც ამ საქმეს გავაგრძელებდი. მეორე დღეს, სამსახურში რომ მივედით, ტელევიზიის ყველა კაბინეტიდან გამოდიოდნენ და ტაშს გვიკრავდნენ, რაც ძალიან იშვიათი შემთხვევა იყო იმიტომ, რომ ჟურნალისტები დიდად არ ანებრივრებდნენ ერთმანეთს კომპლიმენტებით.
თავიდან გვინდოდა, რომ გადაცემის წამყვანები სხვადასხვა პროფესიის მქონე თოჯინები ყოფილიყვნენ: მეცნიერი, ექიმი, ტელეჟურნალისტი, თუმცა რომ მივხვდით, ჩვენი ბიუჯეტით ამდენ თოჯინას ვერ შევქმნიდით, მხოლოდ ბასტი და ბუბუ დავამზადებინეთ, მაკამ კი გადაცემისთვის 53-ე სკოლიდან, მსახიობური და მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული ბავშვები აარჩია. „ვთამაშობთ ტელევიზიობანას“ – ასე იწყებოდა გადაცემა: ბავშვები იყვნენ ჟურნალისტები, სინოპტიკოსები, ცნობილი მომღერლები და ასე შემდეგ. ექიმი ქეთი გვასწავლიდა, რომ ხელები უნდა დაგვებანა, სპორტსმენი ვახო ჯანმრთელი ცხოვრების წესით იყო დაკავებული, გვყავდა აერობიკის წამყვანი ეკატერინე, მოდელიორი ლანა, ჭორიკანა ნინი და ა.შ. ყველა ბავშვი ვინც „ბასტი-ბუბუს“ ეკრანზე ჩნდებოდა, ძალიან უყვარდებოდა მაყურებელს. იმდენად დიდი მოლოდინი იყო ბასტი-ბუბუს მიმართ, არამარტო ბავშვები, დიდებიც გვეხვეწებოდნენ, რომ ხშირად გასულიყო ეთერში ჩვენი გადაცემა. თვეში ერთ გადაცემას ვაკეთებდით, დაახლოებით, 40 წუთიანს და ხალხი ელოდებოდა ამას, როგორც ხსნას, იმედს, ერთგვარ ფსიქოთერაპიას.
M: შემდეგი ეტაპი იყო საბავშვო სტუდია. რამდენად საჭირო იყო სტუდიის არსებობა და როგორ მიხვდით, რომ ამისთვის უკვე მზად იყავით?
93 წელს, იმხელა სურვილი იყო, რომ ყველა დედას მოეყვანა ჩვენს გადაცემაში ბავშვი, გადავწყვიტეთ, რაღაც სტუდიისმაგვარი გაგვეკეთებინა, სადაც პატარები შეისწავლიდნენ თანამედროვე ცეკვებსა და სიმღერებს და შემდეგ, გადაცემისთვის გამოვიყენებდით. იმის გამო, რომ ახალგაზრდები ვიყავით და დიდი გამოცდილება არ გვქონდა ამ საქმეში, არ ვიცოდით, რომ არ უნდა გააკეთო ბავშვთა კონკურსი. შეცდომა დავუშვით და ჩავატარეთ გამოცდები, რამაც დიდი ვნებათა ღელვა გამოიწვია: მხედრიონელები გვადგებოდნენ თავზე, რომ „ჩემი შვილი მიიღეთ“, „შენ ახლა რამე არ შეგეშალოს“, სამედიცინო ინსტიტუტებში მიღებაზე რომ იყო, ეგეთი ამბავი ატყდა „სტუდია ბასტი ბუბუში“ მოხვედრაზე. კონკურსმა ჩვენ თვითონვე შეგვიყვანა ძალიან დიდ ჩიხში და რომ უნდა მიგვეღო, ვთქვათ, 50 ბავშვი, ხელოვნების სკოლაში, მივიღეთ 150.
ამდენი ბავშვით, ერთ ოთახში, რომელსაც გვთავაზობდა ხელოვნების სკოლა, ვერ დავეტეოდით და
გამოჩნდა სამხედრო მუზეუმის შენობა, რომელშიც ბავშვთა ფედერაციამ დაიდო ბინა. მისმა ხელმძღვანელმა, კობა გილაშვილმა შემოგვთავაზა ამ შენობაში ფართი.. ეს იყო უფანჯრო შენობა, ტანკები იდგა, იარაღები ეწყო. ყველა კედელი ჩვენი დანაზოგებით, ბოლო კაპიკებით ავაშენეთ, ფანჯრები გავჭერით, იატაკი დავაგეთ… დღესაც ამ შენობაში ვართ, ვქირაობთ ფართს, ახლა უკვე ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრისაგან.
