მაისის ბოლოდან „ბათუმი-მოტო“ პოტენციურ მომხმარებლებს სხვადასხვა მომსახურებას შესთავაზებს.
მოტო-ტაქსი, მოტო-კურიერი, მოტო-ექსკურსია, მოტო-ივენთი, მოტო-რეკლამა და მოტო-რენტა ბათუმის მასშტაბით იქნება ხელმისაწვდომი. როგორ გაჩნდა ამ პროექტის იდეა, რა ეღირება თითოეული მომსახურება და რა იგეგმება სამომავლოდ – „მარკეტერი“ „ბათუმი -მოტოს“ ერთ–ერთ დამფუძნებელს დავით არძენაძეს ესაუბრა.
არასამთავრობო ორგანიზაციის „ახალგაზრდული ინიციატივების“ ერთ–ერთი პროექტის სტუდენტური ოლიმპიადის ფარგლებში შეირჩა 30 სტუდენტი. აქედან ჩამოყალიბდა 5 კაციანი ჯგუფები. ისინი გადაამზადეს პროექტებისა და ბიზნეს გეგმების შემუშავებისა და მართვის უნარებში. შენდეგ კი შეიმუშავეს სხვადასხვა პროექტები, ბიზნეს გეგმა. ერთ–ერთი სწორედ „ბათუმი მოტო“ იყო. მისი დამფუძნებლები, ჩემთან ერთად არიან: ანრი ბეჟანიძე, მელანო პაპიძე, მელანო აბაშიძე და დავით ფერტენაძე.
როდის დაიწყებთ მომხმარებლების მომსახურებას?
აპრილის ბოლოსთვის ველოდებით სკუტერებს. მიმდინარეობს უკვე მოლაპარაკებები მომწოდებელ კომპანიასთან. შემდეგ მოხდება პერსონალის შერჩევა, გადამზადება. პროექტის რეალიზება უკვე მაისის ბოლოსთვის იქნება შესაძლებელი.
რა სერვისებს მიიღებენ მომხმარებლები და რას გულისხმობს ისინი?
მოტო-ტაქსი, მოტო-კურიერი, მოტო-ექსკურსია, მოტო-ივენთი, მოტო-რეკლამა და მოტო-რენტა. მაგალითად, მოტო-რეკლამა ითვალისწინებს ჩვენი სატრანსპორტო საშუალების, მძღოლის ჩაფხუტების, მაისურების „დაბრენდვას“. მოტო-ივენთი საშუალებას აძლევს მსურველებს იქირაოს ჩვენი სკუტერები ესკორტის, ქორწილის ან ნებისმიერი სხვა ღონისძიებისთვის.
რა ეღირება თქვენი მომსახურება?
იაფი, რადგან, ზოგადად, ამ ბიზნესს დაბალი დანახარჯი აქვს. საუბარია მხოლოდ საწვავის ხარჯზე და მათ ანაზღაურებაზე, ვინც მართავს „სკუტერებს“. მაგალითად, მოტო ტაქსის ფასები უბნების მიხედვით იქნება დიფერენცირებული. 2 ლარიდან დაიწყება და მაქსიმუმი მაგალითად, ბათუმიდან მახინჯაურამდე იქნება 5 ლარი. 10 მოტოს ბრენდინრების, მათ შორის მძღოლის ჩაფხუტისა და მაისურებისაც, მთლიანი პაკეტის რებულება 2000 ლარი იქნება.
სულ რამდენი სატრასპორტო საშუალება გეყოლებათ და რამდენად უსაფრთხო იქნება, ვთქვათ, მოტო-ექსკურსიის ან მოტო-ტაქსის შემთხვევაში?
ამ ეტაპზე ვგეგმავთ 15 სკუტერის შემოყვანას. რაც შეეხება ადამიანურ რესურსს, შერჩევა სხვადასხვა კრიტერიუმების (უნდა ჰქონდეს მართვის მოწმობა, არ უნდა იყოს დაჯარიმებული სხვადასხვა ადმინისტრაციული ჯარიმით) მიხედვით მოხდება. ასევე გადავამზადებთ მათ, რომ ჩვენი მომსახურება მაქსიმალურად უსაფრთხო იყოს.
