in ,

რატომ არ აღმოჩნდა ბათუმი მზად დიდი რაოდენობის ტურისტების მისაღებად ?

სამშაბათს, 7 ივნისს, ბათუმის “საოცრებათა პარკში” ამერიკული ჯგუფის, Maroon 5-ის კონცერტი გაიმართა. ღონისძიება საქართველოს კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, პროექტ Check In Georgia-ის ფარგლებში ჩატარდა და მას 35 000 ადამიანი ესწრებოდა.  როგორც სოციალურ ქსელში განიხილავდნენ, ტურისტების დიდი ნაკადისთვის შესაბამისი მომსახურების გასაწევად ბათუმი სათანადოდ მზად არ აღმოჩნდა. შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით “მარკეტერთან” ტურიზმის სფეროს სპეციალისტებმა ისაუბრეს.

maia sidamonidzeსასტუმრო „ტერასა“-ს დამფუძნებლისა და მმართველის, მაია სიდამონიძის აზრით, ორგანიზატორებმა უფრო დიდი აქცენტი კონცერტის ორგანიზებაზე გააკეთეს და სხვა თანმდევი მოსამზადებელი სამუშაოები სათანადოდ ვერ შეასრულეს.

M: რა პრობლემების წინაშე აღმოჩნდა ბათუმი?

შეიქმნა სასტუმროებისა და რესტორნების, საკვები და სასმელი პროდუქტების დეფიციტი, სატრანსპორტო მოძრაობა იქნა პარალიზებული და ამას  ტურისტების დიდი უკმაყოფილება მოჰყვა. ასევე, აღნიშნულ პრობლემებს დაემატა არარეალური ფასები და დაბალი ხარისხის მომსახურება. კერძო სექტორის  უმრავლესობა მზად არ აღმოჩნდა გასაყიდი ფასების შესაბამისი ხარისხის მომსახურების გასაწევად.

M: როგორ ფიქრობთ, როგორ შეიძლებოდა ამ პრობლემების მოგვარება?

უნდა ყოფილიყო რეგულარული კომუნიკაცია არა მარტო სამთავრობო სტრუქტურებს შორის, აქ იგულისხმება კულტურის სამინისტრო, ბათუმის მერია, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, არამედ კერძო სექტორის ყველა წარმომადგენელთანაც. ინფორმაცია გაყიდული ბილეთებისა და მოსალოდნელი ნაკადის შესახებ უფრო გამჭვირვალე უნდა ყოფილიყო და წილი პასუხისმგებლობა ყველას აეღო საკუთარ თავზე.

M: რა ვისწავლეთ ამ შემთხვევიდან და როგორ შეიძლება გამოსწორება?

შეცდომებზე სწავლობენ და იმედია ჩვენც ვისწავლით და მომავლისთვის უკეთესად მოვემზადებით საჯარო და კერძო სექტორიც ისე, რომ ბიზნესმაც  სარგებელი ნახოს, ქვეყნის  იმიჯიც არ შეილახოსს და ვიზიტორებსაც ღირსეულად ვუმასპინძლოთ.  რაც მთავარია, ყველანი დავრწმუნდით, რომ ასეთი ღონისძიებები ვიზიტორების მოსაზიდად და ქვეყანაში ტურიზმის სტიმულაციისთვის აუცილებელია.