სტუდიის შექმნიდან მეორე წელს დავიწყეთ კონცერტების ჩატარება, რომელიც ძალიან ემოციურ და მოთხოვნად კოსტიუმირებულ სანახაობად იქცა. საქართველოს ყველა კუთხეში დავდიოდით გასტროლებზე და დღემდე ასე ვაგრძელებთ.
M: როდის და როგორ შეიქმნა „ბასტი-ბუბუს“ დაბადების დღის ცენტრი?
1999 წელს, ვაკის პარკში გაიხსნა დაბადების დღის ცენტრი. ეს იყო პირველი ასეთი ტიპის ორგანიზაცია საქართველოში. ჩვენთან მოვიდა ორი ადამიანი, ირაკლი დავლიანიძე და ტოპა იორდანიდი, რომლებმაც გვითხრეს, სანაყინეს გახსნა გვინდა და თუ შეიძლება, „ბასტი-ბუბუს“ დავარქმევთო. ისევ და ისევ ჩემი შვილის გამო, დაბადების დღეებს, რომ ვუხდიდით სახლში ბავშვებს, დიდები ქეიფობდნენ და პატარები მაგიდის ქვეშ ეყარნენ, ვიფიქრეთ, რომ კარგი იქნებოდა, თავადვე შეგვემუშავებინა გასართობი პროგრამა და შეგვექმნა ასეთი ცენტრი. დაგვეთანხმნენ ეს ბიჭები და გავაკეთეთ დაბადების დღის ცენტრი, რომელიც 10 წელი ლიდერი, ხოლო 5 წელი ერთადერთი იყო ბაზარზე. სწორედ ამ დროს თარგმნა მაკამ ქართულად “Happy Birthday“ „რა ლამაზი დღეად“, რომელიც მერე გავრცელდა.
M: ვინ შექმნა ბასტისა და ბუბუს თოჯინები, როდის შეუერთდნენ მათ დანარჩენი, სხვადასხვა პროფესიის მქონე პერსონაჟებიც და ვინ იყვნენ გამხმოვანებლები?
ჩვენი ბასტი და ბუბუ, რომელიც გადაცემის დასაწყისშივე დავამზადებინეთ, „ბუდა-ბუდას“ შემქმნელმა, ირინა ბარანოვამ დაგვიხატა. ზუსტად მაშინ, თოჯინები რომ დამზადდა, მოხდა ყველაზე დიდი რევოლუცია, ჩვენი სამონტაჟოს კედლებსაც მოხვდა ტყვიები და ჩვენმა მიშა ბუკიამ, ჩახუტებულმა გადაარჩინა ისინი. დაახლოებით, 6 წლის შემდეგ კი ავისრულეთ და დანარჩენი თოჯინებიც გავაკეთეთ: დიჯეი გოგა და ხელოვნებათმცოდნე მელპომენე, რომელსაც უნიჭიერესი გოგა ხეჩინაშვილი ახმოვანებდა, კულინარი კოკო, რომელიც ჩვენი ბაბილინა, ნატო სულხანიშვილი იყო, ბიზნესმენი შანსო და ექიმი არდი, რომელსაც გოგიჩა (გიორგი გოგიჩაიშვილი) ახმოვანებდა, ბასტისა და ბუბუს ხმები კი, ანი ზვიადაძესა და თემურ კალანდაძეს ეკუთვნით.
მაგალითად, გვინდოდა, რომ საუკეთესო რეჟისორს გაეკეთებინა ჩვენთვის კლიპი და სანდრო ვახტანგოვს დავუკვეთეთ „რეტრო“. თემა იყო, რომ ბავშვები, მარტო რომ რჩებიან სახლებში, დედის ტანსაცმელებს იცვამენ და ქუსლებზე დგებიან და ისე თამაშობენ. ძალიან კარგი კლიპი გაკეთდა, პოპულარულიც გახდა, მაგრამ რატომღაც სხვანაირად გაიგო ეს საქართველომ, დაიწყეს პომადების წასმა, ქუსლიანი ფეხსაცმელების ჩაცმა ამ ბავშვებისთის, მოკლედ, ჩვენი ხუმრობა არასწორად გაიშიფრა. ასეთ რაღაცებზე მივხვდით, რომ ყველა კლიპის, სიმღერისა თუ ტექსტის წინ ძალიან ბევრი უნდა გვეფიქრა.
