in

მუსიკის მოყვარულთათვის – ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი 30 სექტემბერს საზეიმოდ გაიხსნება

ბათუმის კლასიკური მუსიკის ფესტივალი, 30 სექტემბრიდან – 8 ოქტომბრამდე, მუსიკის მოყვარულებთან ერთად მე-10 საიუბილეო სეზონს საზეიმოდ აღნიშნავს.

ტრადიციულად, 9 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ბათუმი კლა­სი­კუ­რი მუ­სიკის ეპიცენტრი გახდება და ზღვისპირა ქალაქს ჯადოსნური ჰანგები მოეფინება.

ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალს ეწვევა მსოფლიოში 20-ზე მეტი სახელგანთქმული სოლისტი, რომლებიც ბათუმის საფესტივალო ორკესტრთან ერთად მაყურებლის წინაშე წარდგებიან. აღსანიშნავია, რომ  ბათუმის სიმფონიური ორკესტრი ფესტივალისთვის მაესტრო დავით მუქერიას ხელმძღვანელობით შეიქმნა.

30 სექტემბერს ფესტივალი გაიხსნება დვორჟაკის მეცხრე სიმფონიით, რომელიც კლასიკური მუსიკის მონუმენტს წარმოადგენს. კონცერტს უდირიჟორებს ისლანდიელი მაესტრო გუდნი ემილსონი, რომელიც პირველად  ეწვევა საქართველოს.

მასთან ერთად გრანდიოზულ კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ცნობილი იტალიელი ფლეიტის ჯადოქარი, ჯუზეპე ნოვა, რომელიც ვერდის უკვდავი ნაწარმოების ტრანსკრიფციებს ააჟღერებს.

ასევე, ფესტივალის პირველი დღე გაიხსნება ამაზონის ტყეების უნიკალური ფოტოგამოფენით, რომელიც ასახავს მდინარისა და ტროპიკული ტყეების ექსკლუზიურ კადრებს. გამოფენის ინტეგრირება ფესტივალში შესაძლებელი გახდა საქართველოში ბრაზილიის საელჩოს ხელშეწყობით.

ფესტივალის მეორე დღეს, 1 ოქტომბერს, მსოფლიოში ცნობილი უკრაინელი პიანისტი,  ანა ფედოროვა პირველად წარდგება ქართველი მსმენელის წინაშე, ედუარდ გრიგის უკვდავი საფორტეპიანო კონცერტით.

საღამოზე გაჟღერდება ამადეუს მოცარტის შედევრი – სიმფონია N40 სოლ მინორი, რომელსაც უდირიჟორებს იტალიელი მაესტრო – პიეტრო ბორგონოვო.

ფესტივალის მესამე დღეს, 2 ოქტომბერს, ბათუმის მუსიკალურ ცენტრში აჟღერდება იუნესკოს მიერ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში შეტანილი უნიკალური აზერბაიჯანული მუღამი, ტაირ ბაირამოვის და სალმან გამბაროვის ოსტატური იმპროვიზაციებით.

ასევე გაიმართება ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა, რომლის მხარდამჭერია ჰეიდარ ალიევის ფონდი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის სამინისტრო და საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩო.

3 ოქტომბერს საიუბილეო ფესტივალზე ქველმოქმედებისთვის სამი თაობა გაერთიანდება ერთ სცენაზე.

რასტრაპოვიჩის რჩეული ქართველი დირიჟორი, დავით მუქერია, ვარსკვლავი კლარნეტისტი  ალექსანდრე ბედენკო და მსოფლიოში ცნობილი პიანისტი, ელისო ბოლქვაძე, კარლ მარია ვონ ვებერის, მოცარტისა და ჰაიდნის ჰანგებით მოაჯადოებენ მსმენელს!

კონცერტიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება „ფონდ სოლიდარობისთვის“, რომელიც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებისა ეხმარება.

ასევე ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს 11 მუნიციპალიტეტი: ბათუმი, ქობულეთი, ხელვაჩაური, შუახევი, სიღნაღი, მცხეთა, ყაზბეგი, ხაშური, საჩხერე, ხარაგაული და ფოთი, რომლებიც ააჟღერებენ მუსიკალურ ჰანგებს საქართველოს კუთხეებიდან.

4 ოქტომბერს კი ახალი თაობის ნამდვილი აღმოჩენა, უნიკალური ხმით დაჯილდოებული სომეხი მომღერალი არპინე ტერ პეტროსიანი მსმენელის წინაშე წარდგება.

ფესტივალის ფარგლებში განსაკუთრებული სტუმარი წელსაც იქნება ლეგენდარული მაესტრო მიშელ სონი, რომელიც საფორტეპიანო მასტერკლასებს ჩაატარებს ნიჭიერი პიანისტებისთვის.

5 ოქტომბერს კლასიკური მუსიკის დღესასწაულს გააგრძელებს ქართული საგუნდო მუსიკა და ზვიად ბოლქვაძის მონოდრამა „მედეას ვნებანი“.

6 ოქტომბერს ბათუმის მუსიკალური ცენტრის დიდ დარბაზში პირველად გაიჟღერებს  ქართულ და ლაზურ ენებზე  თურქული პოპულარული როკ-ჯგუფი  „მარსისი“, რომლებიც კავკასიური მუსიკის სპეციალური პრიზის მფლობელები არიან.

7 ოქტომბერი მომავალი ვარსკვლავების გალა კონცერტია. საერთაშორისო ფონდის SOS Talents-ის ლაურეატები ვირტუოზული პროგრამით გააოცებენ მუსიკის მოყვარულებს.

8 ოქტომბერს, ფესტივალის დასკვნით კონცერტს გამართავს ქართული ლეგენდა – სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ერისიონი“

ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი ფონდი „ლირას“ ორგანიზებით ტარდება. ფესტივალის დაარსების დღიდან, მისი მთავარი მისიაა ქვეყნის საერთაშორისო ცნობადობისა და კულტურული ინტეგრაციის ხელშეწყობა, ასევე ფესტივალი წარმოადგენს ახალგაზრდა ტალანტების მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმას.

ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი ერთადერთი კულტურული ღონისძიებაა საქართველოში, რომელმაც წელს მეექვსეჯერ მოიპოვა UNESCO-ს მაღალი პატრონაჟი და მიმდინარეობს საქართველოს სახელმწიფოს მხარდაჭერით.

პროგრამა ვრცლად: https://batumimusicfest.ge/programme/

ბილეთების შესაძენად გადადით ბმულზე: http://tkt.ge/BatumiBlackSeaMusicandArtFestival#BatumiBlackSeaMusicandArtFestival2023

#10წელიერთად

#batumimusicfest

[R]

Woolrich – ამერიკული სათავგადასავლო ტანსაცმლის ორსაუკუნოვანი ისტორია

„ადგილი საცხოვრებლად. წარმოსახვითი თბილისი” – თბილისი თანამედროვე ხელოვანების თვალით