სერვისი მხოლოდ ბათუმში იქნება ხელმისაწვდომი და ეს რესურსი საკმარისი იქნება?
ამ ეტაპზე, რისკების დაზღვევის მიზნით, მეტი სატრანსპორტო საშაულება არ შემოგვყავს. ამ რესურსით კი თუნდაც, აჭარის სხვა კურორტებზე „გასვლა“ გაგვიჭირდება. საამისოდ არც ადამიანური და არც ფინანსური რესურსი არ გვაქვს. ყოველ შემხვევაში, ამ ეტაპზე ვაპირებთ, მხოლოდ ბათუმში შევთავაზოთ ჩვენი სერვისი. შემდეგ ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. შესაძლოა, საკურორტო სეზონის დროს ქობულეთში ამ მომსახურების შეთავაზებაზეც ვიფიქროთ. კიდევ უფრო სამომავლოდ, შესაძლოა, სხვა ქალაქებშიც ვცადოთ.
რა სეგმენტზე გაქვთ გათვლილი მომსახურება?
სეგმენტაცია უფრო ასაკის მიხედვით გვაქვს. პოტენციურ მომხარებლებად 13–30 წლამდე ახალგაზრდებს მივიჩნევთ. საქმიანობის ან საცხოვრებლის მიხედვით არ გაგვიკეთებია მათი სეგმენტაცია.
რატომ თვლით, რომ ეს მომსახურება გაამართლებს?
საწყის ეტაპზე 6 ტიპის ბაზრის კვლევა ჩავატარეთ. მათი ანალიზის საფუძველზე გამოჩნდა, რომ ჩვენს მომსახურებებს ეყოლება მომხმარებელი. მაგალითად, კომერციული და არაკომერციული ორგანიზაციებისთვის საინტერესოა მოტო კურიერის სერვისი. აქამდე საკუთარი რესურსებით ახორციელებდნენ ამას. ასევე ყვავილების მაღაზიებისთვის, კვების ობიექტებისთვის. უკვე რამდენიმე მსურველია საკუთარი რეკლამა განათავსოს მოტო-ტაქსზე. თუმცა, არიან სკეპტიკურად განწყობილი ადამიანებიც. ვფიქრობთ, ნელ–ნელა მათ გადარწმუნებასაც შევძლებთ.
თქვენი სერვისები სეზონურია. . .
ასეა. მაგალითად, მოტო-ტაქსის სერვისი ამინდზე იქნება დამოკიდებული. ასევე იქნება მოტო-ივენთების შემთხვევაში.
თუ აპირებთ ისეთი მომსახურების შეთავაზებას, რაზეც მოთხოვნა ზამთარშიც იქნება?
ამ ეტაპზე იდეის დონეზე განიხილება, მაგრამ გვაქვს ასეთი ვარიანტებიც. ეს არის „კარტინგების“ ან “Paint Ball”-ის სერვისი ჩვენი სატრანსპორტო საშუალებებით. რაც, რა თქმა უნდა, დახურულ სივრცეში იქნება. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. არადა, საჭიროა ყველა სეზონზე ვიმუშაოთ. ზამთარში რომ „გავჩერდეთ“, შემდეგი გაზაფხულიდან ფაქტობრივად ისევ თავიდან მოგვიწევს ბაზარზე შესვლა.
როგორ ფიქრობთ, რატომ აირჩევს მომხმარებელი თქვენი სერვისებიდან თუნდაც ერთს?
მიგვაჩნია, რომ ინოვაციური პროექტია. თანაც, ადამიანისთვის ყველაზე დიდი კაპიტალი დროა, მომხმარებლებს სწორედ მის დაზოგვაში დავეხმარებით. ამიტომ ჩვენი სერვისები იქნება სწრაფი, ამასთან დაბალი ღირებულების და, რა თქმა უნდა, ხარისხიანი.