არქიტექტურულმა კომპანია „ჩეპმენ ტეილორმა“ ბათუმირივიერას გენერალური გეგმის პროექტის პირველადი პრეზენტაცია გამართა. როგორც ცნობილია, „ჩეპმენ ტეილორი“ მსოფლიოში არქიტექტურული გეგმარების ერთ-ერთი ლიდერია და აქვს ამ სფეროში 60 წლის წარმატებული მუშაობის გამოცდილება. სწორედ ამ კომპანიის მიერ შემუშავებული პროექტის მიხედვით მოხდება „ბათუმი რივიერას“ განვითარება.
პროექტის პირველად ვარინატს აჭარის მთავრობა, თანაივესტირების ფონდი და „სილქ როუდ ჯგუფის“ ხელმძღვანელობა გაეცნო.
ბათუმის ცენტრში მდებარე 6 ჰექტრის ტერიტორიაზე პირველ ეტაპზე საცხოვრებელი ცათამბჯენი „სილქ თაუერი“ განთავსდება. ამავე ეტაპზე მოხდება იახტ კლუბის რეაბილიტიაცია.
კომპანია „ჩეპმენ ტეილორის“ დირექტორის, იან დიკემას, აზრით „ბათუმი რივიერას“ პროექტი უნიკალურია და მას ანალოგი მთელს რეგიონში არ აქვს. – „ჩვენს კომპანიას აქვს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მუშაობის გამოცდილება. „ბათუმი რივიერა“, ჩემი აზრით, ყველაზე საინტერესო პროექტია, რაზეც ბოლო წლების განმავლობაში გვიმუშავია. ეს არის მრავალფუნქციური პროექტი, რომელიც მოიცავს კომფორტული ცხოვრებისთვის საჭირო ყველა კომპონენტს. ის გამოირჩევა იმითაც, რომ ქალაქისთვის სტრატეგიული მდებარეობა აქვს. უშუალოდ ძველ ქალაქს და ბულვარს ჰარმონიულად ერწყმის უნიკალური თანამედროვე პროექტი, რომლის ანალოგიც არ არსებობს მთელს რეგიონში.“
აღნიშნული პროექტი საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება. ჯამური ინვესტიცია პროექტის პირველი ფაზის განვითარებაში 65 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, რაც გულისხმობს მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის და კომერციული ფართების მშენებლობას და იახტ კლუბის კეთილმოწყობას.
პროექტის კიდევ ერთი პარტნიორია კომპანია „ბათუმის იახტ კლუბი“, რომელიც “სილქ როუდ ჯგუფთან” ერთად ახორციელებს ნავსაყუდელის რეაბილიტაციას და იახტ კლუბის მართვის ვალდებულებას მინიმუმ 20 წლის ვადით კისრულობს. საწყის ეტაპზე იახტ კლუბის კეთილმოსაწყობად განხორციელდება 3 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია, რომელსაც „ბათუმის იახტ კლუბი“ და “სილქ როუდ ჯგუფი“ თანაბრად გაინაწილებენ.
„ჩვენი მიზანია ბათუმის ცენტრში შევქმნათ ახალი, თანამედროვე სტანდარტების, იახტ კლუბი და ჩვენს მომხმარებელს ყოვლისმომცველი მომსახურება შევთავაზოთ. ასეთი კლუბის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია ზღვისპირა ქალაქისთვის, რადგან ეს ხელს შეუწყობს მაღალშემოსავლიანი ტურისტების მოზიდვას. იახტ კლუბის კეთილმოწყობა 2 წელიწადში დასრულდება .“ – შიო ხეცურიანი – იახტ კლუბის დირექტორი.
საცხოვრებელი აპარტამენტამენტების და იახტ კლუბის გარდა პროექტი ასევე მოიცავს დამატებითი 2 ჰექტარის ფართობზე პარკის გაშენებას, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაში დარჩება და ბათუმის ბულვარის განუყოფელი ნაწილი გახდება. აჭარის მთავრობასთან მიღწეული შეთანხმებით პარკსმიენიჭება ლანდშაფტური ძეგლის სტატუსი, რაც იმას ნიშნავს, რომ პარკის ტერიტორიაზე გამოირიცხება ნებისმიერი ტიპის მშენებლობა. საერთო ჯამში, პარკი ერთიანი ლადშაფტური კონცეფციის ნაწილი იქნება და მის გეგმარებაზე „ჩეპმენ ტეილორი“ იმუშავებს. პროექტის საბოლოო ვარიანტი შეთანხმდება აჭარის მთავრობასთან და ქალაქის მერიასთან. პარკის სამომავლო მოვლა-განვითარებაზე „სილქ როუდ ჯგუფი“ იზრუნებს.
„ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ აღნიშნულ პროექტში ტერიტორიის გამწვანებას განსაკუთრებული ყურადღება მიქცეოდა. ბათუმის კლიმატური პირობები იძლევა ინტენსიურად გამწვანებული ინფრასტრუქტურის შეიქმნის შესაძლებლობას. გენერალურ გეგმაზე მუშაობისას მთავარი დავალება სწორედ ეს იყო, რომ საცხოვრებელი სახლები და მთელი მიმდებარე ტერიტორია მაქსიმალურად გამწვანებული იყოს და შესაბამისობაში მოვიდეს ქალაქის ცენტრალურ ნაწილთან: ბულვართან და ძველ ბათუმთან“ – გიორგი მარრი- სილქ როუდ ჯგუფის უძრავი ქონების პროექტების ხელმძღვანელი.
პროექტის მშენებლობა 2019 წელს დაიწყება, ხოლო პირველი ფაზის დასრულება 2021 წლისთვის იგეგმება.