maroon 5

კეძო და სახელმწიფო სექტორის მოუმზადებლობაზე საუბრობს სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის პრეზიდენტი, – ქეთევან მელაძე, თუმცა ფიქრობს, რომ ეს ღონისძება რეგიონისთვის კარგი გამოცდილებაა: – „თბილისსა და აჭარას შორის უნდა შემდგარიყო კოორდინაცია და გათვლილი ყოფილიყო ყველაფერი. როდესაც 35 000 ადამიანს ელოდები, მეტი ორგანიზებულობაა საჭირო. სახელმწიფო სექტორის გარდა, უნდა მომზადებულიყო კერძო სექტორიც. მართალია, არ ვიყავით მზად, მაგრამ კარგია, რომ ვნახეთ ეს სიტუაცია. სამომავლოდ მეტად უნდა მოვემზადოთ და მივხვდეთ, თუ რაზე გავაკეთოთ აქცენტი.  სხვა მხრივ პრობლემას არ წარმოადგენს დიდი რაოდენობის სტუმრის განთავსება და მომსახურება, ვინაიდან აჭარას და კონკრეტულად ბათუმს, ამის შესაძლებლობა აქვს.

mamuka berdzenishviliაჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მამუკა ბერძენიშვილი აცხადებს, რომ შექმნილი სიტუაცია სავსებით ბუნებრივია ისეთი ქვეყნისა და კონკრეტულად აჭარის რეგიონისთვის, რომელმაც ბოლო 10 წლის მანძილზე დაიწყო ტურიზმის განვითარება და ინდუსტრიაში წარმატებულ სხვა ქვეყნებს ჯერ ვერ გაუთანაბრდება.

M:  რა პრობლემის წინაშე აღმოჩნდა ბათუმი ? 

მე არ ვფიქრობ, რომ რაიმე მასშტაბურ პრობლემებთან გვქონდა საქმე. არავის ჰქონია იმის ილუზია, რომ ასეთ ღონისძიებას ყოველგვარი ხარვეზების გარეშე გაუმკლავდებოდა. ზოგადად, მსგავსი დიდი ნაკადები ნებისმიერი ტურისტული მიმართულებისთვის გამოწვევაა და შესაბამისად, არც ჩვენ ვართ გამონაკლისი. ჩვენ არ გვაქვს ის შესაძლებლობები, რაც ზოგადად, ინდუსტრიის ძლიერი მოთამაშეებისთვისაა დამახასიათებელი. მსგავსი სახის პროექტები ფეხს ახლა იდგამს საქართველოში და ეს ჩვენი შესაძლებლობების გამოცდის კარგი საშუალებაა.

M: როგორ ფიქრობთ, რა გზებით შეიძლება გამოსწორდეს არსებული გამოწვევები?

დრო და გამოცდილებაა საჭირო, რომ მომავალში უფრო დიდ მასშტაბებს შევეჭიდოთ. ტურიზმის განვითარების 10 წლიანი პერიოდის ფონზე, ჩვენ შესაბამის განვითარების ფაზაში ვიმყოფებით.  ჩვენი შესაძლებლობების გასაზრდელად და ტურიზმის სფეროში გასაძლიერებლად მეტი მსგავსი პროექტის ჩატარებაა საჭირო. ეს ერთგვარი „ვარჯიშია“ და ვფიქრობ, ინდუსტრიის განვითარების პროცესი საკმაოდ  ბუნებრივად მიმდინარეობს. იმისთვის, რომ ტურიზმის განვითრების კუთხით უფრო მეტად ვიყოთ მზად, აუცილებლად უნდა განვითარდეს საგზაო ინფრასტრუქტურა, მეტი ტურიზმის სპეციალისტი უნდა გვყავდეს და მეტი პროფესიული გადამზადების მქონე მუშახელი დასაქმდეს სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, უფრო მალე და ეფექტიანად გადავლახავთ არსებულ გამოწვევებს.

თუ ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ ვართ ძლიერები ან სამომავლოდ ერთ-ერთი ძლიერი ტურისტული მიმართულება მსოფლიო ტურისტულ რუკაზე, მაშინ ჩვენ ეს პროცესი უნდა გავაგრძელოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, განვითარების პერსპექტივებსაც დავკარგავთ.



სოციალური Test Drive დევნილთა დასახმარებლად – Volkswagen–ის ინიციატივა

„უფრო ახლოს ინტერნეტთან“ – Geocell-ის ახალი პროექტი უფროსი თაობისთვის