შემდეგ იყო ბასტი–ბუბუ ყველასათვის, რომელიც ეძღვნებოდა შშმ პირებს, ბავშვებს, რომლებიც დამალულები იყვნენ სახლებში იმიტომ, რომ მათ მშობლებს რცხვენოდათ მათი გამოჩენის. „თუ თუ თუს“ კლიპი არის ამ პროექტის სიმბოლო. ჩვენ მოგვიხდა ჩვენი სტუდიის ბავშვებისა და მათი მშობლების დატრენინგება, რადგან მათთვის შიშისმომგვრელი იყო ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა. თუმცა, საბოლოოდ, ჩვენი ამ მცდელობით, იმხელა სიყვარულისა და მზრუნველობის გაღვივება შევძელით სტუდიის ბავშვებში, მშობლები მიხვდნენ, რომ რეალურად, მათი შვილებისთვის უფრო სასურველი აღმოჩნდა ეს პროექტი, ვიდრე იმათთვის, ვინც ამ ამბის მეორე მხარეს იდგნენ.
M: რა პერიოდში გახდა ბრენდი ყველაზე პოპულარული?
ბასტი-ბუბუ და ვარსკვლავები – 10 წლის რომ გავხდით, ოცმა ცნობილმა ვარსკვლავმა ჩაწერა 20 საბავშვო ჰიტი. ეს სიმღერები დღემდე ყველაზე პოპულარულია ჩვენს რეპერტუარში, რადგან ამ პროექტით, საბავშვოდან საოჯახო ბრენდად გადავიქეცით.
ბასტი-ბუბუ დღეს
ბასტი-ბუბუს გუნდში დღეს უკვე 100-ნი ვართ. 3 წლის წინ, 1000-მდე ბავშვი გვყავდა, დღეს კი, დაახლოებით, 700 ბავშვი დადის ჩვენთან, რისი მიზეზიც სკოლებშივე გახსნილი მუსიკალური თუ ქორეოგრაფიული სტუდიებია.
ბასტი-ბუბუ წელს 26 წლის გახდება;
დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გაიხსნა „ბასტი ბუბუს“ ვარსკვლავი;
გვაქვს საბავშვო ტელევიზია BBB – მრავალფეროვანი სხვადასხვა ასაკისთვის გათვალისწინებული პროგრამებით – 3დან 7 წლამდე ბავშვებისთვის მუშაობს სტუდია „ბასტი-ბუბუ“, ხოლო 8- დან 12 წლამდე ბავშვებისთვის – BBB აკადემია. გარდა ამისა, გვაქვს ჰუმანური პედაგოგიკის საავტორო პროგრამით აგებული საბავშვო ბაღი; დაბადების დღეების პავილიონები „გლდანი მოლში“ და ფილიალი ბათუმში. ყოველწლიურად, კონცერტებს ვაწყობთ დიდ საკონცერტო დარბაზში. ასევე, ჩვენს ბრენდს ვამზადებთ უცხოეთში გასაყიდად.
ექსკლუზიურად, „მარკეტერისთვის“ გეტყვით, რომ თებერვლიდან ვიწყებთ ახალ მომსახურებას, „ბასტი-ბუბუ მშობლებისთვის“. ეს იქნება 1-3 წლის ბავშვებისთვის და მათი მშობლებისთვის მხიარული გაკვეთილები.
ბასტი-ბუბუს მომავალი
მომავალი იზრდება ჩვენთან – ვცდილობთ, არ დავკარგოთ მასთან კონტაქტი – ტელევიზიით, ცოცხალი კომუნიკაციით, წიგნითა თუ სხვა ხერხებით. ვფიქრობთ, ინტერნეტზე გადავიდეთ და ისეთი ფორმით გვქონდეს ადამიანებთან ურთიერთობა, რომ სურვილის შემთხვევაში, სტუდიაში მოყვანა აღარც კი იყოს საჭირო და ვთქვათ, ჩვენი პროგრამები ონლაინ იყოს ხელმისაწვდომი.
რაც შეეხება ჩვენს მიზანს, ის ნათელი და კვლავ უცვლელია – ბავშვებს ჰქონდეთ ბედნიერი ბავშვობა!
https://www.youtube.com/watch?v=Mjbst_zveqo














